ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკოს ვიზიტი უმძიმესი ფაქტია. რეაგირება მოჰყვება - კალაძე

პუბლიკა

„აფხაზეთში ლუკაშენკოს ვიზიტი შემაშფოთებელი და უმძიმესი ფაქტია“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

„გარდა იმისა, რომ ეს არამეგობრული და პოლიტიკურად არასწორი ნაბიჯია, მან დაარღვია ოკუპაციის კანონი, რასაც ჩვენი მხრიდან რეაგირება მოჰყვება. როგორც ვიცი, ელჩი უკვე დაბარებულია“,- აცხადებს კალაძე.

ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკა ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა.

საქართველოში ბელორუსის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პროტესტის ნიშნად საქართველოში ბელორუსის ელჩი ანატოლი ლისი დაიბარეს. ელჩთან შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტთან და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგებლებთან შეხვედრას შეეხებოდა. ქართულმა მხარემ უკიდურესი შეშფოთება გამოთქვა აღნიშნულის გამო და ბელარუსის მხარეს დამატებითი განმარტებები მოთხოვა”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.