ავსაჯანიშვილი: ადვოკატმა გამყრელიძემ ნიკოლოზ ჯავახიშვილს საპროცესოს გაფორმება მოსთხოვა

პუბლიკა

ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა თქვა, რომ საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებულ, მოშიმშილე ნიკოლოზ ჯავახიშვილთან, რომელსაც ის იცავს, შევიდა ადვოკატი დავით გამყრელიძე და მას დანაშაულის აღიარება, სხვებისთვის „ხელის დადება” და საპროცესო შეთანხმების გაფორმება შესთავაზა.

ავსაჯანიშვილის თქმით, ეს ოჯახთან შეუთნახმებლად მოხდა.

საპროცესო შეთანხმების გაფორმებას პროკურორის შეთავაზება და ბრალდებულის მიერ დანაშაულის აღიარება სჭირდება.

ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა „პუბლიკას” მიაწოდა ნიკოლოზ ჯავახიშვილის წერილიც, რომელშიც პატიმარი მას წერს:

„ჩემთან 7 თებერვალს შემოსული იყო ვინმე დავით გამყრელიძე. გამეცნო, როგორც ადვოკატი, რომელიც არ იყო ჩემი ოჯახის მიერ დაქირავებული ან შემოგზავნილი. დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში მარწმუნებდა, მეღიარებინა ის დანაშაული, რომელიც არ ჩამიდენია და სხვებისთვის დამედო ხელი. რა თქმა უნდა, მან ჩემი დარწმუნება ვერ შეძლო. ასეთი არაკაცური საქიცელის ჩადენის და ტყუილად დანაშაულის თავზე დაბრალების, როცა მსგავსი არაფერი ჩამიდენია. არ ვიცი, რა მოტივაცია ჰქონდა ამ ადამიანს ან რა განზრახვა ამოძრავებდა”.

დავით გამყრელიძე გახდა გაზაფხულის საპროტესტო აქციების დროს 400-ლარიანი ჯებირის დაზიანებისთვის დაპატიმრებული ომარ ოკრიბელაშვილის ადვოკატი საქმის განხილვის ბოლო ეტაპზე.

საქმის რამდენიმეთვიანი განხილვის შემდეგ ომარ ოკრიბელაშვილს და 400-ლარიანი ჯებირის დაზიანების საქმეზე მასთან ერთად ბრალდებულ საბა მეფარიშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. მათ ბრალი აღიარეს – წარდგენილი 187-ე მუხლის მეორე ნაწილით და დაეთანხმნენ მათთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებას.

შეთანხმების მიხედვით, ისინი დამნაშავედ იქნენ ცნობილი ნივთის ჯგუფურად დაზიანებაში, მათ პენიტენციურ დაწესებულებაში 1 წლის და 6 თვის გატარება მოუწევთ, 1 წლით თავისუფლების აღკვეთა კი ჩაეთვლებათ პირობით მსჯავრად.

დავით გამყრელიძემ „პუბლიკას“ უთხრა, რომ ნიკოლოზ ჯავახიშვილთან შეხვედრა  სთხოვა ომარ ოკრიბელაშვილმა, რომელიც მისი „შინაურია“. გამყრელიძის თქმით, „ეს [ჯავახიშვილი] რომ შიმშილობდა, ომარს შეეშინდა, დამირეკა და მითხრა, ნახე და აუხსენი, რა ხდება და როგორ ვითარდება სამართლებრივი და იქნებ შემახვედრო“.

„ჩვეულებრივად შევახვედრე, ჩაეხუტნენ და თან დაველაპარაკე. ჩვეულებრივი ამბავია, რომ ბრალდებულს ჰკითხო ადვოკატმა, რა მიმართულებით გინდა, წაიყვანო [საქმე] – არ აღიარებ და ბოლომდე აწვები თუ გირჩევნია აღიარო, სასჯელის ნაწილი მოიკლო და შესაბამისად, გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება. ამას ველაპარაკები ყველას, ვისთანაც შევდივარ. ამაში რა არის დანაშაული, მე ვერ ვხვდები”. – ამბობს გამყრელიძე.

მისივე თქმით, თავად ნიკოლოზ ჯავახიშვილმა უთხრა, რომ „ვერ უღალატებს ბიჭებს, მაგრამ ამაზე იფიქრებს”.

