ბაჩიაშვილს პოლიტიკური მრწამსის გამო სახელმწიფო აპარატით ესხმიან თავს - ადვოკატი

პუბლიკა

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის უფლებადამცველი საერთაშორისო იურიდიული ფირმის Amsterdam & Partners-ის დამფუძნებლის თქმით, ბაჩიაშვილის წინააღმდეგ ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულია.

რობერტ ამსტერდამმა, რომელიც ბაჩიაშვილის ადვოკატია, განცხადებაში დაწერა, რომ Amsterdam & Partners ბაჩიაშვილის საერთაშორისო მრჩეველი იქნება.

„გიორგი ბაჩიაშვილი არის ძალიან წარმატებული მეწარმე, უნაკლო რეპუტაციით. მას ახლა პოლიტიკური მრწამსის გამო ესხმიან თავს სახელმწიფო აპარატით, რომელსაც ძარცვის ინსტრუმენტად ბოროტად იყენებენ. ეს ბრალდებები სირცხვილია ქვეყნისთვის და ჩვენ ვაპირებთ დავიცვათ ჩვენი კლიენტი ყველა ხელმისაწვდომი ზომით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ჩვენს ადვოკატთან ერთად საქართველოში და საერთაშორისო დონეზე“. – აცხადებს რობერტ ამსტერდამი.

დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებულს, თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელ გიორგი ბაჩიაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 2 500 000 ლარის ოდენობით შეუფარდა.

პროკურატურა გირაოს სახით სამი მილიონი ლარის შეფარდებას მოითხოვდა.

სახელმწიფო ბრალდება თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ბიტკოინის მითვისებას ედავება.

გიორგი ბაჩიაშვილი აცხადებს, რომ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავეს არ ცნობს.