სამი თვე თერაპიის გარეშე - მშობლები მთავრობისგან პასუხს ელოდებიან

პუბლიკა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დაქვემდებარებაში მყოფი ბავშვის განვითარების ინსტიტუტის მიერ თერაპიული მომსახურების შეწყვეტის შემდეგ, ცენტრის ბენეფიციარების ნაწილი თითქმის სამი თვეა, აუცილებელი სარეაბილიტაციო სერვისის გარეშე არიან დარჩენილნი.

25 სექტემბერს ცენტრის ბენეფიციართა მშობლებმა პრემიერ-მინისტრს შენობის გამოყოფის მოთხოვნით მიმართეს, რასაც მომდევნო დღეებში მოჰყვა პრემიერის ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში მრჩეველთან – ნიკო თათულაშვილთან შეხვედრა.

როგორც მშობელი მარი კორკოტაძე ამბობს, შეხვედრაზე მშობლებს თათულაშვილმა უთხრა, რომ მიმდინარეობს „ევექსთან“ მოლაპარაკებები და ასევე მიიღეს დაპირება მომდევნო შეხვედრის თაობაზე. თუმცა, როგორც მშობელმა „პუბლიკას“ უთხრა, 4 ოქტომბრიდან დღემდე შეხვედრა არ ჩანიშნულა. მშობლები მთავრობისგან პასუხს ელოდებიან.

„პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელს ავუხსენით, რომ ამ თერაპევტების დაქსაქსვა ვერ მოხდებოდა, რადგან ბავშვებისთვის უცხო გარემოსთან შეგუება არის ტრავმა და იმ გარემოში უცხო თერაპევტი რომ დახვდეს, ეს ორმაგი ტრავმაა მათთვის. ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ, თუკი ფართს ვერ მოგვცემენ ცენტრთან ახლოს, ანუ ამჟამინდელი ცენტრის ახლომდებარე ტერიტორიასთან,  მაშინ გადაგვიყვანონ იქ, სადაც გადაგვიყვანენ ყველა თერაპევტს ერთად. ნიკო თათულაშვილმა გვითხრა რომ „ევექსთან“ მიმდინარეობს მოლაპარაკება“, – ამბობს კორკოტაძე.

„პუბლიკა“ დაუკავშირდა მთავრობის ადმინისტრაციას, რათა მეტი ინფორმაცია მიეღო იმის შესახებ, თუ რა ეტაპზეა მოლაპარაკებები  და როდისთვის იგეგმება მშობლებთან შეხვედრის განახლება, თუმცა ამ კითხვებზე ადმინისტრაციისგან პასუხი ვერ მივიღეთ.

გადაწყვეტილება მომსახურების შეწყვეტის შესახებ უნივერსიტეტმა აკრედიტებული საექსპერტო კომპანიის დასკვნით ახსნა, რომლის თანახმადაც უნივერსიტეტის C კორპუსში სასწავლო-კვლევითი ან ნებისმიერი პროცესის წარმართვა საფრთხის შემცველია. მშობლები სხვადასხვა სარეაბილიტაციო ცენტრში ბავშვების განაწილებას არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, დადიოდნენ იმ გარემოსთან ახლოს, რომელსაც მიჩვეული იყვნენ და სერვისი უნდა მიიღონ იმ თერაპევტებისგან, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ მათთან.

საკითხს საწავლობს სახალხო დამცველის აპარატიც. ომბუდსმენმა საქმის შესწავლა საკუთარი ინიციატივით თერაპიული მომსახურების შეწყვეტის შესახებ ინფომრაციის გავრცელებისთანავე დაიწყო. აპარატის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქმისწარმოების ფარგლებში ომბუდსმენმა დეტალური ინფორმაცია გამოითხოვა თბილისის მერიიდან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და ჯანდაცვის სამინისტროდან. ამასთან, სახალხო დამცველის რწმუნებულები 19 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვივნენ და ადგილზე გაეცნენ ვითარებას.

რა მოიკვლია ომბუდსმენის აპარატმა, რა შეკითხვები ჰქონდათ შესაბამის უწყებებთან და რა რეკომენდაციები აქვთ, –  „პუბლიკა“ სახალხო დამცველის შშმ პირთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, ნინო ვალიკოვს ესაუბრა.

მისი თქმით, შესაბამისი უწყებებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია მიზნად ისახავდა, პასუხი გასცემოდა კითხვებს – რა გახდა მომსახურების შეწყვეტის მიზეზი? რამდენად ლეგიტიმური იყო მომსახურების შეწყვეტის საფუძველი? და რა გეგმა არსებობდა სერვისის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად?

