ამ ბლოგში არავინ კვდება - წერილი კარანტინიდან

მაია მესტუმრე

4 თებერვალს ფეისბუქზე გავაზიარე ჩინელი ბლოგერის წერილი კარანტინში მოქცეული უხანიდან და ვწერდი, რომ ყოველდღე ვფიქრობდი უხანელებზე, მათ განცდებსა და ემოციებზე…

ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ზუსტად ერთი თვის შემდეგ მსგავსი ბლოგის დაწერა მომიწევდა.

ჩინეთში კორონავირუსის გავრცელებამდე რამდენიმე თვით ადრე, მეგობრებმა იტალიის ბილეთები ვიყიდეთ. ბოლონიის, ფლორენციისა და ვენეციის მონახულება გვქონდა გეგმაში. იტალიაში რომ გავფრინდით, ვირუსი ჯერ  დაფიქსირებული არ იყო, მაგრამ „სიკვდილი ვენეციაში” ხომ წაგიკითხავთ, სადაც მთავარ გმირს ქოლერა შეეყრება ვენეციაში და საჯაროდ არავინ ამბობს, რომ ქოლერა გავრცელდა. ჰოდა წასვლამდე რატომღაც გადავიკითხე.

ვენეცია ზუსტად ისეთივე მშვენიერი და მშვიდი იყო, როგორც ამ მოთხრობაში და ვიფიქრე რომ აი ახლაც იქნებ დაქრის აქ კორონა, ქოლერასავით, მაგრამ ამას არავინ გვეუბნება-მეთქი.

უკანა გზაზე თვითმფრინავში გავიგეთ, რომ მილანში რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა და ქართველები ამბობდნენ, გამოვასწარითო.

მე მილანში არ ვყოფილვარ და, რადგან მეგობრებთან ერთად ვიყავი, ძირითადად უცხო ადამიანებთანაც არ მიწევდა კონტაქტი. თბილისიდან გაციებული წავედი, ყელი ძალიან მტკიოდა, მაგრამ ვერ მოვითმინე იტალიური ნაყინი რომ არ მეჭამა და უარესად ავიტკიე.

ქუთაისის აეროპორტიდან თბილისამდე ავტობუსში ყველა კორონაზე ლაპარაკობდა, სახლში მოვედი, ტელევიზორი ჩავრთე და ისევ კორონა…  და რამდენიმე დღეში, როცა ყველა ქვეყნის ყველა ნიუსი მოვისმინე, სიცხემაც არ დააყოვნა – 37.2 ხაზი, თან სურდო მაქვს და თან ყელი მტკივა, შევიკეტე ოთახში და ვფიქრობ, არავის ვეკონტაქტო და ერთი-ორი დღე დავაკვირდე ჩემს თავს, ორი დღის შემდეგ მოვისმინე, რომ ვირუსი ინგლისშიც დაფიქსირდა თან იტალიიდან ჩასულ ადამიანს დაუდგინდა.

ჩავიცვი და პირდაპირ  ინფექციურში გავიქეცი.

დამხვდნენ ძალიან გადაღლილი ექიმები და საშინლად სარემონტო შენობა, რაც ადამიანებს პირველ შთაბეჭდილებად უტოვებს, რომ აქედან უფრო შეიძლება წაიღოს რაიმე ინფექცია, ვიდრე განიკურნოს.

მიმღებში ჩემი ისტორია ჩაიწერეს, სიცხე გამიზომეს და მთხოვეს ერთი საათი მომეცადა. ორი საათი ველოდე, მერე თავიდან ბოლომდე შეფუთულმა ექთანმა გადამიყვანა ბოქსის შენობასთან და ექიმებს ასძახა – ქეთინოოოო, ქეთინოოოო!

