აშშ-ს სამხედროები არ უნდა იხოცებოდნენ ომში, რომელშიც ავღანელები თავად არ იბრძვიან - ბაიდენი

პუბლიკა

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ იცავს ავღანეთიდან ჯარის გამოყვანის შესახებ საკუთარ გადაწყვეტილებას, რომელიც 2021 წლის 14 აპრილს გამოაცხადა. ბაიდენმა თალიბანის მიერ ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის აღების შემდეგ პირველი განცხადება ცოტა ხნის წინ გააკეთა.

„20 წლის შემდეგ ჩემთვის ნათელია, რომ ჯარების გამოყვანისთვის კარგი დრო არასოდეს არის. სწორედ ამიტომ ვიყავით იქ ამ დრომდე“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ამასთან, ბაიდენის თქმით, ამერიკელი ჯარისკაცები არ უნდა იღუპებოდნენ იმ ომში, სადაც ავღანელ სამხედროებს არ სურთ იბრძოლონ.

„ავღანეთში მოვლენები იმაზე სწრაფად განვითარდა, ვიდრე ველოდებოდით. რა მოხდა? ავღანეთის პოლიტიკური ლიდერები ქვეყნიდან გაიქცნენ. ავღანეთის ჯარი ჩამოიშალა, ნაწილს ბრძოლა არც კი უცდია. ბოლო კვირაში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ უფრო ნათლად აჩვენა, რომ ამერიკის სამხედრო ჩარევის დასრულება ავღანეთში ახლა სწორი გადაწყვეტილება იყო. ამერიკელი ჯარისკაცები არ უნდა იღუპებოდნენ ომში, სადაც ავღანელ სამხედროებს საკუთარი თავისთვის ბრძოლა არ სურთ.

ტრილიონ დოლარზე მეტი დავხარჯეთ, ჩვენ გავწვრთენით და იარაღით მოვამარაგეთ ავღანური ძალები და შევქმენით ძალიან კარგად შეიარაღებული 300 000-იანი არმია, რომელიც უფრო დიდია, ვიდრე ბევრი NATO-ს მოკავშირე ქვეყნის შეიარაღებული ძალები“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ადამიანების უფლებები სამხედრო ოპერაციების ნაცვლად დიპლომატიით უნდა დავიცვათ:

„გავაგრძელებთ ავღანელი ხალხის დახმარებას, რასაც დიპლომატიის, საერთაშორისო გავლენების გამოყენებისა და ჰუმანიტარული დახმარებების სახე ექნება. ჩვენ გავაგრძელებთ რეგიონალური დიპლომატიის შენებისა და ჩართულობის პოლიტიკას, რათა თავიდან ავირიდოთ ძალადობა და არეულობა.

გავაგრძელებთ, რომ ხმამაღლა ვისაუბროთ ავღანელი ხალხის ძირეულ უფლებებზე, ქალებსა და გოგონებზე, როგორც ამას მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვაკეთებთ. არაერთხელ მითქვამს, რომ ადამიანების უფლებები ჩვენი საგარეო პოლიტიკის ცენტრი უნდა იყოს და არა პერიფერია, მაგრამ ამ მიზნის მისაღწევი გზა არა გაუთავებელი სამხედრო ოპერაციები, არამედ დიპლომატია, ეკონომიკური ბერკეტები უნდა იყოს, რომელშიც მთელი მსოფლიო უნდა ჩავრთოთ“, – ამბობს ბაიდენი.


გუშინ, 15 აგვისტოს, თალიბანის მებრძოლები ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში შევიდნენ. გუშინვე ქვეყანა დატოვეს პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტმა. ქალაქიდან უცხოელი დიპლომატები ევაკუირებულები არიან. Al Jazeera-მ გაავრცელა ფოტო-ვიდეომასალა, რომ თალიბებმა აიღეს პრეზიდენტის სასახლე.