უკვე მივეჩვიეთ, რომ ჩვენს პოლიტიკოსებთან ყველა ინტერვიუ იწყება მანტრას აღვლენით – „იცით, სამწუხაროდ, დეტალებს ვერ გაგიმხელთ“.
დასაწყისისთვის, ამოცანა ამოვხსნათ.
კუნძულზე ორი სოფელია. ერთი სოფლის მცხოვრებლები მართალს ლაპარაკობენ, მეორენი კი – ტყუილს. გზაჯვარედინიდან ერთი გზა მართლების სოფლისკენ მიდის, ხოლო მეორე – მატყუარების. გზაჯვარედინზე ერთი კაცია. ტურისტმა არ იცის, ეს კაცი მატყუარების სოფლიდანაა თუ მართლების. როგორ შეიძლება, ტურისტმა დაუსვას მხოლოდ ერთი შეკითხვა ამ კაცს და გაიგოს, რომელი გზა მიდის მართლების სოფლისკენ?
თუ უცებ ვერ გამოიცნობთ, ტექსტის ბოლოს ნახავთ პასუხს, იქამდე კი, გეტყვით, რომ ამ ტურისტის მსგავს სიტუაციაში ვართ ჩვენ – ქართველი ჟურნალისტები (და საერთოდ, საზოგადოება), რომელთაც ლოგიკური ამოცანების ამოხსნა გვიწევს, რათა იმ ტყუილ-მართალში გავერკვიოთ, რაში ცხოვრებასაც პოლიტიკოსები გვთავაზობენ.
ბოლო 5 თვეა, ისინი მოლაპარაკებებს აწარმოებენ ერთმანეთთან. მოლაპარაკების საგანი, არ გაგიკვირდებათ და, ჩვენ ვართ. ჩვენი ქვეყნის ბედი, ჩვენი აწმყო და მომავალი. თითოეული ჩვენგანის ცხოვრება, მაგრამ ჰკითხეთ თავს – რა იცით ამ პროცესის შესახებ?
ახლა პოლიტიკოსები და მათი უპირობოდ მომხრეები ამუნათებენ ყველას, ვინც შეკითხვებს სვამს. უფრო მეტიც, შეურაცხყოფის მიყენებასაც არ ერიდებიან მათთვის, ვისაც მათი უსიტყვოდ არ სჯერა.
ისინი გვეუბნებიან, რომ დეტალებს ვერ გაამხელენ, რათა ამან მოლაპარაკებების პროცესს არ ავნოს (გაუგებარია, რაღას უნდა ევნოს, მაგრამ, მაინც), თუმცა სათითაოდ თითოეული მათგანი რაღაც ფრაგმენტს გვიმხელს. საფიქრებელია, რომ იმ ინტერპრეტაციით, რაც თავად აწყობთ. ჩვენ კი, ვისაც პოლიტიკა რწმენის საგნად არ გვიქცევია და ამა თუ იმ ლიდერის (როგორც ხელისუფლებიდან, ისე ოპოზიციიდან) ეჭვმიუტანლად არ გვწამს, ამ პასუხებისგან ფაზლი უნდა ავაწყოთ, ვიმსჯელოთ, კუნძულზე მოხვედრილი ტურისტივით კითხვები დავსვათ ან ვიმარჩიელოთ, ვიმკითხაოთ, ვარსკვლავებს გავხედოთ…
წარმოიდგინეთ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო. სადაც მოწინააღმდეგე მხარეები ერთმანეთს სდებენ ბრალს სიცრუესა და დანაშაულში და მსაჯულებს სთხოვენ, მხოლოდ მათ დაუჯერონ, თუმცა „დეტალების გამხელისგან თავს იკავებენ“. თქვენი აზრით, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ მსაჯულები? სწორია – ვერანაირს.
ბატონებო და ქალბატონებო – ჩვენ ვართ ეგ მსაჯულები.
თქვენ შეიძლება მკითხოთ, თუ ზოგადად უნდობლობა გაქვს როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ, შენთვის რა აზრი აქვს დეტალების გამხელას, როგორ გაარჩევ მერე ტყუილ-მართალსო. როგორ და დეტალებისა და არგუმენტების შეწონვით.
დავუბრუნდეთ იმ საკითხს, თუ რა ვიცით: ჯერ იყო ამერიკის საელჩო და რამდენიმე რაუნდი, შემდეგ – ევროკავშირი და მისი პრეზიდენტის ჩართულობა, სადაც შექმნილია 6-პუნქტიანი დოკუმენტი. ამ დოკუმენტის პუნქტები მამაოჩვენოსავით დავიზუთხეთ, მაგრამ არ ვიცით, იქ, მოლაპარაკებებზე ვის რა პოზიცია აქვს თითოეულ მათგანზე.
