საჭიროა ზრუნვა დევნის ნაცვლად
მოხდა ტრაგედია – გარდაიცვალა პირველი არხის თანამშრომელი, გავრცელებული ხმების მიხედვით, ის აზარტულ თამაშებს თამაშობდა.
მის გარდაცვალებას გლოვობენ მისი ახლობლები, ხალხი, ვისაც იგი უყვარდა, და არა მარტო ისინი, იმიტომ, რომ ადამიანის გარდაცვალება – ტრაგედიაა. ჩვენ არა გვყავს შვილი დასაკარგავი.
როდესაც საყვარელი კოლეგა და თანამშრომელი – ნატალია ზაზაშვილი გარდაიცვალა, უსუსურობა რომ არ გვეგრძნო, კოლეგებმა მისი სახელობის კონფერენცია დავაარსეთ, უკვე მეშვიდე წელია ვატარებთ და მას ვუძღვნით. მისი სახელით კარგი საქმეების კეთება გვეხმარება მისი სიკვდილის გადატანაში.
ასევეა გარდაცვლილი ახალგაზრდის შემთხვევაში – მისმა თანამშრომლებმა, პირველმა არხმა, უკვე გადაწყვიტა, რომ აზარტულ თამაშებს აღარ დაარეკლამებს. და ეს მნიშვნელოვანი ცვლილებაა, ადრეც უნდა მომხდარიყო, უფრო სწორად – აზარტული თამაშების რეკლამირება საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან საერთოდ არ უნდა მომხდარიყო. მაგრამ იყო, ახლა – აღარ იქნება.
მობილიზდა საზოგადოების ნაწილიც და ცდილობს ახალგაზრდის სიკვდილზე საპასუხოდ მოითხოვოს ცვლილებები – ძირითადად, კანონმდებლობაში. ითხოვს აგრესიული და უპასუხისმგებლო რეკლამირების აღკვეთასა და სათამაშო ბიზნესის ქალაქგარეთ გატანას – ეს ყველაფერი უაღრესად მნიშვნელოვანია.
მაგრამ დღეს, ასევე, გაისმის ადიქციებთან (ნივთიერებასა თუ ქცევაზე დამოკიდებულების პრობლემებთან) დაკავშირებული 90-იანების დროინდელი ლოზუნგები: მაშინ ნარკომანია იყო „ერის გენოციდი“, ახლა აზარტული თამაშებია „ერის გენოციდი“. და ეს სწორედ ის მახეა, რომელსაც თავი უნდა ავარიდოთ, რომ პრობლემის გამკლვების ნაცვლად, მომხმარებლებს ომი არ გამოვუცხადოთ.
იმის გამო, რომ 90-იანებში „ნარკომანია ერის გენოციდია“ მითი შეიქმნა, რომელიც 2000-იანებში „ქალაქში მკვლელი დადის“ აქციით გამყარდა. დღესაც ხშირად გავიგონებთ მითოლოგიზებულ მსჯელობას, რომ „ნარკომანია ადამიანის არჩევანია“. ეს მცდარი აზრია, აზროვნების შეცდომაა. წამალდამოკიდებულება – ფსიქიკური აშლილობაა, მას ადამიანი იმდენადვე ირჩევს როგორც, მაგალითად, შაქრიან დიაბეტს ან ჰიპერტონიას.
საზოგადოების სწორედ ამგვარი მითოლოგიზებული დამოკიდებულების გამო ნარკოდამოკიდებული ადამიანები მკურნალობის ნაცვლად დღესაც სამართლებრივ დევნას ექვემდებარებიან, ხოლო ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციას ვერცერთი ხელისუფლება ვერ ბედავს, ეშინია, რომ ამომრჩეველი ვერ გაუგებს.
დღეს გავიგე, რომ გარდაცვლილი ახალგაზრდა მარიხუანის მოხმარების გამო პრობაციაზე იყო. ესე იგი, სახელმწიფოს დონეზე, სხვა მომხმარებლების მსგავსად, მასაც სდევნიდნენ – ზრუნვის ნაცვლად. იქნებ ამან მაინც გვაფიქრებინოს, რომ გამოსავალი არა დასჯაში, არამედ ზრუნვის სისტემის აგებაშია.