ქეთინომაც ჩამოირბინა და კარები გაგვიღო, ავდივართ. კლაუსტროფობია მეწყება, ჯერ ხმას არ ვიღებ, სრულად ეკიპირებულნმა ექიმმა – ეს ის ორსული გოგო არაა, აქ რას მოიყვანე წაიყვანე მიმღებში და იქ მოვა ლუგარის გოგოო. წამო, წამო მიმღებშიო. გზაში ძლივს  გავაგონე მედდას, რომ არ ვიყავი ორსულად, უბრალოდ მსუქანი ვიყავი. გაიცინა, ალბათ მალე გათხოვდები, ყველას ორსული რომ გვეგონეო. მიმღებში დამხვდა ის ორსული გოგო. ერთად აგვიღეს ნაცხი ყელიდან და ცხვირიდან და წაიღეს დასათესად. დაგვაბრუნეს ბოქსში, დაგვსვეს დერეფანში, სანამ ოთახებს დეზინფექციას უტარებდნენ და ახალ ზეწრებს აკრავდნენ. ვთხოვე, რომ გარედან არ ჩაეკეტათ ჩემი კარი, ისედაც ვერსად წავიდოდი ჩაკეტილი შენობიდან, შემიყვანეს დიდ ფანჯრებიან ოთახში და კლაუსტროფობიაც მაშინვე გაქრა. ვიყავი ძალიან მხნედ, რადგან ყველაფერი ფეისბუქზე დავწერე და ძალიან ბევრი ხალხი მიჭერდა მხარს და მამხნევებდა. თხუთმეტ წუთში ერთხელ შემოდიოდნენ მედდები და ხან სისხლის ანალიზს მიღებდნენ, ხან რენტგენზე მივყავდი. იმ ღამესვე მითხრეს, რომ სისხლი და ფილტვები სუფთა იყო, მხოლოდ ლუგარის პასუხი იყო დარჩენილი. ვიყურებოდი ინფექციურის დანგრეული შენობის ფანჯრებიდან, მტრედებს პურს ვაჭმევდი და ვფიქრობდი, რომ როგორღაც ყოველთვის ვახერხებ უბედურებების ეპიცენტრში ყოფნას და ადამიანების მხარდაჭერით ამ უბედურებების იოლად გადატანას.

ლუგარის ლაბორატორიიდან პასუხის დრო რომ მოახლოვდა, ბებიაჩემს დავურეკე, რომელიც 87 წლისაა და ვიფიქრე, რომ დადებითი პასუხის, ანუ კორონას დაფიქსირების შემთხვევაში შესაძლოა, ჩემს ხმაზე ყველაფერს მიმხვდარიყო და სჯობდა მანამდე დამერეკა, ისეთ მხიარულს მესაუბრა მასთან, როგორიც ვარ საერთოდ ცხოვრებაში.

ბებოს დამშვიდების პროცესში ვიყავი, როცა გახარებული ექიმი, რომელიც მისვლის წამიდან ყოველი დერეფანში ჩარბენისას ბოქსის ფანჯარაზე მიკაკუნებდა და მამხნევებდა, შემოვარდა და მითხრა – უარყოფითია შენი პასუხი, არ გაქვს კორონაო, ბებომაც თავის ყურით მოისმინა, რომ ყველაფერი კარგად და უკეთაც  იქნებოდა, ერთით ნაკლები ნაყინი რომ მეჭამა.

პასუხის გაგებისთანავე  სახლში წასვლა მომინდა. მზად ვიყავი თვითიზოლაციაში ყოფნისთვის, მაგრამ არც კარანტინზე მითქვამს უარი.

ბოქსირებული სასწრაფოს მანქანით გადმოგვიყვანეს სამნი რესპუბლიკურში, სასწრაფოს მანქანის მძღოლი გავაფრთხილე, რომ კლაუსტროფობია მქონდა და შემპირდნენ, რომ გზაში როცა ვეტყოდი, კარს შემიღებდნენ, თუმცა არ დამჭირდა, სულ ორი წუთის გზა იყო.

რესპუბლიკურში მოსვლისთანავე ვთქვი, რომ მინდოდა თვითიზოლაცია, მაგრამ მიპასუხეს – გვიანია და ხვალამდე ვერაფერს ვიზამთო. წამოდით ოთახებს გაჩვენებთო. რაც უფრო ღრმად შევდიოდი უფანჯრო დერეფნებში, რომლებსაც ჩვენი გავლის შემდეგ კარით კეტავდნენ, უფრო და უფრო ცუდად ვხდებოდი. ოთახში რომ შევედი, აღმოვაჩინე, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს დამპროექტებელს არასდროს უნახავს კლაუსტროფობიიანი ადამიანი: ფანჯრები იყო უშველებელი, მაგრამ გარეთ ვერაფერს ხედავდი, შუშებს შორის ჟალუზები იყო ჩაყოლებული და არ მოძრაობდა. ანუ ჩათვალეთ, რომ კედელი იყო, ოღონდ სხვა ფერის.

ერთი ფანჯარა იღებაო, მითხრეს. ისიც ბოლომდე არა. რაფაზე უნდა ამძვრალიყავი, რომ იქიდან გარესამყაროსთვის მოგეკრა თვალი. ისეთი პანიკური შეტევა დამემართა, აქამდე რომ არასოდეს მქონია, არც მეტროში გაჭედვის დროს და არც მაშინ, ლიფტში რომ გავიჭედე, კარები ჩემი ხელით გავხსენი და იქ აგურის კედელი დამხვდა.

