Cherchez la femme! დამნაშავე ქალია!

ნუცა სპარსიაშვილი

სიძულვილი ნორმად იქცა. ადამიანებს სძულთ ადამიანები და ამასთან ერთად ვერ აუტანიათ გამოგონილი პერსონაჟები ეკრანიდან (მაგალითად, ბევრისთვის ცნობილი სერიალის, „ჩემი ცოლის დაქალების“ პერსონაჟი ნინა). აქ ქალისადმი სიძულვილის ფენომენი მსურს გამოვყო, რომელიც ყველაზე მკაფიოდ საქართველოში ფემიციდის სტატისტიკაში გამოიხატება. სოციუმისგან წახალისება და მხარდაჭერა რომ არა, ოჯახურ ძალადობასა და ფემიციდში დამნაშავეები თავისუფალ ფრენაში ვერ იქნებოდნენ.

ჩვენ ვცხოვრობთ იმ სინამდვილეში, რომელშიც ქალი დაუცველია, რადგან გვაქვს არასაკმარისად მოქმედი და შედეგის მომცემი ბერკეტები, რომლებიც ქალებს დაიცავს მოძალადისგან. მეორე პრობლემაა საზოგადოების ემპათიის ნაკლებობა ან არარსებობა მსხვერპლისადმი. გულგრილი დამოკიდებულება რომ არა, კარგი სმენის მქონე მეზობლები თუ სხვა თვითმხილველები უმოქმედოდ არ ისხდებოდნენ და საჭირო ზომებს მიმართავდნენ მეზობლის გადასარჩენად, მაგრამ ჩვენთან სხვის პირად სივრცეს იმდენად „პატივს სცემენ“, რომ საერთოდ მიუღებელია მათთვის ჩარევა და სხვის საქმეში ხელების ფათური. როცა მეზობლის, ნაცნობის, უცნობისა თუ ახლობლის დახმარება გადამწყვეტი შეიძლება აღმოჩნდეს მსხვერპლისთვის, ისინი დუმილსა და უმოქმედობას ირჩევენ. გავიხსენოთ ქუთაისში მომხდარი მკვლელობა.

ქალის სიძულვილისთვის, გმობისა და დასჯისთვის საზოგადოება მზადყოფნაშია. ქალი აპრიორი დამნაშავეა. როცა მასზე ძალადობენ (ფიზიკურად თუ ფსიქოლოგიურად), ბრალი მისია. ქალი მაშინაც კი დამნაშავეა, როცა ის მკვდარია, – მას კაცი რომ „არ გამოეწვია“, არ აკადრებდნენ ზედმეტს. ამ ლოგიკის მიხედვით, შევიწროებას, ფსიქოლოგიურად ძალადობას თუ ცემა-ტყეპას, როგორც ჯილდოს, დამსახურება სჭირდება. კომენტარები ამ სერიიდან არაერთი გვსმენია:

„– რა კარგი ბიჭია. ძალიან უყვარს ცოლი. ის ქალბატონი კი ზედმეტებს ტლიკინებს“, – საუბარია კაცზე, რომელიც ცოლზე ფიზიკურად ძალადობს;

„– მისი ცოლი რო დაბორიალობდა ვიღაც კაცთან, აბა რა ეგონა. როგორია კაცისთვის, როცა ხედავს, მისი შვილების დედა ვიღაცას რომ ხვდება“, – მესმის კომენტარი ქალისგან, რომელიც განიხილავს შემთხვევას, როცა კაცმა ყოფილი ცოლი მოკლა;

„– ის არ იყო პატიოსანი“, – ითქვა ქალზე, რომელიც ქმარმა სანადირო თოფით შვილების თვალწინ მოკლა;

„– იმ გოგომ შეყვარებულს უღალატა, მან კი შური იძია“, – ისმის კომენტარი კაცზე, რომელმაც პარტნიორი დაასახიჩრა.

ადამიანების რწმენით, ქალი დამნაშავეა, როცა მას აუპატიურებენ. მათ სჯერათ, რომ საღად მოაზროვნე ქალს შეიძლება სურდეს ძალადობრივი გზით დამყარებული სექსუალური კავშირი. მათი გულგრილი დამოკიდებულება მსხვერპლისადმი და დამნაშავის გამართლება ძალადობის წახალისების წინაპირობაა.