გაშუქების სტანდარტი
ამ ორ დღეში ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ დაირღვა თვითმკვლელობის გაშუქების მედიასტანდარტი. კერძოდ, აზარტულ თამაშებში ჩართულობა ნაჩვენები იქნა, როგორც თვითმკვლელობის ერთადერთი მიზეზი.
მართალია, აზარტული თამაშები ზრდის სუიციდის რისკს, მაგრამ სუიციდი რთული, კომპლექსური პრობლემაა, მას არა აქვს ერთი ცალკე აღებული მიზეზი. ასე გასადავებულად მისი გაშუქება, ჟურნალისტთა ქარტიის სიტყვებით რომ ვთქვათ, „ფარულ მესიჯს ატარებს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანისთვის გამოსავალი სუიციდია“.
ზოგიერთმა მედიასაშუალებამ მოახდინა გარდაცვლილის პირადი მიმოწერის გასაჯაროება, მისი კონფიდენციალური ზარების თაობაზე ინფორმაციის გავრცელება, გამოიყენა სენსაციური სათაურები. არ იყო გათვალისწინებული, რა დამატებითი ტკივილი მიადგებოდა ოჯახს. სუიციდის სენსაციური გაშუქება უკლებლივ ყველასთვის საზიანოა.
ვის მივმართოთ დახმარებისთვის?
ტრაგედიის გაშუქებისას, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებისათვის გამოსავლის ჩვენება – ვის მიმართოს დახმარებისთვის, როცა ადამიანს ან მის ახლობელს მსგავსი პრობლემები აწუხებს. სწორედ აქ გვაქვს პრობლემა:
როგორც არ უნდა გავამკაცროთ კანონი, თუ არ იქნება სერვისები, რომლებიც აზარტულ თამაშზე დამოკიდებულების მქონე ადამიანებს მოემსახურება, თვითონ ეს ადამიანები, მათი ოჯახებიცა და საზოგადოებაც მუდმივად უსუსური ვიქნებით ამ პრობლემის წინაშე.
რამდენადაც ადიქციის კვლევის სფეროში ვმუშაობ, ხშირად მომმართავენ ხოლმე რჩევისთვის – სად მიიღოს დახმარება ოჯახის წევრებმა, რომლებსაც აზარტულ თამაშზე დამოკიდებულების პრობლემა აქვს. ვერაფრით ვეხმარები. როგორ წესი, ასეთი ოჯახები სიღარიბის ზღვარს მიღმა არიან, ან გაღარიბდნენ სწორედ თამაშის გამო. უფასო სერვისი კი, ასეთ უკიდურეს გაჭირვებაში ჩავარდნილი ადამიანებისთვის ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს.
აზარტული თამაშების დამოკიდებულების შემთხვევაში არ უნდა დავდოთ ფსონი დიდ „რეაბილიტაციის ცენტრზე“. პირიქით, თემში უნდა არსებობდეს მოქნილი, მცირე მასშტაბის სერვისები, ხელის გაწვდენაზე, უფასოდ.
არც დეპრესიისა თუ შფოთვის, პანიკური შეტევების მქონე ადამიანებისთვის არსებობს უფასო ფსიქოთერაპიული სერვისი. არც ტრავმირებული ადამიანებისთვის. ეს ფსიქიკური პრობლემები კი, თავის მხრივ, ფსიქოაქტიურ საშუალებებზე დამოკიდებულებისა და აზარტულ თამაშებში ჩართვის რისკფაქტორია.
სახელმწიფომ თუ არ იზრუნა, რომ ამგვარი პრობლემების სამკურნალო სერვისები დაზღვევით ფინანსდებოდეს, როგორც არ უნდა გავამკაცროთ კანონი, ყოველთვის უსუსური ვიქნებით წამალზე თუ თამაშზე (თუ ორივეზე, რაც ძალიან ხშირია) დამოკიდებულების წინაშე.
