აშშ-ის საელჩოს განცხადება ISFED-თან დაკავშირებით შოკისმომგვრელია ჩემთვის - კობახიძე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ 2020 წლის არჩევნების შემდეგ შედეგების გაყალბებაში იყო ჩართული, ევროკავშირის სტატუსის გამო გამართულ აქციებზე კი, მისი მტკიცებით, ISFED სხვა ორგანიზაციებთან ერთად ხელისუფლების გადადგომას მოითხოვდა, ამ ფონზე კი აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერა „ოცნებისთვის“ შოკისმომგვრელია.

„საელჩოს განცხადება ისფედთან დაკავშირებით,  როგორც თავად უყვართ ხოლმე თქმა, შოკისმომგვრელია ჩემთვის ერთი მარტივი მიზეზის გამო: ISFED ხმების პარალელური დათვლის გაყალბებაში აქტიურად იყო ჩართული. მისი მეშვეობით განხორციელდა გაყალბება, რაც იყო უმძიმესი ფაქტი და გახსოვთ, რა როლი შეასრულა ხმების პარალელური დათვლის გაყალბებამ 2020-ის არჩევნების შემდეგ. რადიკალური ოპოზიციისთვის ეს გახდა მაშინ მთავარი საყრდენი, რომ განეხორციელებინათ პარლამენტის საბოტაჟი. ეს იყო ძალიან მძიმე ფაქტი. ISFED მაშინ პირდაპირ იყო ჩართული იმ რევოლუციურ პროცესებში, რომელიც იყო მართული რადიკალური ოპოზიციის მხრიდან. ამის შემდეგ ჩვენ ვხედავთ ISFED-ს უკვე პარლამენტის წინ აღმართულ სცენაზე, სადაც გაისმის პოლიტიკური მოთხოვნა, მათ შორის, მათი მხრიდან, მთავრობის გადადგომასთან დაკავშირებით და შემდეგ უკვე ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებაზე. ISFED აქაც მოგვევლინა რევოლუციური პროცესის თანამონაწილედ.

როდესაც ამის შემდეგ, სრული ლუსტრაციის შემდეგ საელჩო ISFED-ს უწოდებს ყველაზე სანდო ორგანიზაციას და მის მიმართ გამოთქვამს ასეთ სურვილს, იყოს ჩართული სამუშაო პროცესში, ეს ჩვენთვის, ბუნებრივია, არის გასაკვირი.

საზოგადოება ისედაც არის გაურკვევლობაში მთელი რიგი ფაქტების გამო. საზოგადოება  ვერ ხვდება, როგორ შეიძლება პოლიტიკურ, რადიკალურ პროცესებში იყოს ჩართული ამერიკული დაფინანსებით NGO, როდესაც ამას ემატება ამერიკის საელჩოს ასეთი ტიპის განცხადებები, ეს, ბუნებრივია, საზოგადოებაში გაურკვევლობის ხარისხს კიდევ მეტად ზრდის“, – ამბობს კობახიძე.

მმართველი გუნდის ლიდერის თქმით, ორგანიზაციას უკვე შესთავაზეს, გამიჯვნოდა მთავრობის გადადგომის და ტექნიკური მთავრობის მოთხოვნას, რაც არ გააკეთეს და კობახიძე ამბობს, რომ ამით ცხადი გახდა, რომ ისფედს აქვს გამოხატული პოლიტიკური მიზანი რევოლუციურ პროცესებში მონაწილეობისა.

„ამის შემდეგ გამორიცხულია ISFED ჩაერთოს რომელიმე სამუშაო პროცესში“, – ამბობს კობახიძე.

18 აგვისტოს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას (ISFED) „ქართულმა ოცნებამ” უარი უთხრა საარჩევნო საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფში ჩართვაზე.

„ოცნებამ“ ისფედს პროცესში ჩართვა იმ პირობით შესთავაზა, თუ ორგანიზაცია პასუხს გასცემს შეკითხვას, ისევ იზიარებს თუ არა მთავრობის გადაყენების და ტექნიკური მთავრობის დაკომპლექტების მოთხოვნას.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას დისკრიმინაციული უწოდეს. საიამ, IDFI-მ, DRI-იმ და სოციალური სამართლიანობის ცენტრმა „ოცნების“ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობაზე დროებით უარი თქვეს.

გადაწყვეტილების შეცვლისკენ მოუწოდეს „ოცნებას“ საელჩოებმაც.

LB loan image desktop LB loan image mobile