აშშ-ის ელჩი ISFED-ის მხარდაჭერის შემდეგ „ოცნების“ განცხადებებს პასუხობს

პუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიან არჩევნებთან“ და 2020 წლის არჩევნების შემდეგ პოლიტიკურ პროცესებში საელჩოს როლთან დაკავშირებით ხელისუფლების ბრალდებებს გამოეხმაურა.

„ქართული ოცნების“ ლიდერის განცხადებაზე, რომ შოკისმომგვრელია, როცა საელჩო ISFED-ს უწოდებს სანდო ორგანიზაციას, ელჩი ამბობს, რომ საელჩო მტკიცედ დარწმუნებულია, რომ ისფედი პატივსაცემი და გამოცდილი სადამკვირვებლო ორგანიზაციაა.

„ამერიკის საელჩოს აქვს სრული ნდობა ისფედის მიმართ, რომელიც არის პატივსაცემი ორგანიზაცია. ეს ორგანიზაცია მონაწილეობდა საარჩევნო რეფორმების ჯგუფში, რომელსაც თავმჯდომარეობდა პარლამენტის ახლანდელი სპიკერი და რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა კანონმდებლობის შემუშავებაში. მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები და ანგარიშები არჩევნებთან დაკავშირებით, რომელთა მიხედვით არჩევნებში დაფიქსირდა სერიოზული დარღვევები, ე.წ. კარუსელი, დაშინება და ა.შ. როგორც არჩევნების დღეს, ასევე წინასაარჩევნო პერიოდში. ეს არჩევნები არც ერთმა ორგანიზაციამ არ შეაფასა როგორც სრულად სამართლიანი, ასე რომ, ეს დარღვევები არ არის ისფედის პასუხისმგებლობა.

რაც შეეხება გამოთვლებში შეცდომას, როგორც კი დაადასტურეს ეს შეცდომა, რომელიც არ იყო დიდი მნიშვნელობის, შეატყობინეს საზოგადოებას, ეს იყო გამჭვირვალე.

რაც შეეხება ისფედის ან ნებისმიერი ორგანიზაციის მონაწილეობა ამ პროცესში მნიშვნელოვანია და ამას ითვალისწინებს ევროკომისიის რეკომენდაციაც“, – თქვა დეგნანმა. [საელჩოს თარჯიმანის თარგმანი]

ელჩმა დეგნანმა ასევე უპასუხა ირაკლი კობახიძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ საელჩომ, რომელიც პოლიტიკური კრიზისის მედიატორი იყო, იცოდა, რომ ისფედის პარალელურ დათვლაში ხარვეზი იყო. კობახიძემ ასევე თქვა, რომ ისფედის მხრიდან pvt-ს შედეგების დამალვა რევოლუციურ სცენარს ემსახურებოდა.

„რა თქმა უნდა, ყველას აქვს თავისი მოსაზრების ქონის უფლება, თუმცა არ არსებობს რამე მტკიცებულება დამადასტურებელი ამისა, რაზეც იყო საუბარი. როგორც კი დადასტურდა ეს შეცდომა, ეცნობა საზოგადოებას. ეს იყო უმნიშვნელო შეცდომა და მისი წარმოჩენა, რომ ეს იყო რევოლუციური სცენარი და ა.შ. არის ფაქტების არასწორი ინტერპრეტაცია.

ყველამ, ვინც მონაწილეობდა მოლაპარაკების პროცესში, კარგად იცის, რომ ერთადერთი მიზანი იყო სიტუაციის დეესკალიზაცია და პარტიების პარლამენტში სამუშაოდ შესვლა“, – განაცხადა დეგნანმა. [საელჩოს თარჯიმანის თარგმანი]