დაავადება, სტიგმა და დისკრიმინაცია, მკურნალობა
რას წარმოადგენს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება, რა მდგომარეობაა ეს?
აზარტული თამაში – ეს არის თამაში, რომელსაც ფულზე თამაშობენ და რომელშიც მოგება თუ წაგება შემთხვევითობის პრინციპს ექვემდებარება. შესაძლებელია ადამიანი თამაშობდეს აზარტულ თამაშებს და არ იყოს მათზე დამოკიდებული. მაგრამ დამოკიდებულების განვითარების რისკი მაღალია.
გადაიზრდება თუ არა პერიოდული თამაში თამაშზე დამოკიდებულებაში, დამოკიდებულია მთელ რიგ ბიოლოგიურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ ფაქტორებზე, და ამ ფაქტორების ურთიერთქმედებაზე. ამიტომ, ადამიანმა უფრო ხშირად არ იცის წინასწარ, თუ რამდენად მოწყვლადია ის აზარტული თამაშის მიმართ.
აქედან გამომდინარე, ყველაზე კარგი გამოსავალია – თამაშისგან თავის შეკავება და დროის გატარების სხვა, ბევრად უფრო კონსტრუქციული საშუალებების გამოყენება.
თამაში იწყება ექსპერიმენტირებითა თუ სოციალური მოტივებით, შესაძლოა ძლიერი შთაბეჭდილებების მიღების სურვილით – მოტივაცია სხვადასხვაგვარია. მაგრამ, თუ ადამიანი კარგავს კონტროლს ამ ქცევაზე და, განაგრძობს თამაშს შექმნილი პრობლემების მიუხედავად – აქ უკვე, ე.წ. „პრობლემურ თამაშთან (გემბლინგთან)“ გვაქვს საქმე. თუ ადამიანი პრობლემურ გემბლინგს იმდენად ხშირად მიმართავს, რომ ქვემოთ მოცემული ჩამონათვალიდან 4 ნიშანი მაინც სახეზეა უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში, მაშინ ეჭვი უნდა ავიღოთ, ე.წ. „თამაშთან დაკავშირებულ (გემბლინგის) აშლილობაზე“:
-
სასურველი ეფექტის მისაღწევად სულ უფრო მეტ ფულზე თამაშობს;
-
მოუსვენარი ან გაღიზიანებულია, როდესაც ცდილობს შეამციროს ან თავი დაანებოს თამაშს;
-
განმეორებადი წარუმატებელი მცდელობები – შეამციროს ან შეწყვიტოს თამაში;
-
ხშირი ფიქრები თამაშის შესახებ (წარსული თამაშის გახსენება, მომავალი თამაშის დაგეგმვა ან ფულის შოვნაზე ფიქრი);
-
სტრესის დროს – ხშირი თამაში;
-
წაგების შემთხვევაში სათამაშოდ მობრუნება – თამაშით „ფულის დასაბრუნებლად“
-
ტყუილები, რათა დაფაროს თამაში;
-
თამაშის გამო, მნიშვნელოვან ადამიანებთან ურთიერთობის გაფუჭება ან გაწყვეტა, სამსახურისა თუ სწავლის შესაძლებლობის დაკარგვა;
-
თამაშით გამოწვეული ფულადი პრობლემების გამო პასუხისმგებლობის სხვაზე გადატანა.
აზარტულ თამაშზე დამოკიდებულება 1979 წელს პირველად იქნა შეტანილი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციაში. მაშინ ის გააზრებულ იქნა, როგორც იმპულსების კონტროლის უუნარობის პრობლემა, შემდგომ კი – როგორც ადიქციის (წამალდამოკიდებულების) პრობლემებიდან – ერთ-ერთი.
ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის დაავადებათა კლასისიკაციში 2013 წლამდე შესაბამისი დიაგნოზის სახელწოდება იყო „პათოლოგიური გემბლინგი“. მაგრამ რამდენადაც სიტყვა „პათოლოგიური“ სტიგმას აყალიბებს, უკვე 2013 წელს, ახალ კლასიფიკაციაში, ის შეიცვალა სახელწოდებით „გემბლინგის აშლილობა“.