უკან გავიქეცი, დერეფანში. ვეუბნებოდი, რომ არსად არ წავიდოდი, აი უბრალოდ აქ ვიჯდებოდი სკამზე მთელი დღეები, ოღონდ იქ არ ჩავეკეტე, ან ინფექციურში დავებრუნებინე,  თუ სახლშიც არ მიშვებდნენ. თავიდან ცოტა გამიბრაზდნენ, ვიღაცებთან დარეკეს და იმათაც უთხრეს, რას მოგყავდათ ეს აქო და მერე მივხვდი, რომ არც ამათ უნახავთ არასდროს  ადამიანი კლაუსტროფობიით.

ვეცადე სრული სიმშვიდით ამეხსნა, რომ სულ ცოტა დრო მჭირდებოდა შესაგუებლად, რომ აქ უნდა ვყოფილიყავი, და ექიმებს უნდა სცოდნოდათ, რა არის კლაუსტროფობია და რის გამოწვევა შეუძლია. ცოტა მე დავთმე და ცოტაც მათ. ბოდიშიც მოვიხადე და ვუთხარი, რომ მესმოდა, რომ ათას გიჟთან უწევდათ ურთიერთობა და რომ ახლა მეც დავემატე და სრულიად მოულოდნელი პრობლემა შევუქმენი.

გუშინდელი ღამე ფაქტობრივად რაფაზე ამძვრალმა და ფანჯარისმაგვარ ჭრილში გადაკიდებულმა გავატარე. გავიყინე. როგორც იქნა, დაძინება მოვახერხე. დილით ზეწრების გამოსაცვლელად და დეზინფექციის ჩასატარებლად შემოვიდნენ. გაღვიძებისთანავე დავიწყე თვითიზოლაციაზე საუბარი  და ვერაფერზე  ვკონცერტრიდებოდი ამის გარდა. მედდებს, დამლაგებლებს, ყველას, ვისაც ეს არ ეხებოდა ყველას ვეუბნებოდი, რომ ვერ გავძლებ ასეთ ფანჯრებთან და დანარჩენი არანაირი პრობლემა არ მაქვს არც საკვებთან, არც სისუფთავესთან არაფერთან, ყველაფერი არის ისე, როგორც უნდა იყოს-მეთქი. უბრალოდ ფანჯრები არ არის-მეთქი.

ყველა იზიარებდა ჩემს მდგომარეობაში, მაგრამ მაინც სულ მრჩებოდა შეგრძნება, რომ  სულ სხვა პრობლემები ჰქონდათ და მე კიდევ უფრო ვამძიმებდი, ვაწუხებდი ზედმეტად ხალხს და სულ ვიმეორებდი – ბოდიში, არ მინდა, ასე რომ ვიქცევი, მაგრამ მართლა ცუდად ვარ. თან  11 დღე გავიდა უკვე ჩემი ჩამოფრენიდან და ის მაინც მითხარით, ზუსტად რამდენი დღე უნდა ვიყო აქ-მეთქი. ზუსტად ვერავინ მპასუხობდა და ეს უფრო ცუდად მხდიდა.

ზუსტად იმიტომ მოვხვდი ამ კარანტინში, რომ ადამიანები და სიცოცხლე მიყვარს და ვერაფრით ვაპატიებდი თავს, ერთი ადამიანი მაინც რომ ჩამეგდო საფრთხეში ჩემი აქ არმოსვლით, თუმცა სანაცვლოდ  ჩემი სიცოცხლე ჩავაგდე საფრთხეში და ყველა შევაწუხე – ექიმები, მეგობრები, ოჯახი,  ნათესავები და უცნობი ადამიანებიც კი.

ექიმებმა ჩაიწერეს მისამართი, სადაც თვითიზოლაციას შევძლებდი და შემპირდნენ, რომ გადაამოწმებდნენ ამ ადგილს და მეტყოდნენ, შემიძლია თუ არა ეს. ამან იმედი მომცა და შევძელი ისევ გამეცინა ჩემი საყვარელი გადაცემის ყურებისას, თუმცა არ ვიცი, ხვალ რა იქნება…

მხოლოდ სამ რამეში ვარ დარწმუნებული:

1)  მე არავისთვის გადამიდია კორონავირუსი;

2) ექიმები და მედდები, ვინც დღეს ფრონტის ხაზზეა, მინიმუმ პრემიებს მაინც იმსახურებენ;

3) ისეთი ფანჯრები, რომლიდანაც არაფერი არ ჩანს, კანონით უნდა იკრძალებოდეს.

გადადით ბმულზე, გახდით ჯგუფის წევრი და თვალი ადევნეთ გადამოწმებულ ახალ ამბებს კორონავირუსის შესახებ.