აკა მორჩილაძის წერილი პუბლიკის დირექტორს, ზურა ვარდიაშვილს:
გამარჯობა, ზურა.
შენს გამოგზავნილ შეკითხვაზე შემიძლია გიპასუხო შემდეგი:
დავიბადე, გავიზარდე და ვცხოვრობ ქვეყანაში, სადაც ერთ დღეს კი არა, ნახევარ საათს არ ყოფილა არც თავისუფლება, არც დემოკრატია, არც ლიბერალობა. ყველაფერი ყოფილა ამ სამის გარდა, მაგრამ ეს სამი, – არასდროს. არც ერთად, არც ცალ-ცალკე. ამასთან დავა, სრული ტყუილია ნებისმიერი მხრიდან. ვშიშობ, ასეთსავე ქვეყანაში მოვკვდები, თუ კიდევ არ ავიკრიფე, მარა ასაკში ძნელია აკრეფა. თუმცა, ცხოვრება ისეთია, ვერ გაიგებ.
ესესერი რო დაიშალა, ყველას გვიხაროდა. ეგ იყო ბედნიერი დღეები. მარა მერე გაირკვა, რომ საქათმეს რომ დაშლი, იმის ფიცრით, სასახლე ვერ აიგება. ახალი ფიცარი კი არ მოგვაქვს. არაფრით. საშიშია – ვაითუ მკვიდრი კედელი გამოგვივიდეს და გამოთბეს შიგ ეს ჩვენი ხალხი, კარგი ხემსი ნახოს, გულმა კარგი რამეები აუციმციმოს და სულ გასაჭირის და სამასი ლარის ძახილი არ იყოს.
არ გამოდის ესა, მერამდენე ათწლეულია. ჩვენს სახელმწიფოს ეს არ შეუძლია ოცდაათი, თუ რამდენი წელიწადიც არის, რომ ხალხს უთხრას: აიღე ეს თავისუფლება და მე ისეთ კანონებს მოგცემ, მეც დიდად არ მეშინოდეს, რო მომივარდები და შენაც ბავშვს რამეს უყიდი, ეს ახალგაზრდები წავლენ, ქვეყანას ნახავენ, ჯალათებად ნუ დაბრუნდებიან, რაღაცა რვეულები ქონდეთ უბეში – უხაროდეთ საქმის წამოწყება და ასე. თორე, რა: მთელი აფრიკის დიქტატორებს სორბონა-ოქსფორდებში უსწავლიათ და მერე შინ კი გიჟდებოდნენ. ეგ იმას გავს, არჩევნების კანონი დემოკრატიულიაო, რო დავიწყებთ, მერამდენე ათწლეულია ეგეც – არჩევნებისთვის თავისუფალი გარემოა მთავარი, ბუტკა, კნოპკა და წითელი პასტა რას უშველის.
როგორც არი.
ეგეც ხო ყველამ იცის რამდენი ხანია.
არ გამოდის. იმიტომ რომ ჩვენ ვართ ესესერის მემკვიდრეობით გაჯერებული ქვეყანა: სულსა და ხორცში გვაქვს, ძალის, ძალმომრეობის, დაშინების, დაწოლის, ზეწოლის, მუქარის, შანტაჟის სურვილები და არცერთი ქართული მმართველობა ამის საბოლოო მოსპობაზე არ წავიდა. ესეც ნამდვილია. ახლა რუსეთიო. ეგ ხო ცხადია, რუსეთი რაც არის. ახლა მთლად გამხეცებულია და იმის ვერაგი ზურგის ტვინი ხომ ესესერია. ეს რუსეთი რასაც მართებს მსოფლიოს და ჩვენც, კი ვხედავთ: მაგათი მათრახის ტყლაშუნში გვაქვს გატარებული ორასი წელიწადი.
რაც უბედურებაა, ისაა, რომ ჩვენ კვლავაც ვართ 58-ე მუხლის ქვეყანა.
შენ კი გწერ ამ წერილს, მაგრამ უფრო ახალგაზრდებს ვგულისხმობ; აბა ჩემნაირ გადაცვეთილ და ამ გაუთავებელი ესესერით ჩუმად გაწვალებულ მოფრთხილეს რად უნდა. ჩვენ რამენაირად მივალთ რაღაც წერტილამდე, ამ ახალგაზრდებს კი, კარგ წერტილამდე უნდათ მისვლა. მანდ მისვლა კი ძალიან დიდი ბრძოლაა: უამრავის უარყოფა, თავზე ხელის აღება, ხერხების ცოდნა და მერე კი, თან პატიოსანი უნდა დარჩე.
