ბიზნესს არ ექნება აზრი, თუ ადამიანის უსაფრთხოების ელემენტარული პირობები არ დავიცავით - გახარია

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტყიბულში „ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენის დროს შრომის კოდექსის იმ ცვლილებებზე იგულისხმა, რომელსაც პარლამენტი განიხილავს. საკანონმდებლო ორგანომ ცვლილებები მე-2 მოსმენით 17 სექტემბერს მიიღო.

პრემიერმა ტყიბულელი მეშახტეების შრომის პირობებზე საუბრის დროს განაცხადა, რომ ბიზნესს ფასი არ ექნება, თუ უსაფრთხოების ელემენტარული პირობები დაცული არ არის. მან თქვა, რომ ბალანსი ეკონომიკურ განვითარებასა და მშრომელების უსაფრთხოებას შორის უფრო მაღალ ხარისხში ავა.

„ის ბალანსი, რომელიც ჩვენ აუცილებლად უნდა დავიცვათ, როგორც ეკონომიკური განვითარების, ასევე მშრომელი ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, სულ უფრო და უფრო მაღალ ხარისხში ავა.

არანაირ ბიზნესს, არანაირ შემოსავალს არ ექნება ფასი, თუ ადამიანის უსაფრთხოების ელემენტარული პირობები არ დავიცავით და ეს იქნება თანმიმდევრული მიდგომა, ვინც არ უნდა იყოს აქ, ტყიბულში, ვინც არ უნდა მუშაობდეს და რანაირი კომპანიაც არ უნდა იყოს. ეს არის ის მინიმალური პირობები, რაზეც უნდა შევთანხმდეთ, რაც, რა თქმა უნდა, არ გვაძლევს გარანტიას, რომ ერთ წუთში ან ერთ დღეში ყველაფერი გამოსწორდება და უმაღლეს ევროპულ დონეზე იქნება, მაგრამ თუ ჩვენ გვინდა შევინარჩუნოთ ტყიბული, როგორც ინდუსტრიული ქალაქი, როგორც მაღაროელების ქალაქი, ამ მიმართულებით ნელ-ნელა ნაბიჯი უნდა გადავდგათ“, – განაცხადა გახარიამ.


საკანონმდებლო პაკეტი მოიცავს ცვლილებებს შრომის კოდექსში, და ასევე, იქმნება კანონი შრომის ინსპექციის შესახებ.

პროექტით, შრომის ინსპექციის ზედამხედველობის ფარგლებში ექცევა შრომითი უფლებების აღსრულება. შესაბამისად, შრომის ინსპექციის საქმიანობის სფეროს მიეკუთვნება შრომის კოდექსის აღსრულება.

შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები ეხება შრომითი დისკრიმინაციის ცნებას, შრომით ხელშეკრულებასა და მასში გასათვალისწინებელ პირობებს, არასრულ სამუშაო განაკვეთს, სტაჟირებისა და გამოსაცდელ ვადას, სამუშაო დროის ხანგრძლივობას, სამუშაო დროის შეჯამებული აღრიცხვის წესს, ზეგანაკვეთურ სამუშაოს, ღამით მუშაობის შეზღუდვას, შვებულების მიცემის წესს, შრომის ანაზღაურებას, შრომითი პირობების დაცვას, კოლექტიურ შრომით უერთიერთობებს და ა.შ.

კანონპროექტის მიხედვით, უნდა შეიქმნას შრომის ინსპექციის სამსახური, რომლის იურიდიული სტატუსი იქნება – სსიპ და იქნება ჯანდაცვის სამინისტროსადმი დაქვემდებარებული. კანონის მიღების შემთხვევაში, უნდა განხორციელდეს რეოგრანიზაცია და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ფუნქციები და უფლებამოსილებები გადაეცეს ამ სამსახურს.

კანონპროექტი დამოუკიდებელი დეპუტატის დიმიტრი ცქიტიშვილის ავტორობითაა მომზადებული, ინიციატორები კი მასთან ერთად არიან – სოფიო კილაძე, დავით მათიკაშვილი, თამარ ჩუგოშვილი, ირაკლი კობახიძე, რატი იონათამიშვილი და თამარ ხულორდავა.