ძიძები მხარდაჭერის გარეშე, პანდემიის პირისპირ

პუბლიკა

ხვიჩა ყაზაიშვილი

 

ბულვარული ჟურნალებისა და გამოცემების ჰედლაინებად არის ქცეული ფრაზა, რომ კორონავირუსის პანდემიამ ბევრი რამ გვასწავლა. თუმცა, სამწუხაროდ, არის რეალური პრობლემები, რის დანახვაზეც უარს ვამბობთ. ეს არც აბსტრაქტული ადამიანური ურთიერთობები და განელებული სითბოა, არც სოფლად წლობით მიტოვებული სახლის მოვლისაგან მიღებული ნოსტალგიური განცდები, ესაა ადამიანთა ცხოვრება, რომლებიც შრომობენ, არსებობისთვის იბრძვიან, თუმცა ჯერ ვერ ვისწავლეთ, რომ ამ ადამიანთა ჩაგრულ ყოფაზე თვალები არ უნდა დავხუჭოთ. 

კორონავირუსის პანდემიამ ირიბი უარყოფითი ეკონომიკური ზეგავლენა ძალიან ბევრ ადამიანზე მოახდინა, თუმცა არის მშრომელთა ის კატეგორიაც, რომელიც ვირუსით გამოწვეული სხვადასხვა მიზეზით პირდაპირ სასიცოცხლოდ დაზარალდა და ბევრს შემოსავლის წყარო სრულად გაუქრა. ასეთი კატეგორია კი, ძირითადად, არაფორმალურ, საშინაო შრომაში ჩართული ადამიანები არიან, რომელთა შესახებ ამ მოკლე სტატიაში ძიძების მაგალითზე ვისაუბრებთ. 

ძიძები მშრომელთა ის კატეგორიაა, რომელთა უდიდესი ნაწილიც კონტრაქტის გარეშე მუშაობს. ისინი არ სარგებლობენ დაქირავებულისთვის განკუთვნილი სამედიცინო დაზღვევით; არ ერიცხებათ საპენსიო დანამატი; მათი უდიდესი ნაწილის ანაზღაურება საშუალო ხელფასზე, ლამის, 2-ჯერ ნაკლებია, უწევთ უამრავი მოვალეობის შესრულება და კვირაში 40 საათზე გაცილებით მეტს შრომობენ. ცხადია, დამატებითი საათების ანაზღაურებაზე საუბარიც ზედმეტია.  ამ პრობლემების ფონზე ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ის გახლავთ, რომ მათ არ გააჩნიათ საკუთარი უფლებების დაცვის ეფექტიანი მექანიზმი, ვინაიდან მსოფლიოში არსებული სახელმწიფოების უდიდესი ნაწილი, მათ შორის ჩვენიც, საშინაო შრომაში ჩართულ ძიძებს „ვერ ხედავს“. კორონავირუსის პანდემიის მომძლავრების შემდეგ ძიძებს ისედაც რთულ პირობებში დაბალ ანაზღაურებაზე შრომაც კი სანატრელი გაუხდათ. 

პირველი დარტყმა ძიძებს კორონავირუსის გამოჩენისთანავე მიადგათ, როცა სამსახურების უდიდესი ნაწილი ონლაინ რეჟიმზე გადავიდა, ხოლო მათმა დამქირავებლებმა სახლში გადაინაცვლეს და შვილებიც მოვლაც თავიანთ თავზე აიღეს. ამას საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეჩერებაც დაემატა, რაც კიდევ უფრო მძიმე დარტყმა აღმოჩნდა ძიძებისთვის, რადგან კერძო ავტომობილითა და თუ ტაქსით გადაადგილება ძვირი ჯდებოდა, დამსაქმებელი ხელფასს ვერ უმატებდა და ასეთი შრომა რაციონალურობას იყო მოკლებული. აღსანიშნავია ისიც, რომ ძიძების დიდი ნაწილი თბილისის გარეუბნებში ცხოვრობს, დამქირავებელთა უმეტესობა კი დედაქალაქის ცენტრალურ, ე.წ. პრესტიჟულ უბნებზე მოდის. თავისთავად,  მათ შორის მანძილიც დიდია. შესაბამისად, ოჯახებმა, რომელთაც ძიძის საჭიროება მაინც ჰქონდათ, მათი ძებნა ახლომდებარე უბნებში დაიწყეს, რაც კიდევ ერთი გამოწვევა გახდა მანამდე დასაქმებულთათვის. 

„პანდემიის შემდეგ სახლში ვზივარ. ტრანსპორტის გაჩერებამ ძალიან შემიშალა ხელი. შემდეგ კი მითხრეს, რომ დამირეკავდნენ, მაგრამ აღარ დაურეკავთ. ვერც სახელმწიფო დახმარება მივიღე“, ამბობს ნანული დავითაძე, რომელიც გამოიკითხა ფრიდრიხ ებერტის ფონდის დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, სოფო შუბითიძის საინიციატივო ჯგუფის მიერ.

