ღარიბი ეკონომიკის მდიდარი სტატისტიკა

პუბლიკა

მკვლევარი/სოციოლოგი

ქეთი სართანია

საარჩევნო სეზონის მოახლოებასთან ერთად, ქართული პოლიტიკური და საინფორმაციო სივრცე დროებით, მაგრამ ისევ გაიჟღინთება პროცენტებით, სტატისტიკებით, რეიტინგებითა და საზოგადოებრივი აზრის საკამათო, ხშირად პარადოქსული მონაცემებით. მმართველი თუ ოპოზიციური პარტიებისთვის, რიცხვები მათი მთავარი ფარი და ხმალი იქნება პოლიტიკური დაწინაურებისთვის ბრძოლაში. პროცენტები ვის მხარესაც დაიჭერენ, წარმატებაც მას დარჩება.

თუმცა, შეუძლიათ კი რიცხვებს, ზუსტად აღწერონ სოციალური რეალობა, განწყობები, ადამიანების ცხოვრების სხვადასხვა ასპექტი? ალბათ, არა. თუმცაღა, კონკრეტული სურათის აღწერით მათ იმის დაფარვა შეუძლიათ, რაც შეუიარაღებელი თვალისთვის ადვილი შესამჩნევი არაა.

საქართველოს საგარეო სტატისტიკა

საქართველოს მმართველი პოლიტიკური კლასი, ხშირად, სიამაყით აცხადებს მსოფლიო სტატისტიკებსა და რეიტინგებში ქვეყნის დაწინაურებულ, მოწინავე ეკონომიკური და ბიზნესპოზიციების შესახებ. „ეკონომიკური თავისუფლების 2023 წლის ინდექსში საქართველო 35-ე ადგილზეა, რითაც უსწრებს ევროკავშირის 11 წევრ ქვეყანას და ყველა კანდიდატ ქვეყანას“, – თქვა თავდაჯერებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 2023 წლის 16 მარტს, როცა საქართველო ევროკავშირის კანდიდატის პასუხის მოლოდინსა და „12 პუნქტის“ შესრულების პროცესში იყო. პოლიტიკოსმა ამით საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის სიმარტივეზე მიანიშნა და  საქართველოს სხვა ქვეყნებთან უპირატესობას გაუსვა ხაზი.

2024 წლის 7 თებერვალს კი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „[…] ნომინალური ეკონომიკა დოლარში თითქმის გაორმაგდა ამ სამი წლის განმავლობაში და სწრაფმა ეკონომიკურმა ზრდამ მოგვცა ეკონომიკური, ფისკალური მაჩვენებლების თვისებრივად გაუმჯობესების შესაძლებლობა“. ახალი პრემიერი და გამოცდილი პოლიტიკოსი შეეცადა, აეხსნა, რომ არსებული ეკონომიკის ზრდის ტემპი სწრაფია, თუმცა კიდევ უფრო მეტს გააკეთებენ ეკონომიკური განვითარების ზრდის ხელშესაწყობად.

მთავრობის მიერ საქართველოს საერთაშორისო რეიტინგებისა და ეკონომიკური მაჩვენებლების ციტირების პარალელურად შესწავლას საჭიროებს ეკონომიკური აღმასვლის ეს ნარატივი და მისი კავშირი სოციალურ კეთილდღეობასთან.

გაბატონებული ადგილობრივი რწმენაა, რომ ეკონომიკური ზრდა არის სიღარიბის პანაცეა და სოციალური კეთილდღეობის გასაღები. ამ რწმენას ემყარება უფრო თავისუფალი ეკონომიკური გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს „ბიზნესის კეთებას“.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეკონომიკური პროგრესი რეიტინგებში ბრწყინავს, ჩნდება კითხვა: ითარგმნება თუ არა ეს მისი მოქალაქეების სოციალური კეთილდღეობის გაუმჯობესებაში? ამ დიქოტომიაში, ცხადი ხდება, რომ ეკონომიკური ზრდა, რომელიც იზომება ტრადიციული ინდიკატორებით, შეიძლება სრულად ვერ აღიქვამდეს სოციალური კეთილდღეობის ნიუანსებსა და მოქალაქეთა ცხოვრებისეულ გამოცდილებას. ამიტომ, სტატისტიკური მონაცემების ზედაპირული ინტერპრეტაციისგან თავის ასარიდებლად საჭიროა ეკონომიკურ ტრიუმფებსა და მოქალაქეთა ცხოვრების რეალურ ხარისხს შორის არსებული კომპლექსური სურათის ანალიზი.

