ირაკლი აბსანძე
ჩვენ, ყოველთვის პოლიტიკურად გამოყენებულები, ვისაც ამ ქვეყნის მომავლის გვჯერა;
ჩვენ, ვის პროფესიულ სინდისზეც ყველა ხელისუფლებამ ხელი მოითბო დამკვიდრებამდე და მერე იმავე ურჩხულებად იქცნენ, ვისაც, თითქოს ებრძოდნენ;
ჩვენ, ვინც ჩვენსავე უპრინციპო „კოლეგებს“ ღიად ვუპირისპირდებოდით და ვუპირისპირდებით, მაგრამ არასოდეს გვიფიქრია, ჩვენს ხარჯზე მოპოვებული ძალაუფლების ნაწილი გავმხდარიყავით;
ჩვენ, ვინც დასასმელ შეკითხვებს არავის ვუთანხმებთ და ამიტომ ჩამოგვართვეს გადაწყვეტილებების მიმღებებთან კითხვის დასმის უფლება;
ჩვენ, ვინც საკუთარი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ხარჯზე ვებრძვით ქარის წისქვილებს;
ჩვენ, ვინც პირადი ცხოვრების დიდი წილი დავთმეთ, ვიტრინაში გამოდგმულებს თქვენთვის უნდობლობის დილემა რომ არ შეგვექმნა;
ჩვენ, ვისაც არასოდეს დაგვიყვედრებია, რომ ნამდვილის ყალბისგან გარჩევა გიჭირთ;
ჩვენ, ვისაც ბინძურ პოლიტიკურ და ფინანსურ კორუფციაში გახვეული „კოლეგების“ მხილება გვეუხერხულება, რადგან ხავსს ვეჭიდებით და არ გვინდა, ისედაც დაბნეულები კიდევ უფრო დაგაბნიოთ;
ჩვენ, ვინც აღარ ვართ ახალგაზრდები და გასაქცევიც ყოველთვის გვქონდა;
ჩვენ, ვინც მადლობას არავისგან მოვითხოვთ, მაგრამ უმადურობა ნელი სიკვდილით გვკლავს;
ჩვენ, ვისაც გვძულს ყალბი პათეტიკურობა და ამის ნიაღვრის ატანა გვიწევს ყოველდღიურად;
ჩვენ დავიღალეთ.
(ბლოგპოსტი ზვიად რატიანის პოეზიითაა ინსპირირებული)