აქ მივედით კიდევ ერთ პრობლემასთან, რაც სახელმწიფო დახმარების მიღებას უკავშირდება. გამომდინარე იქიდან, რომ საშინაო შრომაში ჩართული ადამიანები, უმეტეს შემთხვევაში, პირადი შეთანხმების საფუძველზე, კონტრაქტის გარეშე მუშაობენ, მათ უჭირთ სახელმწიფოსთვის მტკიცებულების წარდგენა, რომ სამსახურები მართლა დაკარგეს. უჭირს ცოტას, უმრავლესობა კი ამას ვერ ახერხებდა. სახელმწიფო ორგანოებმა დახმარება თავდაპირველად უფრო ლოიალურად გასცეს, მეორე ტალღისას კი წესები გამკაცრდა და ძიძები კუთვნილი 300-ლარიანი დახმარების გარეშე დარჩნენ…

„თვე-ნახევარია ვეღარ ვმუშაობ. დახმარებაც ვერ მივიღე. საბუთი არ მქონდა, რითაც ჩემი სამუშაოს დადასტურებას შევძლებდი. ხელშეკრულება რომ მქონოდა, უფრო მარტივი იქნებოდა. 

აქამდე არასდროს გამიფორმებია დამსაქმებელთან და სამომავლოდ შეიძლება კარგიც იყოს ამის გაკეთება, თუ საშემოსავლოს გადახდას არ მოგვთხოვენ. მაშინ ხელფასიც დაიკლებს და იმის გათვალისწინებით, რომ ძიძის ანაზღაურება ისედაც არსებობისთვის შრომაა, ისევ ჩვენ დავზარალდებით“, ამბობს ხიზანიშვილი.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ყურადღების მიღმა დარჩა, ონლაინ სწავლების უნარ-ჩვევებია. სახლში მყოფი მშობლები ბავშვის სხვადასხვა საჭიროების დაკმაყოფილებას ახერხებენ, მაგრამ სკოლისთვის შვილების მოსამზადებლად დრო აღარ რჩებათ. იმის გათვალისწინებით, რომ ძიძების უდიდესი ნაწილი საშუალო და მეტი ასაკისაა, მათთვის თანამედროვე ტექნიკასთან ადაპტირება ადვილი არ არის. სწორედ ამიტომ, სამსახურის ძებნის პროცესში ძიძების კონკურენტები აღმოჩნდნენ ახალგაზრდა მასწავლებლები, რომლებსაც ტექნოლოგიური უნარ-ჩვევების ფლობით აშკარა უპირატესობა აქვთ ამ კონკურენციის პროცესში, საშინაო შრომაში ჩართული ქალების დიდი ნაწილისთვის არსებობისთვის ბრძოლას რომ ნიშნავს…

„ოჯახში ყველა უმუშევარი დავრჩით. მანამდე მხოლოდ მე და ჩემი შვილი ვმუშაობდით. ოქტომბერში კორონა დამიდასტურდა და იმის შემდეგ აღარ მივლია [პირბადეს მოვიხსნი, საშიში აღარ ვარ]. ვირუსი მძიმე ფორმებში მქონდა. 12 დღის შემდეგ კოვიდინფიცირებულის სტატუსი მომიხსნეს და შემდეგი გამოკვლევები არ დამიფინანსეს. ჩაკეცილია ისტორია და რაც დაგიტოვათ, თქვენ თვითონ მიხედეთო“,  ამბობს მანანა ცუცქირიძე და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ჩნდება ძიძების ჯანმრთელობის დაცვა…

იქიდან გამომდინარე, რომ ძიძებს ჯანმრთელობის დაზღვევა არ აქვთ, სამედიცინო მომსახურებაში ფულის გადახდა სრულად უწევთ. პირველ ყოვლისა არ არსებობს არანაირი სტატისტიკა და კვლევა, საშინაო შრომაში ჩართული რამდენი ადამიანი დაინფიცირდა ან გარდაიცვალა კორონავირუსით. შესაბამისად, არც იმის თქმა შეგვიძლია, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაინფიცირების შემთხვევაში რა ეკონომიკური ზარალი მიადგათ ძიძებს. აღნიშნული ვითარება მათ დაქირავებით მომუშავე სხვა მშრომელებთან მიმართებაშიც კი უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს და ზოგჯერ სიცოცხლისთვისაც კი საფრთხისშემცველია. 

ვიღებთ სურათს, რომლის მიხედვითაც, ძიძებს სოციალური დაცვისა და ეკონომიკური უსაფრთხოების არანაირი გარანტიები არ აქვთ. 

რასაკვირველია, ეს არ არის მხოლოდ ქართული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი პრობლემა. აღნიშნული საკითხი განვითარებული, ცენტრალური კაპიტალიზმის ქვეყნებშიც იმავე სიმწვავით დგას, თუმცა ამ საზოგადოებებში მას პრობლემად მაინც განიხილავენ, მესამე სამყაროს განვითარებად სახელმწიფოში კი, თითქოს, არც გვაღელვებს… რა უნდა გავაკეთოთ?! რასაკვირველია, რეალობას თვალები უნდა გავუსწოროთ ქმედითი ნაბიჯებისგან ჯერ კიდევ შორს ვართ, მაგრამ თვალების ფართოდ გახელა მაინც შეგვიძლია…