საქართველოს საშინაო სტატისტიკა: ორი რეალობა

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საერთაშორისო ეკონომიკური მაჩვენებლები აღმავალი ქვეყნის სურათს ასახავს, შიდა სტატისტიკა სულ სხვა ისტორიას გვიყვება და ამასთან, ეს ორი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეკონომიკური თავისუფლებისა და ბიზნესის კეთების  მაჩვენებლები ბოლო ათი წლის განმავლობაში თითქმის განუხრელად უმჯობესდება, ამავე ქვეყნის მოქალაქეების სოციალურად დაუცველთა სტატისტიკური მონაცემები იზრდება –  2019 წლიდან საარსებო შემწეობაზე დამოკიდებული ადამიანების რაოდენობა მზარდია, პანდემიის შემდეგ (2021) კი რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2023 წლის მონაცემების თანახმად 181 861 მოქალაქე სოციალურ შემწეობას იღებს.

მაშინ, რატომ ვერ იქცევა საერთაშორისო რეიტინგებში რეკლამირებული ქვეყნის ეკონომიკური პროგრესი საზოგადოების სოციალურ კეთილდღეობის გაუმჯობესების საფუძვლად?

საქართველოს მოსახლეობაის რაოდენობა 2023 წლის იანვრის სტატისტიკით 3 736 400 ადამიანს შეადგენს. საქსტატის მიხედვით, ამავე წლის თებერვლის ოფიციალური მონაცემების თანახმად 672 209 ათასი ადამიანი სოციალურ შემწეობას იღებდა, რაც ქვეყნის მოსახლეობის 17.9%-ია. 2022 წელს მოსახლეობის 17.4% საარსებო შემწეობის მიმღები იყო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 2022 წელთან შედარებით 0.5%-ით გაიზარდა საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა. ეს მხოლოდ იმ ადამიანების მონაცემებია, რომლებიც საარსებო შემწეობას იღებენ, თუმცა სოციალური დახმარების მსურველი რეგისტრირებული ადამიანების რაოდენობა გაცილებით მეტია. თუ ამ ოფიციალურ მონაცემებს დავეყრდნობით, ქვეყნის მოსახლეობის თითქმის მეხუთედი სოციალურ დახმარებას იღებს, თუმცა გაცილებით მეტი მიიჩნევს, რომ საჭიროებს საარსებო შემწეობას.

სოციალური უზრუნველყოფის მზარდი ბიუჯეტი და საარსებო შემწეობის მიმღებთა მზარდი რაოდენობა კი სახარბიელო ტენდენციაზე არ მიუთითებს.  სინამდვილეში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოციალური დანახარჯების ზრდა, საარსებო შემწეობის მიმღებთა რეკორდული რაოდენობა, თავის მხრივ, სოციალური კეთილდღეობის ისეთი სტატისტიკური და თვისებრივი მაჩვენებლების გაუარესებაზე მიანიშნებს, როგორიც არის უმუშევრობის დონე, საშუალო ხელფასი, ქალთა, ბავშვთა და მოხუცთა სიღარიბე, ინფლაცია, ჯანდაცვა, მიგრაცია.

