ბატონმა გრიგოლმა პარტიაში მოიტანა ბევრი რამ და არ წაუღია არაფერი - რომან გოცირიძე

პუბლიკა

„ბატონმა გრიგოლმა პარტიაში მოიტანა ბევრი რამ და არ წაუღია არაფერი. არც ყოფილა ეს მისი მიზანი. კიდევ სამი წელი დადო ქვეყნის დემოკრატიული მშენებლობის საქმეში“, – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე გრიგოლ ვაშაძის მიერ პარტიის დატოვებას ის facebook-პოსტით ეხმაურება.

რომან გოცირიძის თქმით, პარტიიდან ვაშაძის წასვლა ბევრისთვის მოულოდნელი იყო, ბევრისთვის არა.

„გრიგოლ ვაშაძე რთულ პერიოდში მოვიდა „ნაციონალურ მოძრაობაში”. შემოიტანა ის, რის დეფიციტსაც მაშინ პარტია განიცდიდა. მისმა გამოცდილებამ და პირადმა თვისებებმა პარტიას შემატა საერთაშორისო იმიჯი და შიდა სტაბილურობა. საპრეზიდენტო არჩევნებში პარტიის მიერ ნაჩვენებ ბრწყინვალე შედეგში დიდი იყო გრიგოლ ვაშაძის პირადი წვლილი“, – აღნიშნავს გოცირიძე.

რომან გოცირიძის თქმით, შეიძლება ზოგს არ მოეწონა ამ გადაწყვეტილების დრო, ზოგს ფორმა, თუმცა, მისივე განმარტებით, არ არის ადვილი მიიღო ყველასათვის მოსაწონი გადაწყვეტილება, მით უმეტეს, პოლიტიკაში.

„მადლობა ბატონ გრიგოლს ქვეყნისათვის გაწეული სამსახურისათვის“,  – წერს გოცირიძე facebook-პოსტში.


გრიგოლ ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების შესახებ ინფორმაცია დღეს, 15 დეკემბერს, სოციალური ქსელით გაავრცელა.

„მე გადავწყვიტე, დავტოვო ყველა დაკავებული თანამდებობა და გავიდე პარტიიდან. უაღრესად მიძნელდება ეს ნაბიჯი, მაგრამ სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ”, – წერს ის facebook-ზე.

ვაშაძემ წასვლის მიზეზად პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის არჩეული ტაქტიკა და პარტიული სტრატეგიის არარსებობა დაასახელა. მან ამავე სტატუსში ახსენა „ოდიოზური ფიგურები“, რომელთან ერთადაც, ვაშაძის განცხადებით, ენმ ვერასდროს მოიპოვებს ამომრჩევლის ნდობას.

გრიგოლ ვაშაძისთვის აღმაშფოთებელია „სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანიაც“.