ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატები სასამართლოში დაკითხეს | რა კითხვები ჰქონდა პროკურატურას

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოში თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ე.წ. სატელიტის ფოტოების შესაძლო გაყალბების ნაწილში ოჯახის იურისტების, მიხეილ რამიშვილისა და ეკა ქობესაშვილის დაკითხვა დასრულდა.

რას ამბობენ დაკითხვიდან გამოსული ადვოკატები?

ადვოკატი მიხეილ რამიშვილი დღემდე დარწმუნებულია, რომ 18-დან 22 ივლისის პერიოდში თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანა იმ ადგილზე არ იდგა, სადაც ის სამართალდამცველებმა იპოვეს. მისი თქმით, სწორედ ამის დასამტკიცებლად წარადგინა თავის დროზე სატელიტის ფოტოებიც, რომელზეც, მისი მტკიცებით, ავტომანქანა არ ჩანდა.

დღეს კი უკვე, მას შემდეგ, რაც პროკურატურამ სატელიტის ფოტოების სავარაუდო გაყალბების საქმეზე სამართალწარმოებაც დაიწყო, რამიშვილი არ სცემს შეკითხვას პასუხს, სჯერა თუ არა რომ ეს ფოტოები გაყალბებულია.

„თქვენ გჯერათ, რომ ეს ფოტოები გაყალბებულია?“ – ჟურნალისტის ამ შეკითხვაზე რამიშვილი ამბობს: „მე მჯერა ერთი რაღაცის, რომ ავტომობილი იქ ნამდვილად არ იდგა, მე ამისი მჯერა. მაშინ დაამტკიცოს ჩვენმა პროკურატურამ და დამიდოს 18-22 ივლისამდე ნამდვილი ფოტოები და დავრწმუნდები, რომ ფურცხვანიძის მიერ მოტანილი სურათები არის ყალბი“.

რაც შეეხება მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაკითხვას, რამიშვილის თქმით, საუბარი მიდიოდა იქითკენ, ხომ არ იდგა ფოტოების გაყალბების უკან თავად რამიშვილი.

„იმ კითხვებზე გავეცი პასუხი, რაც ჩავთვალე საჭიროდ, დანარჩენი პროკურატურამ გადაწყვიტოს, რა იყო მნიშვნელოვანი. რა არის მათთვის მნიშვნელოვანი, ეგ ჩემთვის უმნიშვნელოა. კითხვები იყო შესაბამისი: რა რას ნიშნავდა, მიმართულება იქითკენ, მე ხომ არ შევუკვეთე, ხომ არ ვიცოდი, რომ სურათები იყო გაყალბებული და ხომ არ ვიდექი ამის უკან მე“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ დავით ფურცხვანიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში აპირებს წასვლას, საიდანაც ალტერნატიულ მტკიცებულებებს ჩამოიტანს იმის დასამტკიცებლად, რომ ბაჩალიაშვილის ავტომანქანა 18-დან 22 ივლისამდე მისი პოვნის ადგილზე არ იდგა. მისი თქმით, პროკურატურა ცდილობს, ამ ყველაფერს ხელი შეუშალოს.

დაკითხვიდან გამოსული მეორე იურისტი, ეკა ქობესაშვილი ამბობს, რომ სატელიტის ფოტოების შესახებ ინფორმაცია მიხეილ რამიშვილისგან მიიღო და იცოდა, რომ რამიშვილის ჰყავდა წყარო, რომელიც ფოტოების ავთენტურობაზე პასუხისმგებლობას იღებდა. მან დაკითხვის პროცესი დროის კარგვად შეაფასა.

„პროცესს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატთა უფლებადაცვის კომიტეტის წევრები ესწრებოდნენ, ისინი ჩემი წარმომადგენლები იყვნენ. მათ არაერთი შუამდგომლობა და დარღვევაზე მითითება ჰქონდათ პროცესთან დაკავშირებით. დარღვევა ძირითადად ეხებოდა იმას, რომ პროკურატურას ჩემი საქმიანობის საიდუმლოება აინტერესებდა, როდის დავუკავშირდი ბაჩალიაშვილის ოჯახს, როდის ჩავერთე და რა საუბრები გვქონდა საქმესთან დაკავშირებით მე და მიხეილ რამიშვილს. ამასთან დაკავშირებით იყო ჩვენი პროტესტი, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. პროკურატურა მაქსიმალურად ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს, რომ არანაირი ფოტო არ არსებობს და წარმოდგენილი ფოტოები ყალბია. პროკურატურა მაქსიმალურად ცდილობს ზეწოლა განახორციელოს მიხეილ რამიშვილზე და ამ საქმეზე ბრძოლის შესუსტება მოხდეს“, – განაცხადა ეკა ქობესაშვილმა.