ახლა ორივე მხარე ერთმანეთს აბრალებს, რომ სწორედ მათ ჩაშალეს მოლაპარაკება, რომ სწორედ მოწინააღმდეგე არ წავიდა არანაირ კომპრომისზე.
ერთ რამ, რაც უდავო და ნათელია, ისაა, რომ მთავარი პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა, სწორედ იმიტომ, რომ ხელისუფლებაა, მას აქვს მეტი ბერკეტი ჩიხიდან გამოსასვლელად, თუმცა, ბუნებრივია, თავისი წილი პასუხისმგებლობა მოლაპარაკების მაგიდის მეორე მხარესაც ეკისრება. ამის ხაზგასმა ოპოზიციის წარმომადგენლებს არ მოსწონთ და მაშინვე ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთ მთავარ თეზას ტირაჟირებენ – შუა უნდა გაიკრიფოს, ჩვენ, სკეპტიკურად განწყობილი ხალხი, ანუ.
ოპოზიციის მხრიდან ყველაზე გავრცელებული პასუხია, რომ „არაფერი იდო მაგიდაზე“.
ჩემი წარმოდგენით, თავისით მაგიდაზე არაფერი იდება. აი, მაგალითად, როცა მოშივდათ, მათ „ვოლტი“ გამოიძახეს და მაგიდაზე საჭმელი გაჩნდა. რომ არ გამოეძახებინათ, ასეთივე წარმატებით შეეძლოთ ეთქვათ, რომ არანაირი საჭმელი არ იდო მაგიდაზე, მაგრამ შიმშილმა რომ შეაწუხათ, მოინდომეს და დადეს. ეჭვი მაქვს, მოლაპარაკების ფორმატის დღის წესრიგში არსად არ იყო გაწერილი შაურმის გამოძახება, მაგრამ „ფორმატში ცვლილება შევიდა“.
ახლა ჩვენ გაწუხებთ კითხვით – თქვენ რა გააკეთეთ იმისათვის, რომ რამე დაგედოთ მოლაპარაკების მაგიდაზე? ამბობთ, რომ ამის საშუალება არ მოგეცათ, რადგან ასეთი ფორმატი იყო. და რა გიშლიდათ ხელს ან აქამდე, ან იმ კონკრეტულ დღეს, ან მომავალში, რომ ისეთ ფორმატზე გადახვიდეთ, სადაც თქვენც დადებთ რამეს, და საერთოდ, რას ნიშნავს მოლაპარაკებისას არაფრის დადება? აბა, რას საქმიანობდით 10 საათის განმავლობაში?
შესაძლოა, მართლა არ აქვს აზრი ხელისუფლებისთვის რამის შეთავაზებას, მაგრამ ეს ხომ უნდა ვიცოდეთ? ჩვენ გვაინტერესებს, რა პირობები წარადგინა ოპოზიციამ და რაზე თქვა უარი ხელისუფლებამ, რათა ავწონ-დავწონოთ, ვინ დააყენა ქვეყნის ინტერესებზე მაღლა პირადი პარტიული ინტერესები. ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ ეს ხელისუფლებაა. ხელისუფლება ამბობს, რომ – რა თქმა უნდა, ოპოზიციაა. ოპოზიციის ნაწილის თქმით – ორივე მხარე. ეს ორივე მხარე მერე ამ ოპოზიციის ნაწილზე ამბობს, რომ ეგენი საერთოდ ყველაზე უფრო ცუდი ხალხია. ჰოდა, ვზივარ ახლა იმ კუნძულზე მოხვედრილი ტურისტივით და ისეთი კითხვების ფორმულირებას ვცდილობ, რაც ნაწილობრივ მაინც მიგვიყვანს სიმართლემდე.
მოცემულ მომენტში ჩემი, როგორც მოქალაქის, ამომრჩევლის, ჟურნალისტის მთავარი პრეტენზია არის ის, რომ არც ხელისუფლება, არც ოპოზიცია საერთოდ არ გრძნობს თავს ანგარიშვალდებულად ხალხთან, საზოგადოებასთან, მედიასთან.
ჰო, იმ ამოცანის ამოხსნა: ტურისტმა კაცს უნდა ჰკითხოს, თუ რომელი გზა მიდის მისი სოფლისკენ. თუ ის მართლების სოფლიდანაა, სწორად უპასუხებს და მართლების სოფლისკენ უჩვენებს გზას, თუ მატყუარების – მოატყუებს და, შესაბამისად, მაინც მართლების სოფლისკენ მიუთითებს. ჰოდა, მეგობრებო, ჩვენ უნდა განვაგრძოთ კითხვების დასმა, იმის მიუხედავად, რომ ყველა ინტერვიუ იწყება მანტრას აღვლენით – „იცით, სამწუხაროდ, დეტალებს ვერ გაგიმხელთ“…