ბექა ბასილაიას ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეაქვს

პუბლიკა

ადვოკატ ბექა ბასილაიას „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეაქვს. მისი თქმით, კობახიძემ გაავრცელა მცდარი, სხვადასხვა პირთა მადისკრედიტებელი ინფორმაცია. სწორედ ამ ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით მოითხოვენ მის პასუხისმგებლობას.

საქმე ეხება ირაკლი კობახიძის გამოკითხვის საფუძველზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებულ გამოძიებას. ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ უწყებას გადასცა იმ პირთა სია, ვინც არჩევნების დღეს რევოლუციურ სცენარს ამზადებდა.

„პატიოსან ადამიანებს, ომის ვეტერანებს, ტაქსის მძღოლებს, ჯინსის შარვლით მოვაჭრე ხალხს დაატარებენ დაკითხვაზე ხან სუს-ში, ხან სასამართლოში და მათ მიმართ გაისმის ბრალდებები, თითქოსდა მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა არეულობისა და დესტაბილიზაციის მცდელობას. ირაკლი კობახიძემ მიმდინარე წლის ოქტომბერში სხვადასხვა მედიასაშუალებებით თუ პირადი ფეისბუქგვერდების გამოყენებით გაავრცელა არსებითად მცდარი, სხვადსხვა პირთა მადისკრედიტებელი ინფორმაცია. ამ ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით ვითხოვთ მისი პასუხისმგებლობის საკითხს და შეგვაქვს სამოქალაქო სარჩელი საქალაქო სასამართლოში“, – აცხადებს ბექა ბასილაია.

ბასილაიას განცხადებით, ის დამკვირვებლები და ორგანიზაციები, რომლებიც კობახიძის მიერ გადაცემულ სიაში მოხვდნენ, ინფორმაციის უარყოფას, ბოდიშს და მორალური ზიანის ანაზღაურებას 41 ლარის ოდენობით მოითხოვენ.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 5 ნოემბერს დაბარებული იყო „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე. მან განაცხადა, რომ დაასახელა ინფორმაციის წყარო და წარადგინა  იმ ადამიანების სია, რომლებიც იყვნენ მოაზრებული დესტრუქციული სცენარისთვის.

ირაკლი კობახიძემ 28 ოქტომბერს გამართა ბრიფინგი, რომელზეც განაცხადა, რომ ოპოზიციას გახსნილი აქვს რევოლუციური შტაბი და შეიარაღებული ამბოხების სცენარს განიხილავს. 30 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე კი კობახიძემ განაცხადა, რომ „პროვოკაციების ორგანიზების კუთხით, დამკვირვებლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილონ „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებზე, დევი ჭანკოტაძეზე, დიმიტრი შაშკინსა და ნიკანორ მელიაზე“.

„მათ მობილიზებული ჰყავთ ეკიპაჟები, რომლებიც აღჭურვილნი არიან ხელკეტებითა და ელექტროშოკებით. მათი გარკვეული ნაწილი არის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე და პოლიციელი და შესაბამისად, მათ აქვთ იარაღის ტარების უფლებაც“, – ამბობდა კობახიძე.

31 ოქტომბრის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს დევი ჭანკოტაძის შტაბის წევრი რაფიკ ორუჯოვი. არსებული ინფორმაციით, ის მონაწილეობდა 31 ოქტომბერს ოპოზიციის აქციაში და მისი ავტომობილიდან ამოღებულია ელექტროშოკი.

6 ნოემბერს სუს-ში გამოიკითხნენ სამგორის 41-ე საარჩევნო უბნის დამკვირვებელი აკაკი გურჯიშვილი, უწყებაში მისული იყო ადვოკატი გიორგი გოგინავა, რომელიც კახა ლომთათიძის, რეზო ბარამიძისა და იოანე ქერქაძის ინტერესების დამცველია. გამოკითხვები 13 ნოემბერს საქალაქო სასამართლოში გაგრძელდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში, 2020 წლის 1 ოქტომბერს, დაიწყო გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით.