ბელორუსი ახლოს მივიდა წითელ ხაზთან, მნიშვნელოვანია ეს ხაზი არ გადაკვეთოს - პაპუაშვილი

პუბლიკა

„ბელორუსი ამ ნაბიჯით ძალიან ახლოს მივიდა წითელ ხაზთან საქართველოსთან ურთიერთობის და მნიშვნელოვანია ეს წითელი ხაზი არ იქნას გადაკვეთილი,”– ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ღამის კურიერში“ განაცხადა.

„რა თქმა უნდა ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი, როდესაც სხვა ქვეყნის ლიდერი საქართველოს ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად შემოდის საქართველოს ტერიტორიაზე, ამიტომაც ძალიან მკვეთრი, დიპლომატიური ნაბიჯი გადაიდგა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბარა ბელარუსის ელჩი, მოსთხოვა მას განმარტება და ახლა სამინისტრო არის ამ განმარტების მოლოდინში. თავისთავად, ეს ნაბიჯი, ანუ ეს ჩასვლა, არღვევს საერთაშორისო სამართალს, ასევე არღვევს ჩვენს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. გარდა ამისა, ეს ეწინააღმდეგება იმ ურთიერთობას, რაც არის საქართველოსა და ბელარუსს შორის.

ამიტომ, ჩვენ იმედი გვაქვს რომ ბელარუსი დაუბრუნდება საერთაშორისო სამართლით აღიარებულ პრინციპებს და ამ განმარტების ფარგლებში ჩვენ ვნახავთ, რომ რაც შეეხება განსაკუთრებით არ აღიარების პოლიტიკას, აქ რაიმე ნაბიჯი არ გადაიდგმება. მოთხოვნილ იქნა განმარტებები და ეს განმარტებები უნდა იქნას წარმოდგენილი.“

ჟურნალისტის შეკითხვაზე, განიხილება თუ არა თუნდაც ელჩის გამოწვევა ბელარუსიდან ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების პრევენციისთვის, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ აქ საჭიროა დიპლომატიური მიდგომა ჩვენს პარტნიორებთან შეთანხმებით, რათა ბელარუსმა არ გადადგას რაიმე ისეთი ნაბიჯი, რომელიც საერთაშორისო სამართლის პრინციპებთან წინააღმდეგობაში.

„საქართველოს მთავრობამ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ამ ეტაპისთვის ადეკვატური დიპლომატიური ნაბიჯი გადადგა და ჩვენ იმედი გვაქვს რომ ეს ნაბიჯი თავის შედეგს გამოიღებს,” – აცხადებს პაპუაშვილი.

ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა.

ლუკაშენკოს ვიზიტი დაგმო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. მათ შესაბამისი განცხადებები „ტვიტერზე“ გაავრცელეს.

საქართველოში ბელორუსის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.