ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი 20 თებერვალს გაიმართება

პუბლიკა

ბადრი ესებუას საქმეზე ზუგდიდის საქალაქო სასამართლოში სხდომა 20 თებერვალს, 15:00 საათზე გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია ბადრი ესებუას ადვოკატმა ტელეკომპანია „ფორმულას“ უთხრა.

„როგორც იცით არის დაკავებული, შესახელბულია N2 განყოფილებაში. მის მიმართ აღკვეთი ღონისძების სახით პატიმრობა იყო გამოყენებული, პროცესი არის ჩანიშნული 20 თებერვალს,  სადაც გაგრძელდება ჩვეულებრივ სასამართლო განხილვა და მოიყვანენ დაკავებულს, “- ამბობს იოსებ ჯანაშია.

როგორც ადვოკატი ამბობს, ბადრი ესებუას საქმეზე სამი მოწმე იყო მხოლოდ დაკითხული, ახლა კი როგორც იცის სხვა მოსამართლემ უნდა განიხილოს საქმე და თავიდან დაიწყება ბადრი ესებუას საქმის არსებითი განხილვა.  ადვოკატი ასევე ამბობს, რომ მას ჯერ დაკავებული არ უნახავს.


შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბადრი ესებუაა დღეს დააკავეს.

2020 წლის 21 ოქტომბერს,  დღის სამ საათზე, ზუგდიდის ცენტრში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში მძარცველი შეიჭრა, მძევლები აიყვანა და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ ნახევარი მილიონი მოითხოვა. თავდამსხმელმა რამდენიმე მძევალი გაათავისუფლა, ბოლოს კი შენობა ხელყუმბარით ხელში, ორ მძევალთან, სამხარეო პოლიციის უფროსსა და თანხასთან ერთად დატოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ გაავრცელა განცხადება, რომ ყველა მძევალი თავისუფალია და მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამნაშავე იდენტიფიცირებულია და ის ყოფილი სამხედრო ბადრი ესებუაა. ის ამ დრომდე არ დაუკავებიათ.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა ტარებას გულისხმობს.