მოსალოდნელი იყო. შეუთავსებელთა შეთავსება შეუძლებელია - ბერძენიშვილი ვაშაძეზე

პუბლიკა

„პატივს ვცემ გრიგოლ ვაშაძეს. მოსალოდნელი იყო. მესმის მისი. შეუთავსებელთა შეთავსება შეუძლებელია. წარმატებებს ვუსურვებ”, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საარჩევნო ბლოკ „ენმ – ძალა ერთობაშიას” წევრმა, დავით ბერძნიშვილმა facebook-ზე დაწერა.

გრიგოლ ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობა” დატოვა. ამის შესახებ დღეს დილით გახდა ცნობილი.

„მე გადავწყვიტე, დავტოვო ყველა დაკავებული თანამდებობა და გავიდე პარტიიდან. უაღრესად მიძნელდება ეს ნაბიჯი, მაგრამ სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ”, – გრიგოლ ვაშაძე ამ გადაწყვეტილების შესახებ facebook-ზე წერს.

„არ ვეთანხმები პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას.

კიდევ უფრო მიუღებელია ჩემთვის პარტიული სტრატეგიის არარსებობა. ეს მხოლოდ ე.წ. „ქართულ ოცნებას” აძლევს ხელს.

ვერ შევეგუები იმას, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდენ ისეთი ოდიოზური ფიგურები, რომლებიც ჩვენ კარგა ხანია თითქოს და ჩავაბარეთ წარსულს, და რომლებთან ერთად ვერასადროს, ვიმეორებ, ვერასდროს ვერ მოვიპოვებთ ამომრჩევლის ნდობას.

შეუძლებელია ღრმა აღშფოთებას არ იწვევდეს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანია, რომელიც გაუგებარია ვინ და რა მიზნით წამოიწყო. ამით ადგება უდიდესი ზიანი საქართველოს ურთიერთობებს აშშ-სთან, ევროკავშირთან და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან”, – წერს ვაშაძე.