ნაცვლად ეჭვების გამძაფრებისა, რომ PVT გაყალბდა არა ISFED-ში, არამედ სხვაგან, სჯობს, ყველა კითხვას გაეცეს პასუხი - კობახიძე აშშ-ის საელჩოზე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს პარტიის ცენტრალურ ოფისში მედიის ნაწილთან ინტერვიუს დროს ჰკითხეს „ოცნებიდან“ გასული დეპუტატების წერილზე, რომელიც 22 აგვისტოს გავრცელდა და რომელშიც ნათქვამია, რომ აშშ-ის საელჩომ წინასწარ იცოდა, რომ ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგები ხარვეზიანი იყო.

კობახიძე ამბობს, რომ ეს ინფორმაცია ორგანიზაციის მაშინდელმა ხელმძღვანელმა, ელენე ნიჟარაძემ დაადასტურა.

„ეს საზოგადოებას თავად ელენე ნიჟარაძემ უთხრა, რომელიც მაშინ ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი იყო. მან განაცხადა, რომ ნოემბრის ბოლოსთვის USAID უკვე ინფორმირებული იყო PVT-ის ცდომილებასთან დაკავშირებით. ეს ის ინფორმაციაა, რომელიც ორგანიზაციის მაშინდელმა ხელმძღვანელმა თავად გაავრცელა. აქედან გამომდინარე, ეჭვებიც აღარ არსებობს.

სამწუხარო ისაა, რომ ამ დროის განმავლობაში წარმოებდა მოდერაცია, ე.წ. ხელოვნური პოლიტიკური კრიზისის გარშემო. ეს მოდერაცია წარმოებდა საელჩოს მოდერაციით და სამწუხაროა, რომ ასეთ დროს, თუ უკვე იცოდა, და ელენე ნიჟარაძე ამბობს, რომ იცოდა საელჩომ ცდომილების შესახებ, ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება“, – ამბობს კობახიძე.

ირაკლი კობახიძე აცხადებს რომ, მაშინ ისფედის მიერ PVT-ში ცდომილების შესახებ ინფორმაციის მოგვიანებით გასაჯაროება იყო მიზანმიმართული გაყალბება.

„ბავშვები უნდა ვიყოთ, რომ სხვა რამის გვჯეროდეს“, – აცხადებს კობახიძე.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე იხსენებს 9 დეკემბერს აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან შეხვედრას, რომელზეც, მისი მტკიცებით, ამერიკული მხარე ხელისუფლებას არწმუნებდა, რომ ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგები უპრობლემო იყო, ამ შეხვედრიდან 2 დღეში კი ორგანიზაციამ PVT-ის ხარვეზი აღიარა.

„ჩვენს ლიდერებს, წარმომადგენლებს ჰქონდათ შეხვედრა ამერიკელ კოლეგასთან 9 დეკემბერს და მაშინ იქიდან ითქვა, რომ მათ გადაამოწმეს ყველაფერი და ყველაფერი იყო წესრიგში, უბრალოდ ორგანიზაციაში იყო არაკომპეტენტურობის პრობლემა და ამიტომ ვერ ასაბუთებდნენ ამას.

9 დეკემბერს ჩვენ გვითხრეს, რომ ყველაფერი იყო წესრიგში და 11 დეკემბერს ISFED-მა უკვე აღიარა სიყალბე, რომელიც იყო PVT-ში (ხმების პარალელური დათვლა). აქედან გამომდინარე, ჩნდება უკვე სერიოზული კითხვის ნიშნები, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს.

ნაცვლად იმისა, რომ ვიღაც ISFED-ს ესარჩლებოდეს და ამძაფრებდეს ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რომ PVT გაყალბდა არა ISFED-ში, არამედ სხვაგან, სჯობს, ყველა კითხვას გაეცეს პასუხი“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

დამაზუსტებელ შეკითხვაზე, ვისგან მიიღეს ინფორმაცია დასახელებულ დღეს, მმართველი გუნდის ლიდერი ამბობს:

„დღეს თავს შევიკავებ სახელისა და გვარის დასახელებისგან, თუმცა თუ იქნება ორმხრივი სურვილი, ჩვენ სახელს და გვარსაც დავასახელებთ, თუმცა იყო კონკრეტული შეხვედრა, რომელშიც ჩვენი ლიდერები მონაწილეობდნენ, მათ შორის იყო შალვა პაპუაშვილიც.  9 დეკემბერს ცალსახად ითქვა ამერიკული მხრიდან, რომ PVT იყო უპრობლემო. ორ დღეში ISFED-ს მოუწია PVT-ის გაყალბების აღიარება მარტივი მიზეზის გამო – ჩვენ ისინი კუთხეში მივაყენეთ, მარტივი მათემატიკით დავამტკიცეთ, რომ PVT სიყალბე იყო“, – ამბობს კობახიძე.

ხარვეზი ISFED-ის PVT-ში

2020 წლის 11 დეკემბერს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხმების პარალელური დათვლის (PVT) პირველადი, შიდა აუდიტის შედეგები გამოაქვეყნა.

ორგანიზაციამ აღიარა, რომ გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც, რისი გასწორების შედეგადაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა.

ორგანიზაციის განცხადებით, ამ სხვაობას გავლენა არ მოუხდენია არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე.

მანამდე ISFED-ის პარალელური დათვლით „ოცნების” მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა 45.8% იყო, კორექტირების შემდეგ 47.6%. სხვაობამ 1.8% შეადგინა.

25 დეკემბერს ორგანიზაციაში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელზეც მედიას ინფორმაცია მიაწოდეს ხარვეზისა და ორგანიზაციის მაშინდელი ხელმძღვანელის გადადგომაზე.

ISFED-მა განმარტა, რომ ეს იყო ადამიანური შეცდომა, რომელზეც პასუხისმგებლობა ეკისრებოდა ისფედს და NDI-ის ექსპერტებს.

ორგანიზაციის განმარტებით, ელენე ნიჟარაძემ თანამდებობა საზოგადოებასთან დაგვიანებული კომუნიკაციის გამო ორგანიზაციისთვის მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებლობის გამო დატოვა.

14 დეკემბერს ელენე ნიჟარაძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც „სამართლიანმა არჩევნებმა“ ხარვეზი აღმოაჩინა, ინფორმაცია პირველი მიაწოდა დონორ ორგანიზაციას, USAID-ს.


18 აგვისტოს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას (ISFED) „ქართულმა ოცნებამ” უარი უთხრა საარჩევნო საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფში ჩართვაზე.

„ოცნებამ“ ისფედს პროცესში ჩართვა იმ პირობით შესთავაზა, თუ ორგანიზაცია პასუხს გასცემდა შეკითხვას, ისევ იზიარებს თუ არა მთავრობის გადაყენებისა და ტექნიკური მთავრობის დაკომპლექტების მოთხოვნას.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას დისკრიმინაციული უწოდეს. საიამ, IDFI-მ, DRI-იმ და სოციალური სამართლიანობის ცენტრმა „ოცნების“ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობაზე დროებით უარი თქვეს.

„ოცნებას“ გადაწყვეტილების შეცვლისკენ მოუწოდეს საელჩოებმაც.