ამ განწყობას იმეორებს NDI-ის მიერ ბოლოს გამოქვეყნებული კვლევა, სადაც ნათქვამია, რომ ათიდან ერთ მოქალაქეს საკვების ფული არ აქვს, ხოლო ოთხიდან ერთს ფული მხოლოდ საკვებზე ჰყოფნის. დაახლოებით ათიდან ერთი მოქალაქე კი ემიგრაციაზე ფიქრობს. გამოკითხულთა უმრავლესობის თქმით, ემიგრაციის მთავარი მიზეზი დაბალი ხელფასები და სამუშაო ადგილების ნაკლებობაა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო 7 წლის მონაცემებით, 2023 წელს (IV კვარტალში) უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი – 15.3% ფიქსირდება. მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, საქსტატის მონაცემებიდან დაასკვნა, რომ სიღარიბე და უმუშევრობა საქართველოში „ისტორიულ მინიმუმზეა“ და ეს მონაცემები „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდს დაუკავშირა. თუმცა, ბოლო დროს ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში, მზარდი ემიგრაციის ერთ-ერთ მიზეზად უპერსპექტივობა, უმუშევრობა და დაბალი ხელფასები სახელდება.

ამასთან, შესაძლოა ქვეყანაში არსებული უმუშევრობის დონის შემცირების მიზეზი ემიგრაციის მზარდი ნაკადი იყოს. გასათვალისწინებელია სხვა ფაქტორებიც, როგორიც არის შრომითი ექსპლუატაციის შემთხვევები, მიზერულ ანაზღაურებაზე დასაქმებული ადამიანები, თვითდასაქმებულთა დათვლის მეთოდოლოგია და სხვა. ამიტომ, ყოფილი პრემიერის განცხადება ან შემთხვევითი სტატისტიკური მანიპულაციაა ან პროცენტების მიკერძოებული ინტერპრეტაციის იდეალური მაგალითი.

სოციალური კეთილდღეობაზე დახარჯული ბიუჯეტის შეფასებისა და გაზომვის რეალური მეთოდი იქნებოდა იმის დადგენა, თუ რამდენი პირი გავიდა წარმატებით სოციალური დახმარების პროგრამიდან? რამდენ პროცენტს აქვს უზრუნველყოფილი დასაქმების ან პროფესიული განვითარების შესაძლებლობები? რამდენმა ოჯახმა დაარღვია სიღარიბის ციკლი თაობების განმავლობაში? და ა.შ. სამწუხაროდ, საქართველოში ეს მონაცემები არ მოიპოვება –  ან იმიტომ, რომ ასეთი მონაცემები არ არსებობს, ან იმიტომ, რომ სოციალური პოლიტიკა საქართველოში თუ სამუდამოდ არა, ხანგრძლივად ღარიბად ყოფნას ნიშნავს. ამიტომაც, ბიუჯეტის სოციალური დანახარჯების ზრდის ეფექტიანობის შეფასება სისტემაში ჩართული ადამიანების გამოცდილებით არის შესაძლებელი და არამხოლოდ ბიუჯეტის დანახარჯების მონაცემებით.

ეკონომიკური თავისუფლება ადგილობრივად

2024 წლის 15 თებერვალს სოციალურ ქსელში „სასოწარკვეთილ მომხმარებელთა“ ჯგუფში გამოქვეყნდა ამბავი, სადაც დასასვენებელ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებაში, Lopota Lake Resort & Spa-ში დასაქმებული ადამიანი ჰყვებოდა საკუთარ სამუშაო გამოცდილებაზე. ტექსტს თან ერთვის ერთ-ერთი კლინიკის რადიოლოგიური სამსახურის დასკვნა პაციენტის მალების მოტეხილობის შესახებ. პოსტის ავტორის თანახმად, მან ფიზიკური დაზიანებები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების პირობების არარსებობის გამო მიიღო.

დასაქმებული ქალი ამ ისტორიაში ჰყვება დასასვენებელ ცენტრში სხვა დასაქმებულთა შრომის უფლებების დარღვევის, არაჰუმანური მოპყრობისა და დაწესებულებაში არსებული ცხოველების ექსპლუატაციის, წამების ამბებს, რომელსაც თან ერთვის ფოტო- და ვიდეომასალა. ასეთი მაგალითები კონტრასტს ქმნის ეკონომიკური ზრდის მომხიბლავ მონაცემებსა და ადამიანების ცოცხალ გამოცდილებას შორის. სოციალური ქსელის ამ ჯგუფსა თუ სხვა პლატფორმებზე, არაერთხელ დაიწერა მსგავსი გამოცდილების შესახებ, სადაც კერძო ბიზნესი, ხშირად, დასაქმებულთა შრომითი უფლებების დარღვევაშია მხილებული, ხოლო სახელმწიფო კერძო პირისა და მოქალაქის დავაში ჩაურევლობას შეზღუდული უფლებამოსილებით ამართლებს – თითქოს მხოლოდ კანონმდებლობა იყოს მთავარი დაბრკოლება.

