ეროტიზმის დეფიციტი

ნენე გიორგაძე

პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ მისი ათასობით ფანის შემხედვარეს ჩემდაუნებურად აღმომხდა კითხვა: ასე რატომ ამაღლდა ბატონ გახარიას რეიტინგი? გავიხსენოთ, რომ ცოტა ხნის წინ, როცა შს მინისტრი იყო, ლამის დასცინოდნენ, მოლაპარაკე თაბაშირის ბიუსტიც კი დაუდგეს მის ლამის ჩეკისტურ სტილად შერაცხულ რიტორიკას, სამიზნე კი სწორედ ის სიტყვა აღმოჩნდა, ქართველი პოლიტიკოსების ლექსიკონში რომ თითქმის არასდროს გვხვდება. დიახ, „ბოდიში” მაქვს მხედველობაში.

რა არის ის „დაკვეთა”, რასაც უმრავლესობა ითხოვს პოლიტიკოსისაგან, და რომელსაც, როგორც არაერთხელ მწარედ ვიწვნიეთ, არაფერი აქვს საერთო ქვეყნისა და ხალხის სამსახურში დგომასა და კეთილდღეობასთან?

გავიხსენოთ ბატონი ივანიშვილის მიერ დატოვებული პოლიტიკური ანდერძი, სადაც მკაფიოდაა ნათქვამი, რომ „მამა” სწორედ რომ იმ დროზე ოცნებობს, როცა ერს „ძლიერი” ოპოზიცია ეყოლება… მეც, როგორც არაერთ ადამიანს, გამიჩნდა გონივრული ეჭვი, რომ პრემიერის გადადგომაც ამ სცენარის ნაწილი შეიძლება იყოს… მიხეილ სააკაშვილის ოინები ხომ ლამის ზეპირად ვიცით უკვე და თითქმის დარწმუნებით შეგვიძლია თქმა, რომ თამაშში შემოგდებული დაჭერობანაც გათვლილი იყო მეოცნებეთა წარმოსახვის ვიწრო დიაპაზონზე.

ასეთ დროს კი შანსი სწორედ იმ ფიგურებს ეძლევათ, ვინც საკუთარი ტუზების ნაცვლად (რადგანაც ხელში არ უჭირავთ) სხვისი ვალეტებით გადიან ფონს. ჩვენი „ეროვნული დიდსულოვნების” ხარჯზე ასეთ ფიგურებს მაშინვე აეწებებათ ზედსართავ სახელთა ჯარი: დამოუკიდებელი, თამამი, გაბედული, გონიერი, მოხერხებული და ა.შ.

„წასვლა” რომ წასვლა არ არის და შესაბამისად – არც „გადადგომაა” გადადგომა, ამ ფილმის მერამდენე სერიას ვუყურებთ უკვე. ესაა უნიჭო ტელესერიალი საშინელებათა ჟანრში, სადაც არჩევანი ყოფნა-არყოფნას შორის კი არ კეთდება,  არამედ „ყოფნებს” შორის. ტელესერიალის პერსონაჟები ბოროტი სულები არიან, რომლებიც ჩასახლდებიან რომელიმე კონკრეტულ ადამიანში და მისი ხმით იწყებენ ლაპარაკს. რეჟისორის მიზანია ტოტალურ ნიჰილიზმში ჩააგდოს მაყურებელი და მეათასედ გაუმეოროს: „ამაოება ამაოთა, და ყოველივე ამაო”, რომ მერე „ხალხის” სახელით ჩაიდინოს ბოროტება, „სიკეთის” სახელით ძარცვოს, „ღმერთის” სახელით ჩაკლას იმედი, და ბოლო-ბოლო, „სიყვარულის” სახელით გაანადგუროს… აქ, ტელევიზორივით პატარა პლანეტაზე ყველაფერი ტრიალებს უჩინმაჩინი მეფის გარშემო, ფოლკლორშიც რომ მოხერხებულად შესახლდება ხოლმე და ხან ნაცარქექიად გადაიქცევა, ხანაც – რწყილად, რომელიც ახტა, დახტა და გადახტა… იგივეს აკეთებს ყველა მისი ერთგული ქვეშევრდომიც, რომელზეც ფსონი იდება: ახტება, დახტება და გადახტება. (ხომ გახსოვთ სიმღერა: “აქაც მე ვარ, იქაც მე ვარ”).

სანამ მეფეს ერთგული ქვეშევრდომები მრავლად ჰყავს, იგი ძლიერია. მაგრამ მეფეს ერკინება ბაყბაყდევის შთამომავალი, რომელსაც ასეთივე უპირობო ძალაუფლება სწყურია. იგი ყველაფერში ინტროვერტი მეფის ანტიპოდია: პოდიუმზე სიარული და მოსასხამის ფრიალი უყვარს, რიხით საუბრობს, მუშტის მოღერება ეხერხება და ხისტი გამონათქვამები ახასიათებს, მოკლედ, მეფისა და მისი ყოფილი (თუ მომავალი) პრემიერ-მინისტრივით ტკბილმოუბარი არაა… მთელ სიუჟეტს აღარ მოვყვები, ისედაც იცით… თუმცა ერთს დავამატებ: ოდნავ მაინც დაკვირვებული თვალი კარგად ამჩნევს, რომ უჩინმაჩინი მეფე და ბაყბაყდევი ერთი მედლის ორი მხარეა და მათი ღირებულებების შკალა არაფრით განსხვავდება ერთმანეთისგან…

თქვენი არ ვიცი და, ამ ბოლო დროს, სწორხაზოვანი რელიგიური და პოლიტიკური ქადაგებების მოსმენისას ისეთი განცდა მეუფლება, თითქოს ვხედავდე, ფეხებს როგორ აბაკუნებენ გრძელწვერა თხები. შავ ანაფორასა თუ კოსტუმ-შარვალში ჩამწყვდეული სხეულები კარგავენ ადამიანურ ფორმებს, იდღვიბებიან და ნამდვილ თხებად იქცევიან, აი, რუსებს რომ აქვთ სიტყვა: Козёл – ისეთებად. ისინი ყველანაირად ცდილობენ სოციალური ტერორის სხვადასხვა, გაცვეთილი ფორმების გამოყენებას, მაგრამ ავიწყდებათ, რომ 21-ე საუკუნეში ფორმა განსაზღვრავს შინაარსს, და მით უფრო – ქართულ პოლიტიკაში!

შინაარსით უმრავლესობას ვერ მოიმადლიერებ, რადგან შინაარსს წვდომისა და ანალიზის უნარი და წლობით გაწეული ძალისხმევა სჭირდება. იმის მიუხედავად, რომ საზოგადოება დაიღალა კრიზისებით, რევოლუციებითა და პოლარიზაციით, უმრავლესობას მაინც დღევანდელი კვერცხი ურჩევნია, და კვერცხებზე მეტად კი – ქათმებივით კაკანსა და თხებივით ბღავილთან კონტრასტული ნაზი ეროტიზმით სავსე ხმა, აი, ისეთი, ყოფილ პრემიერს რომ აქვს და რასაც ამდენი ადამიანი გაეტირა!


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.