წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯვარის მე-4 საჯარო სკოლის დირექტორი გერონტი გოგოხია ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობას არ იღებს. როგორც „პუბლიკასთან“ საუბარში გოგოხიამ განმარტა, გამოცდილებამ აჩვენა, რომ მასწავლებლებისა და დირექტორების ამგვარად „წაყვანა-წამოყვანა“ კარგი არასდროს ყოფილა და არც ამ შემთხვევაში იქნება. ის ფიქრობს, რომ უკვე დროა „ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს“ ამგვარი დამოკიდებულება.
„ეს პროტესტი კი არ არის, ბავშვებთან უნდა ვიყო მართალი. მე სამოქალქო განათლების მასწავლებელიც ვარ, ბავშვებს თავისუფელი აზროვნება უნდა ვასწავლო, მათთან არ მინდა ვიყო ყალბი. არის თუ არა ეს გარკვეულწილად თავისუფლების შეზღუდვა?,- აბა რა არის? როცა არ გინდა და მაინც გიწევს მონაწილეობის მიღება“,- ამბობს გერონტი გოგოხიამ.
გოგოხია იხსენებს, რომ რამდენიმე დღის უკან დაურეკა მისთვის უცნობმა ადამიანმა და ჰკითხა მიდიოდა თუ არა ღონისძიებაზე ის და მისი სკოლის მასწავლებლები.
„არ უთქვამს ვინ იყო, სიმართლე გითხრათ მეც არ დავინტერესებულვარ, ვუთხარი რომ მე არ ვაპირებდი წასვლას და მიზეზიც განვუმარტე, მასწავლებლებთან დაკავშირებით კი ვუთხარი, რომ ყველა თვითონ გადაწყვეტდა წავიდოდნენ თუ არა“.
სკოლის დირექტორი ამბობს, რომ ზუსტად არ იცის რა ფორმით გავრცელდა ინფორმაცია სკოლაში ღონისძიებაზე მონაწილეობის თაობაზე, ეს იყო მასწავლებლებისთვის წერილობითი შეტყობინებები თუ ტელეფონზე დაუკავშირდნენ მათ, როგორც ეს მის შემთხვევაში მოხდა, თუმცა ადასტურებს რომ სკოლაში მასწავლებლებს რამდენიმე დღით ადრე ღონისძიებასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჰქონდათ.
კითხვაზე ადამიანი რომელმაც დაურეკა ხომ არ იყო ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელი, გოგოხია პასუხობს რომ არა, ვინაიდან ის კარგად იცნობს ადგილობრივი რესურსცენტრის თანამშრონმლებს და რომელიმე მათგანს ხმაზე აუცილებლად იცნობდა.
ის ამბობს, რომ სკოლიდან მასწავლებლების გარკვეული რაოდენობა ღონისძიებაზე წავიდა, თუმცა არ იცის ზუსტად რამდენი.
„მე თვითონ მოვლენებს ხომ ვაკვირდები, ევროპის დღეები კი ითქვა, მაგრამ სხვა სიუჟეტებიც ხომ ვნახეთ რას ამზადებდნენ, აი ასეთი რაღაც მიუღებელია როცა ამბობ, რომ ევროპის დღეები და სხვა რაღაცაც (ხდება), თუნდაც პარალელურ რეჟიმში, ეს მიუღბელია…
არასდროს არ გამოიღო შედეგი აი ასე წაყვანა-მოყვანამ , არასროს არ ყოფილა კარგი და ახლაც არ იქნება კარგი, ასეთი რაღაცეები არ უნდა ხდებოდეს, უკვე დროა რომ ჩვენც ვიცხოვროთ ისე როგორც ცივილიზებული სამყარო ცხოვრობს“,- ამბობს გოგოხია „ოდიშინიუსის“ მიერ მომზადებულ მასალაში, რომელმაც დირექტორის შესახებ ინფორმაცია პირველმა გაავრცელა.
13 დეკემბერს სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ა(ა)იპ-ების, სკოლებისა და ბაღების თანამშრომლებზე ხორციელდება სავარაუდო ზეწოლა 14 დეკემბრის აქციაზე დასასწრებად. ომბუდსმენმა მოუწოდა ადგილობრივი თვითმართველობის ხელმძღვანელ პირებს და სამსახურების ხელმძღვანელებს, შეწყვიტონ თანამშრომელთა იძულება. პარალელურად, მოუწოდა საგამოძიებო ორგანოებს განახორციელონ შესაბამისი მოქმედებები და გამოავლინონ შესაძლო პასუხისმგებელი პირები, რომელთა ქმედებაშიც შეიძლება იკვეთებოდეს დანაშაულის ნიშნები.
საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყნად გამოცხადების აღსანიშნავად პარტია „ქართული ოცნება” 14 დეკემბერს აქცია-კონცერტს მართავს.
პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ მოუწოდა რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებსა და თბილისელებს, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, რომ 14 დეკემბერს ოჯახებით გამოვიდნენ ღონისძიებაზე. კალაძის თქმით, ტრანსპორტირების ხარჯს უზრუნველყოფს საორგანიზაციო გუნდი.