ბაჩიაშვილი: ივანიშვილი შეპყრობილი იყო თავისი მოკვდაობით, მასთან ვუდუს ოსტატი ცხოვრობს

პუბლიკა

თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელთან, გიორგი ბაჩიაშვილთან გამოცემა The Guardian-მა დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე ინტერვიუ ჩაწერა.

ბაჩიაშვილი ინტერვიუში თავის ბრალდებასა და ბიძინა ივანიშვილზე საუბრობს.

ბაჩიაშვილის თქმით, ივანიშვილს ზვიგენები და დელფინები ჰყავს. ასევე, ამბობს, რომ უძველესი, მაღალი ხეების მოჭრა ივანიშვილისთვის „სასიცოცხლო ენერგიის წყაროა“.

მისივე თქმით, ივანიშვილი „შეპყრობილია თავისი მოკვდაობით“ და მასთან ცხოვრობს ე.წ. ვუდუს ოსტატი, იულია კრუშანოვა.

„[ივანიშვილი] შეპყრობილი იყო თავისი მოკვდაობით. ექსპერიმენტულ, გიჟურ პროცედურებს იტარებს, როგორებიცაა ღეროვანი უჯრედების გადანერგვა და გიჟური ვუდუს ხრიკები. მისი ვუდუს ოსტატი, იულია კრუშანოვა, მასთან ცხოვრობს“, – ამბობს ბაჩიაშვილი.

კრუშანოვა, რომელიც საკუთარ თავს „დაბერების საწინააღმდეგო მედიცინის სპეციალისტს“ უწოდებს, გავრცელებული ინფორმაციით, რუსი დაზვერვის ოფიცერზეა დაქორწინებული, თუმცა The Guardian წერს, რომ ამ ფაქტს დამოუკიდებლად ვერ ადასტურებენ.

გამოცემის ინფორმაციით, ივანიშვილის ადვოკატმა უარყო, რომ მასთან „ვუდუს ექიმი“ ცხოვრობდა.

მან თქვა: „ბაჩიაშვილის ეს განცხადებები აბსურდულია. გარწმუნებთ, რომ მასთან არცერთი ექიმი არ ცხოვრობს, მით უმეტეს „ოკულტური“ გადახრებით და არანაირი ექსპერიმენტები არ ტარდება“.

კრუშანოვამ კომენტარის გაკეთებაზე The Guardian-ის მოთხოვნას არ უპასუხა.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, გიორგი ბაჩიაშვილი 26 მაისს დააკავეს. უწყება წერს, რომ მათთვის „ანონიმური შეტყობინებით ცნობილი გახდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა“.

ე.წ. „ბიტკოინების საქმეზე“ გიორგი ბაჩიაშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

4 მარტს ბაჩიაშვილმა განაცხადა, რომ 2 მარტს ქვეყანა დატოვა.

„ბიტკოინების საქმის“ გარდა, გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კიდევ 2 საქმეზე აქვს წარდგენილი. ერთი საქმე ეხება „მტკვარი ჰესს“. პროკურატურის მტკიცებით, ბაჩიაშვილმა არაეფექტიანად მართა საინვესტიციო პროექტები და აქტივები, არ მიიღო ზომები რისკების აღმოსაფხვრელად. მეორე ბრალდება კი საზღვრის უკანონო კვეთას.