მით უმეტეს სტიგმას აყალიბებს ტერმინი „ლუდომანია“, რომელსაც დღეს საქართველოში გაიგონებთ როგორც საზოგადოების, ასევე პროფესიული თემის მხრიდან. ნებისმიერი ტერმინი, რომელიც შეიცავს „მანიას“, საზოგადოებას ნეგატიურ განწყობას უჩენს და იმ ადამიანების დისკრიმნაციის საბაბი ხდება, რომლებიც ამ სტიგმის ქვეშ ექცევა.
ამიტომ, მეტი პრობლემა რომ არ დავუმატოთ ადამიანებს, ვისაც ეს აშლილობა აწუხებთ, სასურველია ვილაპარაკოთ „აზარტულ თამაშებთან დაკავშირებულ აშლილობებზე“. და თუ მაინცდამაინც ერთი სიტყვით გვინდა გამოვხატოთ სათქმელი, სასურველია ვიხმაროთ ნეიტრალური „გემბლინგი“, ხოლო მასტიგმატიზებელი „ლუდომანია“, „ლუდომანები“ – ამოვიღოთ ხმარებიდან.
აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების მკურნალობა ეფექტურია. არსებობს მტკიცებულებითი მეთოდები – კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია, მოტივაციური ინტერვიუირება, მაინდფულნესი, ონალინ მოკლე ჩარევები, ასევე – ფარმაკოთერაპია. მაგრამ ჩვენთან ეს საქმე სათანადოდ აწყობილი არ არის. სახელმწიფომ უნდა შეუწყოს ხელი ფსიქიკური ჯანმრთელობის გავრცელებული პრობლემების მკურნალობის ხარისხიანი სერვისების შექმნას.
გავრცელებული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების (ტრავმა, შფოთვა, დეპრესია, ადიქციები) მკურნალობას უნდა აფინანსებდეს დაზღვევა. ეს ჩვენს მოქალაქეებს, მათ ოჯახებს, მთლიანობაში საზოგადოებას ააცილებდა ბევრ ისეთ ტრაგედიას, რომლის თავიდან აცილებაც შეგვეძლო. და ეს სახელმწიფოსთვისაც მომგებიანი და ნაკლებხარჯიანი იქნებოდა.
საჭიროა პრევენცია და სწორი პოლიტიკა
რა არის პრევენცია? – რისკფაქტორების შემცირება და დამცავი ფაქტორების გაზრდა.
რა არის ნივთიერებებსა თუ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რისკფაქტორები?
რეკლამა, პროპაგანდა. ამ გაზაფხულზე ვუყურებდი თბილისის ქუჩებში გამოფენილ პლაკატებს ჩვენი სასიქადულო ფეხბურთელებით და მეგონა, რომ ეს მათი ხსოვნის საპატივცემულოდ ხდებოდა. ასე ვფიქრობდი, სანამ ერთ დღესაც, ორი ამგვარი პლაკატი ერთმანეთის მიყოლებით არ მომხვდა თვალში: ერთი იყო „ვამაყობთ თქვენით“ და მეორე – ყბადაღებული „ითამაშე მხოლოდ სიამოვნებისთვის“… სწორედ მაშინ მივხვდი, რომ აზარტული თამაშების ინდუსტრია ფეხბურთელებს უბრალოდ იყენებდა.
ძალიან აგრესიულად ხდება რეკლამირება – ყველგან, ყველა სივრცეში, ყველა არხით: ქუჩა, მობილური, კომპიუტერი, ტრანსრპოტი, ტელევიზია და ა.შ. – ეს ყველაზე ავთვისებიანი რისკფაქტორებია, ეს მნიშვნელოვნად ზრდის მოხმარების რისკებს, ეს უნდა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ.