ძნელია. ერთეულების იყო ყოველთვის და ახლა თუ შეიცვლება, მაგას რა ჯობია და გარშემო ეს 58-ე მუხლი.
ეგ რომელი მუხლია გეცოდინება: სტალინიზმის სიმბოლოაო და 1961 წელს გააუქმეს. უსქელესი, თოთხმეტქვეპუქნტიანი მუხლია, რომელიც დასაწყისში სამშობლოს ღალატს გულისხმობს და მერე მოყვება ჯაშუშობა, კონტრრევულცია და მოკლედ, ყველაფერი, რითაც პატიოსან ხალხს ასამართლებდნენ. თანდათან იზრდებოდა და ლამის ყველაფერს მოიცავდა.
წინა კვირას, ეს ამბავი რო იწყებოდა, ძველმა კოლეგამ მომწერა, ერთი წინადადება თქვი, მალე აგენტებს დააწერენ ჩვენს წიგნებსო. დააწერენ, მაშ. მასეთი კანონების ქვეყანა ვართ, მარა მიხეილ ჯავახიშვილი და ტიციან ტაბიძე თუ იყვნენ აგენტები და დახოცეს, წიგნზე წარწერა ორდენი თუ არა, ერთი პატარა მედალი კი გამოდის. ეგება იამაყო კიდეც, მეც გამაფუჭესო. გაფუჭებაც რა, ძველად მოკვლას ერქვა. მერე ციხის კულტურამ რომ იმძლავრა – კაცის გაუპატიურებასაც, ახლა აღარ ვიცი.
სხვა რა მოლოდინი უნდა მქონდეს, როგორც ადამიანს,რომელიც ამაში გაიზარდა, არ ვიცი. უიმედობა ცუდია. მასებისთვის არასაჭირო. ბოდიში, მარა კაი ხანია, არ მჯერა, რომ იქედან, სადაც ძალაუფლებაა, რაიმე კარგს ველოდე. იმ ხრუშჩოვმა კი გააუქმა ის 58-ე მუხლი, მაგრამ არსი იგივე დარჩა – ჩვენ მაგ არსში ვცხოვრობთ. აი, ამ წამამდე და ყველაფერიც ვიცით, რა საშინელებაც ეგ რუსეთია, რა ჯანდაბაც ეგ კანონი და რაც ჩვენავე ვართ. მოკლედ, როგორც იოანე ბატონიშვილი იტყოდა ამ ორასი წლის წინათ, ქართლში სამართალი არცა ქმნულა და არც იქმნებისო. მეფის შვილი იყო, ვინმე უკუმთქმელი კი არა.
ახალგაზრდებისთვისაა ოცნება, თორე ვინ ოხერი. ბრძოლაც მათთვისაა. ამ ბრძოლის სიმძიმე, კიდევ წინაა.
შარშან რო მომწერე ამ კანონზე, ტელევიზორში ვუყურებდი და დღიურს ვწერდი. კი არ მიფიქრია გამოქვეყნება და ახლა აღარც ვიცი სად არის. მგონი, მარტი იყო და სანამ უარით გიპასუხე, კი ვნახე ტელვიზორში, დაჭერილიაო. რაღა უნდა მეპასუხა, დაჭერილზე უარი რაღაა და დარჩა ამბავი ეგრე უხერხულად.
მგონი, შარშანაც ამას მოგწერდი.
ეს წერილი, თუ გამოგადგება რამეში, გამოაქვეყნე, თუ არ გამოგადგება და კი დაიტოვე, ან წაშალე. მოკლედ, როგორც მოგინდეს.
ოღონდ, თუ გამოაქვეყნებ, მაინც გთხოვდი, რომ შენდამი წერილს ფორმა ჰქონდეს, ანუ ზუსტად ასეთი იყოს, თორემ სტატიას და რაღაც ასეთს ვერ ვახერხებ და მგონი, არც არავის უნდა, თან ახლოსაც არ ვარ მანდედან და ინტერნეტიც ვერაა, რო უნდა იყოს, ისეთი.
პ.ს. ფეისბუკებში დაუწერიათ, ხმას რათ არ იღებსო. კი ვიღებ, მარა დამღლელი ჩანს ალბათ, მოკლე წინადადებები კიდე მე ვერ შამიძლია, კამისრებმა იცოდნენ : ) და ზემდგომიდან მითითებასაც ჰგავს. ჩვენი ამბავი კი ახლაც, არის „სათქმელად ძნელი“- როგორც ერთი ძველი მწერალი იტყოდა.
მადლობა და ბოდიში, პასუხი მართლა გრძელი გამომსვლია. : ) არ ღირდა.
გიო