რეგიონებში 14 დეკემბერს აქციაზე წასვლის შესახებ სოციალურად დაუცველი მოქალაქეებიც გააფრთხილეს – ISFED

პუბლიკა

„სამართლიანი არჩევნები“ 14 დეკემბერს „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე რეგიონებიდან მოქალაქეთა მობილიზების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

ორგანიზაციის განცხადებით, აღნიშნულ ღონისძიებაზე დასასწრებად საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მმართველი პარტიის მიერ მოქალაქეთა აქტიური მობილიზება შეინიშნება, რომელსაც ძირითადად კოორდინაციას უწევენ „ქართული ოცნების“ პარტიული ოფისები.

„საჯარო მოხელეებისა და ა(ა)იპ-ების თანამშრომლების გარდა, ზუგდიდის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში აქციაზე წასვლის შესახებ გაფრთხილებულები არიან სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე მოქალაქეები, რომლებიც „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებთან პირად საუბარში გამოხატავენ შიშს, რომ აქციაზე წაუსვლელობის შემთხვევაში, სოციალური დახმარება მოეხსნებათ.” – წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

ორგანიზაციის განცხადების მიხედვით, ზოგიერთ შემთხვევაში აქციაზე წასვლისკენ მოწოდებას დავალების, ზოგ შემთხვევაში კი თხოვნის შინაარსი აქვს. „ასევე, რამდენიმე მუნიციპალიტეტში, თვითმმართველობის საჯარო მოხელეებს დავალებული აქვთ აქციაზე წამსვლელი 10 ან 20-კაციანი სიების წარდგენა სახელის, გვარისა და პირადი ნომრის მითითებით“.

ხელმომწერი ორგანიზაციები მმართველ პარტიასა და ადგილობრივი თვითმმართველობის მაღალი თანამდებობის პირებს მოუწოდებენ, აღკვეთონ საჯარო მოხელეებსა და მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირებზე, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე ღონისძიებაზე დასწრებასთან დაკავშირებით ზეწოლის/იძულების ნებისმიერი ფორმა. იხილეთ სრული განცხადება. 

14 დეკემბერს „ქართული ოცნება“ საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანად არჩევის გამო ფართომასშტაბიან აქციას გეგმავს. „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა თქმით, აქციაზე ხელისუფლების მხარდამჭერებს ეპატიჟებიან, რომელთა ტრანსპორტირების ხარჯს საორგანიზაციო ჯგუფი დაფარავს.

ე.წ. ახალგაზრდული კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი პირველი ღონისძიება 2 დეკემბერს ორბელიანის მოედანზე გაიმართა, სადაც რეგიონებიდან სტუდენტები თვითმმართველობების ორგანიზებით ჩამოიყვანეს. მოგვიანებით კი ამ კონცერტზე ჩამოსული ადამიანების ნაწილმა „ქართული ოცნების“ ოფისთან  მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზებულ აქციაზე გადაინაცვლა. „ქართული ოცნების“ ოფისთან ხელისუფლების მხარდამჭერები „სირცხვილიას“ აქტივისტების მიმართ აგრესიით გამოირჩეოდნენ. სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ აქციაზე მისულ ადამიანებს. პოლიციას აქციაზე არავინ დაუკავებია.