ქალი პატრიარქალურ ყოფაში ობიექტივიზებულია. ის დაქვემდებარებულ როლში წარმოჩინდება. როცა ობიექტს აღარ სურს ობიექტად ყოფნა და სუბიექტის სახეს იღებს, მის მმართავ სუბიექტს ეს არ მოსწონს. მმართავი სუბიექტი ხვდება, რომ ობიექტის სუბიექტად გარდაქმნით, ის მასზე დაკარგავს დომინაციას და ძალაუფლებას, რაც ნიშნავს იმას, რომ სუბიექტი მასზე დაქვემდებარებული უკვე აღარ იქნება. სუბიექტი ყოფილ ობიექტზე, ფაქტობრივად, კონტროლს კარგავს, ვეღარ იმორჩილებს. ვინაიდან მმართველი სუბიექტისთვის საკუთარი ძალისა და მასკულინობის რეალიზაცია სუბიექტზე გადის (და ეს სუბიექტი ქალია), სუბიექტის ხელიდან გამოცლა მისთვის დიდი დანაკარგია. ახალ ვითარებაში ის დაკარგულია, სიახლეებს ვერ და არ ეგუება. სუბიექტს სურს, განმტკიცდეს დომინანტობასა და ძალაუფლებაში. სურს, დაუმტკიცოს თავს, ყოფილ ობიექტსა და სხვა დანარჩენს ეს ძალაუფლება; სურს, გამარჯვება მოიპოვოს ყოფილ ობიექტზე (აწ უკვე სუბიექტზე). საამისოდ კი ყველაზე სასტიკ გზას ირჩევს – სუბიექტს ფიზიკურად ანადგურებს.

დისკრიმინაცია, სექსისტური განწყობა და მიზოგინია განპირობებულია ზუსტად იმ ნარატივით, რომ ქალი ობიექტივიზებულია.

თუ ქალი „კარგი“ შვილი, დედა, ცოლი, შეყვარებული არ იქნება, იქნება გარიყული იმავე საზოგადოებისგან. სხვების მიერ დადგენილი სტანდარტების დაკმაყოფილება და სრულყოფილი ქალის ხატის შექმნა ის აუცილებლობაა, რომელსაც საზოგადოება ქალისგან მოითხოვს. რა სურს თავად ქალს თავისთვის, იმავე საზოგადოებას არ აინტერესებს. ქალის ცხოვრება და პირადი სივრცე სხვების მიერ მკაცრად რეგლამენტირებული და შეზღუდულია. არსებობს „ნამდვილი ქალის“ კულტი, რომელიც არის აუცილებლად „სამაგალითო“ შვილი, ყოვლისშემძლე ცოლი და თავდადებული დედა. ის მუდამ სხვების კეთილდღეობაზე ზრუნავს და მზადაა, ყველას ემსახუროს. პირადი სურვილები და ინტერესები მას დავიწყებული აქვს. საკუთარი „მე“ თუ გაახსენდა, „კეთილისმსურველები“ გააკრიტიკებენ, რომ ის საშინელი ეგოისტია და ეგოიზმი სულაც „არ შეშვენის“. „ნამდვილი ქალის“ წოდებას „დამსახურება“ უნდა. ასე ასწავლიან, განსწავლულებისგან სწავლულებსაც სჯერათ. თუ ხალხის თვალში ქალი „კარგი“ არ იქნება და მათ სტანდარტებს არ დააკმაყოფილებს, ისინი მას გარიყავენ, მათგან ესოდენ განსხვავებულს და ეს განსხვავებულობა (ანუ ინდივიდუალურობა) ყოველთვის ქალის აუგად იქნება გამოყენებული.

და რას ვხედავთ დღეს? ჩვენი დროის საზოგადოება არაფრით არ განსხვავდება იმ საზოგადოებისგან, რომელიც გიორგი ლეონიძის „ნატვრის ხეში“ გვხვდება. საუბრის მანერა, ჩაცმულობა და ჭკვიანი ტელეფონები რომ არა, შეიძლება, განსხვავება ვერც დაგვენახა. ქალის ობიექტივიზაცია, მასზე ძალაუფლებისა და კონტროლის დამყარება, განსჯა და დასჯა, გარიყვა და განადგურება კაცთმოყვარე საზოგადოებისთვის სასიცოცხლო საქმედ რჩება.

როდემდე?

ეს პრობლემა იარსებებს მანამდე, სანამ ქალს ადამიანად არ ცნობენ და არ მიიღებენ ეფექტიან ზომებს მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად – ჩვენს დასაცავად. მანამდე კი მოძალადეებისთვის მწვანე შუქია ანთებული.