ბათუმის მერიაში ოპოზიციის პროტესტის შემდეგ ჩიქოვანმა მერიის ახალი თანამშრომლები წარადგინა

პუბლიკა

ქალაქ ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი დღეს მერიის შენობაში ოპოზიციის აქციას გამოეხმაურა და ის დესტრუქციულ ქმედებებად შეაფასა.

არჩილ ჩიქოვანმა ბრიფინგზე, რომელზეც ვიცე-მერი და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები წარადგინა, იმ საკითხზეც გააკეთა კომენტარი, რომლის გამოც დღეს ოპოზიცია აქციას მართავდა:

„კონკრეტული ფაქტი, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოხდა, იყო მუნიციპალური ინსპექციის მორიგი მონიტორინგი კონკრეტულ უკანონო მშენებლობაზე. დაწყებული იყო წარმოება მუნიციპალურ ინსპექციაში. ინსპექციის თანამშრომლებს მოქალაქეთა ჯგუფმა გაუწია წინააღმდეგობა და აღნიშნულზე მიმდინარეობს გამოძიება.

გამოძიების დასრულებამდე, მათ შორის, კონკრეტულ ბრალდებებზე, რომელიც ოპოზიციის მხრიდან გაჟღერდა, ჩვენ დამატებით კომენტარს არ გავაკეთებთ. როცა საქმეზე ჩატარდება ობიექტური გამოძიება, შედეგებიდან გამომდინარე გვექნება რეაგირება.

მოვუწოდებ ყველა კერძო თუ კომერციულ ორგანიზაციას, საჯარო პირებს და იმ ადამიანებს, რომლებიც ახალისებენ უკანონობას ქალაქში… მუნიციპალური ინსპექცია, ყველა შესაბამისი სამსახური მკაცრად დაიცავს კანონის მოთხოვნებს“, – განაცხადა მან.

დღევანდელ ბრიფინგზე არჩილ ჩიქოვანმა საკადრო ცვლილებების შესახებ ისაურბა.

მან ვიცე-მერის თანამდებობაზე ლევან დავითაძე დანიშნა.

„ბათუმის წყლის“ დირექტორი ალექსანდრე მჟავანაძე იქნება; ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს აკაკი ბერიძე უხელმძღვანელებს;  ბათუმის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის პოზიციაზე დავით დიასამიძე, გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელად კი თამაზ სალუქვაძე დაინიშნა; ბათუმის სპორტულ ცენტრს თემურ ხასია, საცხენოსნო კლუბს კი დურსუნ ბერიძე უხელმძღვანელებენ.


დილიდან ხმაური იყო ბათუმის მერიის შენობაში, საიდანაც საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები პოლიციამ მერის კაბინეტიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა.

ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია დილიდან მერიაში აქციას მართავს და მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მოადგილესა და ბიზნესმენს შორის დაპირისპირებაზე მერისგან რეაგირებას მოითხოვს.

საუბარია შემთხვევაზე, რომლის შესახებ ინფორმაცია 10 დეკემბერს გავრცელდა. მაღაზიათა ქსელ „ფარფურის“ მფლობელი ბიზნესმენი მერაბ ფარტენაძე აცხადებს, რომ მას ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მოადგილე, ბესო ცეცხლაძე იარაღით დაემუქრა.