რა თქვა პროკურორმა ადვოკატების დაკითხვის შემდეგ?

მარტივ, დასაბუთებულ და სამართლიან პოზიციას თქვენ ამ საქმეზე ძალიან მალე გაიგებთ“, – ამბობს პროკურორი დავით გუმბერიძე, რომელმაც აღნიშნა, რომ ის ინფორმაცია, რომელიც მიხეილ რამიშვილის ტელეფონში ფიქსირდება, ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ  შესაძლებელია, ადვოკატი ინფორმირებული იყო, რომ ფურცხვანიძე, გარკვეულწილად, არასწორ და ცრუ ინფორმაციას უგზავნიდა.

გუმბერიძემ აღნიშნა, რომ კითხვები ეხებოდა მხოლოდ და მხოლოდ მტკიცებულებების შესაძლო ფალსიფიკაციის ნაწილს.

„უმეტესი კითხვა, რაც ფურცხვანიძეს უკავშირდებოდა, რამიშვილმა დაგვიდასტურა ის ინფორმაცია, რაც მის ტელეფონში, „ვოთსაფში“ იყო განთავსებული. თუმცა იყო ძალიან ბევრი კითხვა, რაც არ ახსოვდა – 10-15 სექტემბრის, ახლო პერიოდის მიმოწერა, მნიშვნელოვან მტკიცებულებებზე… ჩემ მიერ დასმულ შეკითხვაზე, გაეცნო თუ არა იმ 6 სურათს, რამიშვილმა გვიპასუხა, რომ „არ ახსოვს“.

დაკითხვა ჩატარდა დაძაბულ გარემოში, იმიტომ რომ ბატონი მიხეილი ცდილობდა კითხვებზე პასუხის თავის არიდებას და განგებ აჭიანურებდა და ძაბავდა სიტუაციას ემოციური გამოსვლებით. ეს ქცევა არ არის ქცევა, როდესაც ვკითხავთ ადვოკატს. მეტი ვალდებულება გააჩნია, მით უმეტეს, როდესაც დაზარალებულის ადვოკატს წარმოადგენს, ითანამშრომლოს გამოძიებასთან და თუ ვინმემ ყალბი ინფორმაცია და მტკიცებულება გადასცა, მიაწოდოს ჩვენება გამოძიებას. ამის მიუხედვად, ჩვენი დაკითხვისას დაზუსტებული იქნება ბევრი მნიშვნელოვანი გარემოება“, – ამბობს გუმბერიძე.


თბილისის საქალაქო სასამართლოში თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატების, ეკა ქობესაშვილისა და მიხეილ რამიშვილის მხარდასაჭერად ადვოკატთა კორპუსის წარმომადგენლები შეიკრიბნენ და მათ მხარდაჭერა გამოუცხადეს. ისინი ამბობენ, რომ მიხეილ რამიშვილის ტელეფონის ჩამორთმევა ადვოკატის საქმიანობაში ჩარევაა.

საქალაქო სასამართლოში ასევე მივიდნენ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები.

„ჩემთვის გამოძიების ვერსია სარწმუნო იმ შემთხვევაში იქნება, თუკი, საპირისპირო ფოტომასალას დამიდებენ სატელიტიდან და ფოტოზე იქნება თამარის მანქანა. მაშინ ხელებს ავწევ, საჯაროდ ვაღიარებ, რომ ჩემმა შვილმა თავი მოიკლა და ვიგლოვებ შვილს“, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.


პროკურორმა დავით გუმბერიძემ განაცხადა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის ტელეფონიდან ინფორმაციის გამოთხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოხდა. პროკურორის თქმით, მიხეილ რამიშვილის ტელეფონში აღმოჩნდა ინფორმაცია, როგორც დავით ფურცხვანიძესთან კომუნიკაციის ნაწილში ასევე სატელიტის ფოტოები. ამის გამო მიხეილ რამიშვილის მობილური ტელეფონი ჩამოართვეს.

ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში მისი ტელეფონიდან სატელიტური ფოტოებისა და დავით ფურცხვანიძესთან კომუნიკაციის ნაწილში ინფორმაციის გამოთხოვის პროცედურა გუშინ მიხეილ რამიშვილმა პროტესტის ნიშნად დატოვა, რადგან მიაჩნდა, რომ გამოძიება მის პირად სივრცეში შეიჭრა. მოგვიანებით, მისი ამ განცხადების საპასუხოდ, პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნავდა, რომ რამიშვილის ტელეფონიდან პროფესიული საქმიანობისა და სხვა კონფიდენციალური ინფორმაციის გამოთხოვა არ მომხდარა.