აუტიზმის მქონე ბავშვის მშობელი ამბობს, რომ კანცელარიაში NGO-ებთან შეხვედრაზე არ შეუშვეს

პუბლიკა

ორგანიზაციის „ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ“ წარმომადგენელი, მარი კორკოტაძე მთავრობის ადმინისტრაციაში, ადამიანის უფლებების სტრატეგიის დოკუმენტზე გამართულ შეხვედრას ვერ დაესწრო.

შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციებთან ადამიანის უფლებების საკითხებში, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი მართავს, სადაც ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმას განიხილავენ.

მარი კორკოტაძის თქმით, ორგანიზაციის ოფიციალურ მეილზე მთავრობის ადმინისტრაციიდან მიიღო მიწვევა. კანცელარიის შენობასთან შეხვედრის დაწყებამდე, 10 წუთით ადრე მივიდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ მის სახელზე საშვი დაშვებული არ იყო.

„დღეს თათულაშვილი უნდა შეხვედროდა არასამთავრობო ორგანიზაციებს სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით. მეც მომიწვიეს და დავუდასტურე ორგანიზაციის მეილიდან დასწრება. მოვედი 10 წუთით ადრე და საშვი არ დაუშვეს ჩემზე, 40 წუთი ველოდებოდი და წამოვედი, აზრი აღარ აქვს. დაიწყო შეხვედრა, იცოდნენ, რომ მე იქ ვუცდიდი, მივმართე და ვთხოვე, რომ დაეშვათ ჩემზე საშვი და არ დაუშვეს.

ეს უკვე არის ჩემი დევნა, ასეთი მნიშვნელოვან შეხვედრაზე მიწვევენ, მოვდივარ და არ მიშვებენ შეხვედრაზე. ძალიან აღელვებული ვარ. ეს მოხდა მიზანმიმართულად, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ნიკო თათულაშვილმა იცოდა, რომ მას დავუსვამდი ძალიან კრიტიკულ კითხვებს და ამიტომ არ მომცა იქ შესვლის შესაძლებლობა“, – განუცხადა „პუბლიკას“ მარი კორკოტაძე.

განმარტებისთვის „პუბლიკა“ მთავრობის ადმინისტრაციას დაუკავშირდა. უწყების განმარტებას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

მარი კორკოტაძე აუტიზმის მქონე ბავშვის მშობელია, რომელიც არაერთი წელია საქართველოში აუტიზმის მქონე ბავშვების უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობს. სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა ორგანიზაციის საქმიანობის მთავარი სფეროა.

მარი კორკოტაძის შვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული „ბავშვის განვითარების ინსტიტუტის“ დახურვის შემდეგ, თერაპიის გარეშე დარჩა. მარი სხვა მშობლებთან ერთად მთავრობას სთხოვს, მოიძიოს ალტერნატიული ფართი, სადაც „ბავშვთა განვითარების ინსტიტუტის“ თანამშრომლები და ბენეფიციარები შეძლებენ გადასვლას, თუმცა ამ დრომდე მთავრობის ადმინისტრაციას კონკრეტული ნაბიჯები ალტერნატიული სივრცის მოსაძიებლად არ გადაუდგამს.

ვრცლად თემის შესახებ გაეცანით სტატიას.