უპასუხისმგებლობა. და მაინც, როდესაც ინდუსტრია ცდილობს, გააბრიყვოს მოსახლეობა დიდი ტყუილით („ითამაშე და მოიგე“), ნაკლებად გიკვირს ადამიანს. მაგრამ საგანგაშოა, როდესაც ამაში მას ხელს ადგილობრივი მმართველობის სტრუქტურები უწყობს. დღემდე – საზოგადოებრივი მაუწყებელიც. ამას წინათ ტაქსის მძღოლმა მომიყვა, რომ მერიამ, ტაქსის უფასო გადაღებვის პირობად მანქანის ფერდზე რომელიღაც კაზინოს რეკლამის დატანება დაუყენა. მან უარი თქვა, იმიტომ, რომ მიიჩნია, რომ ეს საზოგადოების კეთილდღეობის საწინააღმდეგოა. ამას ხვდება ერთი ცალკე აღებული რიგითი მოქალაქე, და სავალალოა, რომ ვერ ხვდება ადგილობრივი მმართველობა, რომლის მისიაც ქალაქსა და თანამოქალაქეებზე ზრუნვაა.
გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა. ყოველ ფეხის ნაბიჯზეა სათამაშო ავტომატები, სლოტ-კლუბები, კაზინოები და ა.შ. ამგვარი ხელმისწავდომობა ზრდის მოხმარების მოთხოვნას. ამ მხრივაც აუცილებელია, ვითარება შეიცვალოს.
ასაკობრივი ხელმისაწვდომობა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობით 21 წლამდე თამაში აკრძალულია, კანონის აღსრულების მექანიზმები არ მუშაობს. უნდა შემუშავდეს და ამუშავდეს კანონის აღსრულების მექანიზმები.
ფინანსური ხელმისაწვდომობა. რომელს არ მიგვიღია შეტყობინება “თქვენ დაგიმტკიცდათ სესხი“…
არცოდნა. გუშინ ერთ-ერთმა ტელეარხმა აზარტული თამაშებით გამოწვეულ პრობლემებზე სასაუბროდ დილის გადაცემაში მიმიწვია. გადაცემის დასაწყისში ისე ბრუტალურად დაახასიათეს ის ადამიანები, რომლებიც თამაშობს, უკვე რომ არ ყოფილიყო ჩვენს საზოგადოებაში სტიგმა, ამ დახასიათების მოსმენის საფუძველზე გაჩნდებოდა, სტიგმაცა და სიძულვილიც. მეორე პრობლემა – ჩემს საუბარს ფონად დაადეს ვიზუალი, რომელიც კაზინოების, სლოტ-კლუბების, სათამაშო აპარატების გლამურული იმიჯების მონაცვლეობას – ფაქტბორივად – აზარტული თამაშის ვიზუალურ რეკლამას წარმოადგენდა. როცა სახლში მობრუნებულმა ეს სიუჟეტი ვნახე, დავრეკე და პროდუსერს ვთხოვე, რომ ტელეკომპანიის ფეისბუკ-გვერდიდან წაეშალათ. ის დამთანხმდა, მაგრამ მივხვდი, რომ ჩემი თხოვნა ახირებად აღიქვა. ნივთიერებებსა და თამაშზე დამოკიდებულების გაშუქების მედიასტანდარტების თაობაზე ცნობიერების ასამაღლებლად ცალკე მუშაობაა საჭირო.
სიღარიბე. დაუსაქმებლობა, უიმედობა, ჯანსაღი გართობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის არარსებობა – ეს ყველაფერი ხელს უწყობს, ერთი მხრივ, მაგიური აზროვნების განვითარებას (საოცრების მოლოდინს, რომელსაც ეჭიდება „ითამაშე და მოიგე“ მარკეტინგული ხრიკი…), ხოლო მეორე მხრივ – უკიდურესად ღარიბი სინამდვილიდან გაქცევის გზების ძიებას, მათ შორის აზარტული თამაშისა თუ ალკოჰოლის მოხმარების საშუალებით.
რა არის დაცვითი ფაქტორები, რა უნდა გაძლიერდეს?
მოსახლეობა უნდა იყოს სწორად ინფორმირებული თამაშთან დაკავშირებულ რისკებზე: არა მარტო დამოკიდებულების განვითარების რისკზე, არამედ იმაზეც, რამდენია მოგების ალბათობა ამა თუ იმ თამაშის შემთხვევაში.
