ბალდის კანიონის მცველებზე თავდასხმის საქმეზე ბრალი 2 თავდამსხმელს და 1 აქტივისტს წარუდგინეს

პუბლიკა

ბალდის კანიონის კარავში თავდასხმის საქმეზე ბრალი 2 თავდამსხმელს და 1 აქტივისტს წარუდგინეს.

პროკურატურა აცხადებს, რომ მარტვილის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ძალადობის და მუქარის ფაქტებზე ძმებს, გელა და გიგა ხურცილავებს და კანიონის დამცველ აქტივისტს, ინდიკო ბჟალავას ბრალი წარუდგინა.

უწყება წერს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, 11 ივნისს, მარტვილის სოფელ ბალდაში კანიონის მშენებლობასთან დაკავშირებით წარმოშობილი უთანხმოების გამო, ინდიკო ბჟალავამ გელა ხურცილავას მეუღლეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

პროკურატურა წერს, რომ განაწყენებული გელა ხურცილავა შურისძიების მოტივით, ძმასთან გიგა ხურცილავასთან ერთად სანადირო ცეცხლსასროლი იარაღით და დანით შეიარაღებული გაემართა ინდიკო ბჟალავას და მისი თანამოაზრეების მოსაძებნად, რა დროსაც გზად შეხვდა დაპირისპირებული მხარის წარმომადგენლებს და მათ სანადირო თოფის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, ასევე ერთ-ერთ მათგანს – მ.ბ.-ს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

უწყების განცხადებით, დაზარალებულს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად სიცოცხლე შეუნარჩუნდა.

მოგვიანებით, გელა ხურცილავა ძმასთან ერთად ბალდაში, კანიონის მშენებლობასთან დაკავშირებით შეკრებილ, მასთან დაპირისპირებულ მხარესთან მივიდა, სადაც ასევე დანის გამოყენებით მოქალაქეებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და ერთ-ერთ მათგანს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა.

გელა ხურცილავას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა), სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად) და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიგა ხურცილავას ბრალდება 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინა, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ინდიკო ბჟალავას ბრალდება სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა) წარედგინა, რაც 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით – პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.