მზადდებოდა პროვოკაცია ნარკოტესტთან დაკავშირებით, რომელიც მე უნდა გამეკეთებინა - გახარია

პუბლიკა

„ჩვენ გვაქვს უტყუარი ინფორმაცია პირაპირ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროდან იმ პროვოკაციის შესახებ, რომელიც მზადდებოდა „ოცნების” ბოსების მიერ დაგეგმილ ტესტირებასთან დაკავშირებით, რომელიც უნდა გამეკეთებინა მე”, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ ნარკოტესტირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამის გამო ის ნარკოტესტს ევროპის ერთ-ერთ ლაბორატორიაში გაიკეთებს და არავის მისცემს ამ საკითხით სპეკულაციების შესაძლებლობას.

„იმისთვის, რომ არ მივცეთ არავის ასეთი სპეკულაციების გაგრძელების შესაძლებლობა, მე არ ჩავატარებ ამ ტესტს აქ კომერციულ ლაბორატორიებში, არამედ დავკარგავთ ერთ უაღრესად მნიშვნელოვან დღეს საარჩევნო კამპანიაში, გავფრინდებით ევროპაში, საერთაშორისო ლაბორატორიაში, სადაც ჩავაბარებ თმის ანალიზს, რომელიც არის ყველაზე უტყუარი და დროში ინახავს მონაცემებს, ამ ანალიზის პასუხი გვექნება ორ კვირაში, რომელიც იქნება საჯარო”, – განაცხადა გახარიამ.


თბილისის მერმა, კახა კალაძემ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში 6 სექტემბერს ნარკოტესტი ჩააბარა. მან ასევე მოუწოდა ყველა კანდიდატს, გააკეთონ ანალოგიური და საზოგადოებას წარუდგინონ შედეგები.