ნინო ვალიკოვი ამბობს, რომ უნივერსიტეტიდან გამოთხოვილი ინფორმაცია მოიცავდა, როგორც სერვისის შეწყვეტის საფუძვლის დადგენას, ასევე გამოთხოვილი იყო დასკვნები შენობის ექსპლუატაციასთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაცია სერვისის შეწყვეტის მიზეზებზე და ბენეფიციარებისთვის სერვისის უწყვეტობის პერსპექტივაზე.

ის ამბობს, რომ ყველა ინფორმაცია, რომელიც გამოთხოვილი იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან, სრულად მიიღეს წერილობით. გარდა ამისა, ასევე ომბუდსმენის წარმომადგენლები ადგილზეც იმყოფებოდნენ არსებული სიტუაციის გასაცნობად. ომბუდსმენის აპარატმა შეგროვილი ინფორმაცია ბენეფიციართა მშობლებსაც გააცნო.

ნინო ვალიკოვი ამბობს, რომ ომბუდსმენის აპარატს საბოლოო დასკვნა აღნიშნულ საკითხთან მიმართებით ჯერ არ მიუღია.

აპარატმა 24 ოქტომბერს კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანია, მოხდეს კოორდინირებული მუშაობა სახელმწიფოს უწყებებს შორის, ვინაიდან მხოლოდ ცალკეული უწყება იქნება ეს ილიას უნივერსიტეტი თუ თბილისის მერია პრობლემას ვერ მოაგვარებს.

„სახელმწიფო უწყებები, მათ შორის ცენტრალურ დონეზეც, უნდა ჩაერთონ პროცესში, რათა მოხდეს სერვისის მაქისმალურად მიახლოებულ პირობებში გაგრძელება. იქ იგულისხმება ის, რომ არ მოხდეს ბენეფიციარების სრული დაქსაქსვა სხვადასხვა სერვისცენტრში; ასევე მოხდეს იმ თერაპევტებთან მაქსიმალურად მუშაობის გაგრძელება, რომლებთანაც თითოეული ბენეფიციარი წლების განმავლობაში მუშაობდა. ამ თერაპევტებმა ზუსტად იციან ამ ბენეფიციარების საჭიროებები. სერვისის მიწოდება ისევ ძველ სივრცეში ვეღარ გაგრძელდება, მაგრამ მნიშვნელოვანია, ერთიან სივრცეში მოხდეს მომსახურების გაგრძელება, როგორც ბენეფიციარების, ისე თერაპევტების თავმოყრა.

ამ კონკრეტულ სერვისს აქვს ის სპეციფიკა, რომ წლების განმავლობაში მეტწილად ერთი და იგივე თერაპევტები მუშაობდნენ ბენეფიციარებთან, აუტიზმის მქონე ბავშვებთან. აქ წარმოიშობა მიჯაჭვულობა. თუმცა, გარდა მიჯაჭვულობისა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ თერაპევტები რომლებიც მუშაობდნენ ინდივიდუალურად ბენეფიციარებთან, შემუშავებული ჰქონდათ ინდივიდუალური სარეაბილიტაციო გეგმა. მათ უკეთ იციან, ბავშვების საჭიროებები, განვითარების გეგმა. და აქვთ ხედვა, როგორ შეიძლება უკეთ გაგრძელდეს პროცესი“.

ნინო ვალიკოვი განმარტავს, რომ ომბუდსმენის აპარატში მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია, მოხდეს კოორდინირებული მუშაობა პრობლემის მოსაგვარებლად. სახელმწიფომ უნდა გასწიოს ძალისხმევა, რათა იმ თერაპევტების ჩართულობით, რომლებიც აქამდე ბენეფიციარებს მომსახურებას უწევდნენ,  ერთ სივრცეში გაგრძელდეს სერვისის მიწოდება.

„აქ საუბარი არ არის მხოლოდ დროში უწყვეტობაზე. იგულისხმება სერვისის ხარისხიც. და როდესაც ხარისხზე ვსაუბრობთ, აუტიზმის მქონე ბავშვების შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია თერაპევტებთან კავშირის არგაწყვეტა, ყოველ შემთხვევაში ტრანზიციის პროცესში ბენეფიციარი გარკვეულ საფეხურებს უნდა გადიოდეს და არ შეიძლება, რომ ერთიანად შეწყდეს სერვისი, რადგან ეს ბენეფიციარებისთვის ძალიან დიდ სტრესთანაა დაკავშირებული“.

ნინო ვალიკოვი ამბობს, რომ მათი ინფორმაციით სწორედ ამ მიმართულებით მიმდინარეობს სამუშაოები, თუმცა ჯერ საბოლოო შედეგი არ არის და ომბუდსმენის აპარატი თვალს ადევნებს, როგორ გაგრძელდება პროცესი.