ეს ამბავი არ არის იზოლირებული შემთხვევა. ის ეხმიანება მრავალი დასაქმებულის გამოცდილებას მთელი საქართველოს მასშტაბით, რომლებიც განიცდიან შრომითი უფლებების დარღვევას, მიუხედავად ქვეყნის ეკონომიკური თავისუფლების ტრიუმფალური რეიტინგებისა.

სტატისტიკური მონაცემები, ეკონომიკური რეიტინგები, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები დიდი რესურსია პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელებისთვის, თუმცა მათ პრობლემების შექმნაც შეუძლიათ, მაშინ, როცა ეს მონაცემები იზოლირებულად, ერთმანეთთან დაკავშირების გარეშე განიხილება. ამიტომ, აუცილებელია ისეთი შეკითხვების დასმა, როგორიც არის: თუ საქართველო გამოირჩევა ბიზნესრეიტინგებში, რატომ განიცდიან მისი მშრომელები/დასაქმებულები ექსპლუატაციასა და ცხოვრების დაბალი სტანდარტით მასობრივად უკმაყოფილებას?

„ჯერ ეკონომიკური ზრდა, შემდეგ სოციალური კეთილდღეობა“

სამი ათეული წელია, საქართველოს ეკონომიკური დოქტრინა ემყარება რწმენას, რომ „ჯერ ეკონომიკური ზრდა, შემდეგ სოციალური კეთილდღეობა“. ეს მიდგომა ვარაუდობს, რომ მინიმალური სოციალური კეთილდღეობის მქონე საზოგადოებას ექნება მეტი რესურსი ეკონომიკური ზრდის გასაძლიერებლად.

თუმცა, ეს ფილოსოფია უგულებელყოფს ფუნდამენტურ ჭეშმარიტებას, რომ ადამიანები, რომელთა საბაზისო მოთხოვნილებები დაკმაყოფილებულია, უფრო პროდუქტიული, კონკურენტუნარიანი და ეფექტიანები არიან. ხოლო ისინი, ვისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საფრთხის ქვეშ არის და ჯერ კიდევ ელემენტარული პირობების დასაკმაყოფილებლად იბრძვიან, ეკონომიკური ზრდისთვის ნაკლებად ეფექტიანი არიან.

ვერცერთი სტატისტიკური მაჩვენებელი, საერთაშორისო და ეკონომიკური ინდექსი ვერ იქნება ქვეყნის სოციალური კეთილდღეობის გარანტი. წარმატებული ბიზნესების ეკონომიკური მონაცემები ვერასდროს შეძლებს, გააუმჯობესოს სოციალური საჭიროებების მქონეთა მდგომარეობა შესაბამისი სოციალური პოლიტიკის გარეშე.

ამიტომაც, ვიდრე მორიგი საინფორმაციო გამოშვება ეკონომიკის სწრაფი ზრდისა და ბიზნესის სტატისტიკის შესახებ შთამბეჭდავ მონაცემებს სიხარულით აუწყებს გაღარიბებულ მაყურებელს, აუცილებელია იმ კონტექსტის ჩვენება, სადაც ეკონომიკური თავისუფლების სახელით ადამიანების ექსპლუატაცია ნორმად მიიჩნევა. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მოწინავე რეიტინგები და სტატისტიკა შეიძლება ასახავდეს საზოგადოების რეალურ მდგომარეობას. სხვა სიტყვებით, ეს ნიშნავს იმ ექსპლუატაციის აღიარებას, რომელიც ხშირად, სწორედ ეკონომიკური თავისუფლების სახელით ხდება.