„მე მგონი, თქვენ ორგზის გაქვთ თავი მოსაკლავი" - იოსელიანი დავითაშვილს ნამახვანჰესზე

პუბლიკა

„ალეკომ [ელისაშვილმა] თავის გამოსვლაში თქვა, რომ ომწაგებული გენერლები თავს იკლავდნენო და მე მგონი, თქვენ ორგზის გაქვთ თავი მოსაკლავი და გეტყვით რატომ”, – პარტია „მოქალაქეების” ლიდერმა ლევან იოსელიანმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს მიმართა. პარლამენტში დავითაშვილს მინისტრის საათის ფარგლებში უსმენენ. იოსელიანის შეკითხვა ნამახვანჰესთან დაკავშირებით მოსახლეობასთან მთავრობის წევრების კომუნიკაციას ეხებოდა.

„28 თებერვალს გამოვიდა, შედგა ყველაზე დიდი აქცია ქუთაისში ნამახვანჰესთან დაკავშირებით. ამის შემდეგ თქვენ ჩაბრძანდით მოსალაპარაკებლად და თქვენი ჩასვლის შემდეგ, მეორე აქციაზე კიდევ უფრო მეტი ხალხი გამოვიდა. ამ ადამიანებმა თქვეს, რომ 15 წუთი არ დაუთმეთ მათ მოსასმენად და გამოიქეცით იქიდან.

ასე აპირებთ ამ პრობლემის მოგვარებას? სანამ მთელი საქართველო არ გამოვა, ფეხზე არ დადგება და აქ არ ჩამოვლენ, ასეთი „წარმატებული” კომუნიკაციით აპირებთ ნამახვანთან დაკავშირებით ჩვენს მოქალაქეებთან ურთიერთობის გაგრძელებას?”, – განაცხადა იოსელიანმა.

მეორე საკითხი, რაზეც მან ყურადღება გაამახვილა შულავერის აღმოჩენას ეხებოდა. მისი თქმით, ეს ადგილი დღემდე ლურჯი ბრეზენტით არის გადახურული, სადაც, მისი შეფასებით, მუზეუმი უნდა იყოს გახსნილი. ამ ადგილზე არქეოლოგიური კვლევის შედეგად აღმოჩენილია ძვ.წ. VI ათასწლეულით დათარიღებული, უძველესი ყურძნის წიპწები.