„ამაზე იყო წამიერი საუბარი. მეთქი, რას ფიქრობ შენ, იმიტომ რომ ისე არ მოხდეს, რომ რისკები ვერ გათვალოთ. მე ველაპარაკე მას, როგორც ჩემი ოჯახის წევრს და შინაურს”. – ამბობს გამყრელიძე.

მან ასევე თქვა, რომ შეხვედრაზე ნიკოლოზ ჯავახიშვილის ოჯახს არ შეატყობინა, ვინაიდან მშობლები მის საქმეში ჩართული არ არიან, ხოლო „ნიკას შეყვარებული ყავს თუ საცოლე, არ ვიცი და არც მაქვს კონტაქტი. რახან შეყვარებულია, ალბათ, თვლის, რომ ოჯახის წევრია. არ ვიცი”.

გამყრელიძე ამბობს, რომ ნიკოლოზ ჯავახიშვილის დახმარებაში „კაპიკს არ იღებს” და ამას იმიტომ აკეთებს, რომ „ომარმა სთხოვა”.

დავით გამყრელიძემ ახსენა სტრასბურგის სასამართლოც.

„ომარს 5 ადვოკატი იცავდა. ყველანი არიან მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები. მე მიშასთან კი არ არ მაქვს ცუდი განწყობა, კაცო, როგორც პოლიტიკოსს პატივს ვცემ, ვაფასებ და ა.შ მაგრამ ეს ადვოკატები პოლიტიზდებიან. […] ჩვენ რომ ამაზე გვქონდა შოთა თუთბერიძესთან საუბარი, სტრასბურგში ვუჩივლებთო. ზუსტად იცოდა, რომ გამტყუვნდებოდა. სტრასბურგში ვუჩივლებო მერეო […]. სტრასბურგში შევიტან – ეგრე არ არის. სტრასბურგში ამიერკავკასიიდან რაც შედის [სარჩელები], 90% გაერთ ვარდება, არ იღებს სტრასბურგი ამ სარჩელებს. შეიძლება იღებს გახმაურებულ სარჩელებს, რომლებიც პოლიტიკასთან ახლოსაა, არის ამის საშუალება, მაგრამ 6 და 5 წელი უნდა ისხდნენ ეს ბავშვები მაგიტომ? აქ რომ არ იყოს საქმეში რეალური მტკიცებულებები, მე გარწმუნებთ […]. ამის ახსნა მინდა, რომ იცოდნენ ეს ამ ბავშვებმა”.

პუბლიკასთან” ლაპარაკში დავით გამყრელიძემ ახსენა გიორგი ოკმელაშვილიც, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 თებერვალს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ოკმელაშვილს პოლიციელზე თავდასხმაში ედება ბრალი. პატიმარი ბრალს არ აღიარებს.

„აგერ ოკმელაშვილს 5 წელი მისცეს. მისმა ცოლმა რჩევა მკითხა, ვურჩიე და არ გაითვალისწინა, როცა შეიძლებოდა, 2 წელზე ჩამოსულიყო ეს სასჯელი.

თუ ჩვენ ამას გავაპოლიტიზებთ, შეგვიძლია, მივაწვეთ ბოლომდე, მაგრამ მაშინ ეს ბიჭები გაიწირებიან.

თუ ვიწრო პოლიტიკური ინტერესების გამო ხალხის გაწირვა ვიღაცას აწყობს, წირავენ. არიან ასეთი ადვოკატებიც.

მე ყველანაირად ვცდილობ, რომ მაქსიმალურად გამოვიყენო არსებული სამართლებრივი გზები და ადამიანები გათავისუფლდნენ. ამის მერე უნდათ სამართლებრივად უბრძოლიათ, უნდათ, გასულან აქციაზე და ხელახლა ჩაუდენიათ რაღაც”. – თქვა დავით გამყრელიძემ.

გუჯა ავსაჯანიშვილმა „პუბლიკას“ უთხრა, რომ გიორგი ოკმელაშვილის ცოლის მიერ მისთვის მიწოდებული ინფორმაციით, დავით გამყრელიძე „აქტიურად უკავშირდებოდა მას“ და „პატიმრების ოჯახთანაც აქტიურად ლაპარაკობდა ამ ადამიანზე“, ამიტომ ავსაჯანიშვილს ამისთვის „ყურადღების მიქცევა სთხოვა“.