მშობელი პრემიერს: მოგვეცით საბუთი და მოვითხოვთ თავშესაფარს განვითარებულ ქვეყნებში

პუბლიკა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობის ბაზაზე არსებული ბავშვის განვითარების ინსტიტუტის დახურვის შემდეგ, აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლებმა 2 კვირის წინ, 25 სექტემბერს, პრემიერ-მინისტრს შენობის გამოყოფის მოთხოვნით მიმართეს.

მშობლები სხვადასხვა სარეაბილიტაციო ცენტრში ბავშვების განაწილებას არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, დადიოდნენ იმ გარემოსთან ახლოს, რომელსაც მიჩვეულები იყვნენ და ასევე სერვისი მიიღონ იმ თერაპევტებისგან, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობენ მათთან.

მიმართვიდან ორი კვირის თავზე აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლების წარმომადგენელმა, მარი კორკოტაძემ სოციალურ ქსელში პრემიერის სახელზე მორიგი მიმართვა გამოაქვეყნა.

ის ამბობს, რომ მიმართვიდან 10 დღის განმავლობაში მათ არავინ შეხმიანებია ადმინისტრაციიდან, თავად რეკავდნენ ყოველდღე და მოითხოვდნენ შეხვედრას.

შეხვედრა 10 დღის თავზე, 4 ოქტომბერს, ჩაინიშნა და მას ნიკო თათულაშვილი და სამდივნოდან ერთი თანამშრომელი ესწრებოდა.

„პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელს ავუხსენით, რომ ამ თერაპევტების დაქსაქსვა ვერ მოხდებოდა, რადგან ბავშვებისთვის უცხო გარემოსთან შეგუება არის ტრავმა და იმ გარემოში უცხო თერაპევტი რომ დახვდეს, ეს ორმაგი ტრავმაა მათთვის. ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ, თუკი ფართს ვერ მოგვცემენ ცენტრთან ახლოს, ანუ ამჟამინდელი ცენტრის ახლომდებარე ტერიტორიასთან,  მაშინ გადაგვიყვანონ იქ, სადაც გადაგვიყვანენ ყველა თერაპევტს ერთად. ნიკო თათულაშვილმა გვითხრა რომ „ევექსთან“ მიმდინარეობს მოლაპარაკება“, – ამბობს კორკოტაძე.

მარი კორკოტაძის თქმით, 4 ოქტომბრის შემდეგ, ნიკო თათულაშვილის ინიციატივით, შეხვედრა ორშაბათს ჩაინიშნა, თუმცა მთელი დღის განმავლობაში კანცელარიიდან არავინ შეხმიანებიათ.

„ორშაბათს გავიდა მთელი დღე და არავინ არ დამირეკა ამ სამდივნოდან, ავდექი მერე და დავურეკე მე ამ ადამიანს, ვინც ესწრებოდა შეხვედრას, რადგან ნიკო თათულაშვილმა არ მომცა თავისი საკონტაქტო. თურმე, ის არ პასუხობს ზარებს და უნდა დავკავშირებოდი მის თანამშრომელს. დავუკავშირდი ამ ადამიანს და მეუბნება, რომ აი, დღეს თურქეთის ომბუდსმენია ჩამოსული, თურმე, საქართველოში და ბატონი ნიკო დაჰყვება მას.

დღესაც ექვსის ნახევარი დადგა და ისევ დავურეკე ამ ადამიანს და ისევ არაფერი არ არის. საუბარი არის აუტიზმის მქონე ბავშვებზე. ჯერ ასე რომ გვაიგნორებს მშობლებს, რაში წერია. ელემენტარულია, არ გვირეკავთ და არ გვეუბნებით, რომ აი, ახლა ისეთი ვიზიტი მაქვს, რომ ვერ შევძლებ დასწრებას. ჩვენ გვახვეწნინებთ იქეთ. მერე, როცა მკაცრად ველაპარაკე ამ ადამიანს, ასე არ შეიძლება-თქო, დამირეკა კიდევ და, თურმე, ახლა იწყებს ბატონი ნიკო „ევექსის“ კლინიკასთან ამ ყველაფერზე საუბარს. ბატონო? მართლა? რას მელაპარაკებით, აქამდე არ გაქვთ ეს ყველაფერი გარკვეული? თურმე, ბატონი ნიკოც ადამიანია და მასაც, თურმე, გონივრული დრო სჭირდება, რომ ამ პრობლემაზე მუშაობა დაიწყოს. კი არ დაუწყია, აწი უნდა დაიწყოს.

სახელმწიფო გვაქვს ჩვენ? სახელმწიფოა თუ ბოსელი? მივმართავ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მოგვიგვარეთ ეს პრობლემა. თქვენ ხართ ჩვენი არჩეული პრემიერი. საქართველოს მოსახლეობა გიხდის ხელფასს იმისთვის, რომ, როცა პრობლემა აქვს თუნდაც ერთ მოქალაქეს, ეს მოაგვაროთ. თუ არ შეგიძლიათ მოგვარება ან დატოვეთ თანამდებობა, ან საბუთი მოგვეცით მშობლებს, რომ თქვენ არაფერს აკეთებთ თერაპიების გარეშე დარჩენილი ბავშვებისთვის. დავტოვებთ ქვეყანას და წავალთ იმ განვითარებულ ქვეყნებში, სადაც ამ საბუთით თავშესაფარს მოგვცემენ ჩვენს შვილებს და ჩვენ.“ – ამბობს მარი კორკოტაძე.

„პუბლიკა“ მთავრობის ადმინისტრაციას დაუკავშირდა განმარტებისთვის. ადმინისტრაციიდან პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.