დღეს ლუკა სირაძის გარდაცვალებას ვგლოვობთ, მის ოჯახთან ერთად, და ალბათ ლუკას ხსოვნის პატივსაცემად მნიშვნელოვანია, რომ რისკის ქვეშ არ დავაყენოთ სხვა მოზარდები.
თვითმკვლელობას ახასიათებს გადადების ეფექტი. თუ სხვა დაცვითი ფაქტორები არ მუშაობს, ერთ გახმაურებულ თვითმკვლელობას შესაძლოა მოყვეს თვითმკვლელობების ტალღა, რომელსაც უწოდებენ „ვერტერის ეფექტს” (გოეთეს ახალგაზრდა ვერტერის ვნებანის” გამოქვეყნებას მოჰყვა თვითმკვლელობების მთელი რიგი და ამის შესაბამისად დაერქვა).
ამიტომ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ იქნება გაშუქებული თვითმკვლელობა და ამაზე მედიასტანდარტებიც არსებობს, მათ შორის საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს მიერ მომზადებული დოკუმენტი.
სტანდარტები გულისხმობს, რომ თვითმკვლელობა არ უნდა იყოს ნაჩვენები, როგორც პრობლემის გადაჭრის გზა და გამოსავალი რთული ვითარებიდან, გაშუქება არ უნდა იყოს სენსაციური, არ უნდა იყოს მარომანტიზებელი, თვითმკვლელობის ხერხზე არ უნდა იყოს საუბარი, თვითმკვლელობა არ უნდა იყოს დაყვანილი ერთ მარტივ მიზეზამდე და ა.შ.
განსაკუთრებით რისკის ქვეშ არიან მოზარდები. განსაკუთრებით, თუ მოზარდი სჩადის სუიციდს. აი ამონარიდი ჟურნალისტური ქარტიის სუიციდის გაშუქების სტანდარტიდან:
„მოერიდეთ ხაზგასმას იმაზე, როგორი ახალგაზრდა, ლამაზი, ნიჭიერი ადამიანი იყო გარდაცვლილი. ეს განსაკუთრებით სახიფათოა არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი სუიციდის გაშუქებისას. ამ ასაკში მათ უმთავრესად ყურადღების ცენტრში მოხვედრა სურთ, მედიამ კი გაუცნობიერებულად შესაძლებელია სუიციდი დაუსახოს ამგვარ გზად.”
კიდევ ერთი ამონარიდი გაშუქების სტანდარტიდან:
„ყურადღებით მოეკიდეთ სათაურსა და ვიზუალურ მასალას, რასაც იყენებთ. იფიქრეთ იმაზე, მიაყენებთ თუ არა ტკივილს გარდაცვლილის ახლობლებს ამგვარი გაშუქებით. სათაურში მოერიდეთ სიტყვების „თვითმკვლელობა”, „სუიციდი“ გამოყენებას. ეცადეთ, არ გამოაქვეყნოთ იმ პირის ფოტო, ვინც სუიციდის შედეგად გარდაიცვალა. ამით შეამცირებთ საკითხის რომანტიზებას“.
დღეს, სოციალური მედიის საუკუნეში, ჩვენ ყველა ერთგვარი ჟურნალისტები ვართ და ეს სტანდარტები ყოველ ჩვენგანს ეხება. ამიტომ, დავფიქრდეთ, როგორ ვაზიარებთ ჩვენს გულისტკივილს ლუკას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რომ არ ვავნოთ სხვა მოზარდებს.
ასევე, მოვუწოდებდი მოზარდების მშობლებს, რომ ელაპარაკოთ შვილებს ამ თემაზე – თუ შვილს გარკვეული შეკითხვები აქვს, შეეცადეთ, რომ ერთად იფიქროთ ამ შეკითხვებზე, ეძიოთ პასუხები. შევეცადოთ რომ მარტო არ დავტოვოთ ჩვენი მოზარდი შვილები ამ უბედურებაზე ფიქრში. დავიცვათ ისინი.
ლუკა სირაძე, საუბედუროდ, ვერ დავიცავით. ლუკას დაღუპვა თითოეული ჩვენგანის პირადი მარცხია; ჩვენი, როგორც საზოგადოების მარცხია; ჩვენი, როგორც სახელმწიფოს მარცხია. ეს შედეგია ჩვენ მიერ ძალადობაზე თვალის დახუჭვის, ჩვენს მიერ ძალადობის შეწყნარების, ძალადობის გამართლების, ძალადობის გამოყენების. ლუკა ხომ ისე მოიქცა, როგორ მაგალითსაც მას ჩვენ, ზრდასრულთა სამყარო ვაძლევთ. და ამის საპასუხოდ არ დავინდეთ.
დღეს მაინც ხომ ვხედავთ, რომ ერთმანეთის მიმართ განურჩევლობის თუ, კიდე უარესი, ურთიერთბრალდებების, პასუხისმგებლობის თავიდან არიდებისა და მტრული დამოკიდებულების ფასი – ადამიანის სიცოცხლეა.