დასავლეთის რიგ ქვეყნებში, აზარტული თამაშებით გამოწვეული ზიანის შესამცირებლად, საკანონმდებლო რეგულაციები სათამაშო ბიზნესის მფლობელებს ავალდებულებს, დააწეროს – სიმართლე, ანუ, მოგების რეალური შანსი – შესაბამის თამაშებს/მანქანებს. ასევე, სათამაშო დაწესებულების მახლობლად არ უნდა იყოს ბანკომატები, რადგან ეს ზრდის ფულის უკონტროლო ხარჯვის რისკს და ა.შ.
უნდა შეწყდეს ფულზე თამაშის ტოტალური პროპაგანდა და რეკლამირება.
უნდა შემცირდეს ფულზე თამაშის გეოგრაფიული, ასაკობრივი, ფინანსური ხელმისწავდომობა.
კიდევ გავიმეორებ, რამდენადაც ძალიან მნიშვნელოვანია: უნდა არსებობდეს უფასო/დაზღვევით ანაზღაურებადი სერვისები თამაშზე დამოკიდებულთათვის და არა მარტო – გავრცელებული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების (შფოთვა, დეპრესია, ტრავმა) მქონე პირებისთვის.
სკოლის კურიკულუმში უნდა დაინერგოს პრევენციული პროგრამები 11-12 წლის ბავშვებისთვის და ზევით, რომლებიც მიმართული იქნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების განვითარებისკენ (ემოციური რეგულაცია, კომუნიკაცია, პრობლემების მართვა, და ა.შ.). ეს პროგრამები (და არა მარტო ეს პროგრამები) უნდა ემსახურებოდეს კრიტიკული აზროვნების განვითარებას, რეკლამის მიღმა ამა თუ იმ ინდუსტრიის ინტერესების დანახვას, ფსიქოაქტიური საშუალებების მოხმარებასა და აზარტულ თამაშებში ჩართვასთან დაკავშირებული რისკების ცოდნას.
ქვეყანაში კი უნდა იქმნებოდეს სამუშაო ადგილები, უმჯობესდებოდეს ეკოლოგიური ვითარება – იქნება ეს ჰაერი თუ გამწვანება. თბილისი გაზის კამერას დაემსგავსა და ესეც ერთგვარი გზავნილია მოსახლეობაში, ნიჰილიზმის, უიმედობისა და კატასტროფის განცდის დასანერგად.
ნებისმიერი ადამიანისთვის ხელმისაწადომი უნდა გახდეს ცხოვრების ჯანსაღი წესი (ფინანსურად, გეოგრაფიულად, ასაკობრივად). საცურაო აუზის აბონემენტის ფასი არ უნდა უტოლდებოდეს ერთი თვის ხელფასს. ასევე, ხელმისაწვდომი უნდა იყოს კულტურული ცხოვრება.
ამ ზაფხულს ციურიხში ვიყავი. ისეთი სიძვირე იყო, რომ ჩემს მეგობარს მივწერე: აქ უგემრიელესი სუფთა ჰაერია, ყველაფერი დანარჩენი კი – ძვირი. ხოდა, აი ამგვარ სიძვირეში, თითქოს ალოგიკურად – ცურვის ერთთვიანი აბონემენტი მოქალაქისთვის სულ 5 ევრო ღირს. ამ დროს ყველაფერი სწორედაც რომ ლოგიკურია: სახელმწიფოს ესმის, რომ ეს სწორედ ის ინვესტიციაა, რომელიც თანამოქალაქეთა შესაძლო ავადობისა და ნაადრევი გარდაცვალების პოტენციურ ხარჯებს დაუზოგავს.
და კვლავ: მკაცრი ნარკოკანონმდებლობით ვერც ნარკოტიკების მოხმარების პრევენცია ხდება (რუსეთისა და სეიშელის კუნძულების მერე, საქართველო ლიდერობს ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელთა რაოდენობით) და ვერც აზარტული თამაშებისა. უნდა ხდებოდეს მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვა და პრობლემის გონივრულად და წესიერად მართვა.