„ასეთი „ბანკებით” სირბილს ურჩევნია, შეეშვას კოკაინს, ეს არის მნიშვნელოვანი მისი ჯანმრთელობისთვის”, – პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარტია „საქართველოსთვის” ლიდერის გიორგი გახარიას ნარკოტესტის შედეგებს ეხმაურება.
„მთელ ევროპაში არის ერთადერთი კლინიკა, რომლის სახელსაც უკავშირდება პოლიტიკური სკანდალი. ეს არის იუშენკოს სკანდალი, როდესაც კლინიკის მთავარი ექიმი გადადგა თანამდებობიდან იმის გამო, რომ მენეჯმენტს დაუპირისპირდა. მენეჯმენტი მას სთხოვდა, კვლევის შედეგების გაყალბებას.
მაინცდამაინც ამ კლინიკაში გააგზავნა საკუთარი „ბანკა” (როგორც თავად ამბობს ხოლმე). ეს, ბუნებრივია, ყველაფერზე მეტყველებს. ასეთი „ბანკებით” სირბილს ურჩევნია, შეეშვას კოკაინს, ეს არის მნიშვნელოვანი მისი ჯანმრთელობისთვის”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
„ანალიზის შედეგმა ნარკოტიკის მოხმარების კვალი არ აჩვენა“ – წერია პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში. მისივე თქმით, თმის ნიმუშის კვლევის პასუხები კი რამდენიმე დღეში იქნება ცნობილი.
„თმის ნიმუშის კვლევის პასუხამდეც რამდენიმე დღე დარჩა. ვენის წამყვან ჰოსპიტალში „RUDOLFINERHAUS“ ჩატარებული ექსპერტიზის დეტალური კვლევების შედეგად, არანაირი ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება არ დადასტურდა. #დებატებიდაიდოს“, – წერს გახარია Facebook-ზე.
გახარიამ 13 სექტემბერს განაცხადა, რომ „ოცნების” ბოსების” მიერ მზადდებოდა პროვოკაცია მის ნარკოტესტირებასთან დაკავშირებით. როგორც მან აღნიშნა, ამის გამო მან გადაწყვიტა, რომ ნარკოტესტი ევროპის ერთ-ერთ ლაბორატორიაში გაიკეთოს.