ბევრი ემოციაა ნამახვანჰესის პროექტის გარშემო და ეს არაა საქართველოს ინტერესებში - დავითაშვილი

პუბლიკა

„.. სამწუხაროდ, არის ბევრი ემოცია პროექტის გარშემო და სამწუხაროდ, ეს არ არის ხშირ შემთხვევაში საქართველოს ინტერესებში“, –  ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ნამახვანის ჰესთან დაკავშირებით დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.

პარლამენტში დღეს მინისტრის საათის ფარგლებში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს უსმენენ. დეპუტატ ლევან იოსელიანის შეკითხვა მინისტრს ნამახვანჰესთან დაკავშირებით მოსახლეობასთან მთავრობის წევრების კომუნიკაციას ეხებოდა.

„მოგახსენებთ, რომ აქციის მერეც და აქციამდეც არაერთი შეხვედრა იყო ჩვენი სამინისტროს თანამშრომლების დაინტერესებულ აქტივისტებთანაც, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთანაც. მე პირადად რამდენიმეჯერ მომიწია შეხვედრა – ბევრი გავაშუქეთ და ზოგიერთი არც გაგვიშუქებია, იმიტომ, რომ არ არის ყველა შეხვედრა ტელევიზიისთვის და გაშუქებისთვის და მხოლოდ მოვალეობის მოხდისთვის. ეს არის შეხვედრა საქმიანი და შინაარსობრივი და ხშირ შემთხვევაში, შეიძლება იგივე მონაწილე მხარეებისთვის უპრიანი იყოს კამერების მიღმა ჩვენი დიალოგი და საუბარი“, – აღნიშნა დავითაშვილმა.

მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თუ რომელიმე ჯგუფს გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით ან გარემოზე ზემოქმედების შეფასებასთან დაკავშირებით კვლავ აქვს კითხვები, მინისტრი მზადაა გასცეს პასუხები.

„დეტალური კვლევები არის ასახული გარემოს ზემოქმედების შეფასების ანგარიშში. აქვე გეტყვით, რომ კვლევებში არის გამოყენებული ყველა ის მაღალი რეპუტაციის, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც საჭირო იყო – რასაც ითხოვდა კანონმდებლობა და ჩვენი მხრიდანაც იყვნენ ჩართული ქართველი ექსპერტები“, – განაცხადა დავითაშვილმა.

ლევან დავითაშვილს მიაჩნია, რომ პროექტში შეფასებული იყო როგორც გეოლოგიური რისკები, ასევე ჰიდროლოგიაც. რაც შეეხება ქანების მდგრადობას, მისი განმარტებით, ამ საკითხზე სამინისტროს თანამშრომლებმა საკომიტეტო გამოსვლისას დეტალური პასუხი უკვე გასცეს. 

„.. დეტალური, ამომწურავი ინფორმაცია ჰქონდა [საზოგადოებას], თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ნებისმიერ ფორმატში ნებისმიერ მსურველს, ერთ ადამიანსაც რომ ჰქონდეს კითხვა, სამინისტრო მზადაა, ღიაა – უმასპინძლოს და ამ ტექნიკურ საკითხებზე გავცეთ დეტალური პასუხი“, – თქვა დავითაშვილმა.

მინისტრმა, ასევე ისაუბრა კლიმატსა და გარემოზე ზემოქმედებაზე:

„ამასთან დაკავშირებითაც გვქონდა საუბარი. იგივე ფრანგულმა კომპანია Terraclima-მ გააკეთა შეფასება ტვიშის ვენახებზე პოტენციურ ზემოქმედებაზე. კლიმატზე ზემოქმედება შემოიფარგლება გარკვეული არიალით. ეს ძირითადად არის 100 მეტრის რადიუსში და ეს მნიშვნელოვნად დაშორებულია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას და ა.შ. ანუ გარემოს ზემოქმედების ნაწილში, ჩვენ ვფიქრობთ, რომ საზოგადოების ყველა კითხვას პასუხი გავეცით“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

შეკითხვაზე, რამდენად არის შესაძლებელი ხელშეკრულების პირობების შეცვლა ან კომპანია ENKA-ს შეცვლა, დავითაშვილი პასუხობს:

„იყო გამომსვლელებიდან დასმული კითხვა, რამდენად შეიძლებოდა ხელშეკრულების პირობების შეცვლა ან ENKA-ს შეცვლა და ა.შ. ამაზე ვერ გეტყვით. ეკონომიკის სამინისტრო აწარმოებს დამატებით მოლაპარაკებებს. იყო დამატებითი შეთანხმება კომპანიასთან, რომ თუ კიდევ არსებობს რაიმე კითხვა რისკებთან და მდგრადობასთან დაკავშირებით, კომპანიას მოელაპარაკა ეკონომიკის სამინისტრო, რომ კაშხლის და ძირითადი წყალშემკრების სამუშაოები არ გაგრძელდება ქართველი და ადგილობრივი მოსახლეობისთვის სანდო ექსპერტების მონაწილეობისა და ჩართულობის გარეშე და დამატებითი გადამოწმებისა და აუდიტის გარეშე“, – განაცხადა დავითაშვილმა.

დავითაშვილმა აღნიშნა, რომ კომპანიის სოციალურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით მთავრობის წარმომადგენლები კიდევ იმსჯელებენ.

„საუბარია მეტ სოციალურ პასუხისმგებლობაზე დამატებით ფინანსურ რესურსებზე ხეობის განვითარებისთვის, ხეობის ეკონომიკური, ეკოლოგიური, სოციალური ინტერესების დასაკმაყოფილებლად და ბევრი სხვა, რომელიც პრინციპში ქ-ნმა ნათიამ დეტალურად გააცნო საზოგადოებას, მაგრამ მთავრობის წარმომადგენლები მზად ვართ, რომ კიდევ ერთხელ ვიმსჯელოთ. მე ვფიქრობ, რომ ეს არის კონკრეტული თუ შინაარსზე ვსაუბრობთ. დანარჩენი არის ბევრი ემოცია, სამწუხაროდ, პროექტის გარშემო და, სამწუხაროდ, ეს არ არის ხშირ-შემთხვევაში საქართველოს ინტერესებში“, – აღნიშნა დავითაშვილმა.