კარგად (ვერ) გაგებული „ვარდების რევოლუცია“

პუბლიკა

გიორგი მელაძე

დღეს, როცა ორი მნიშვნელოვანი ამოცანა დგას დემოკრატიული საზოგადოების წინაშე: პროპორციული საარჩევნო სისტემის მიღება პარლამენტისგან და მომავალი არჩევნების დაცვა გაყალბებისგან – ბევრი ლაპარაკობს რევოლუციის აუცილებლობაზე. 

განვლილი წლების გამოცდილებამ აჩვენა, რომ მთავრობის მიერ დემოკრატიული რეფორმების გატარების მოლოდინი თავის მოტყუებაა და მხოლოდ არაძალადობრივი პროტესტით შეიძლება ცვლილებების მიღწევა. „ვარდების რევოლუციაზეც“ ბევრი იწერება და უამრავი თეორია გამოითქმის, თუ რამ აქცია ის წარმატებულად, რატომ იყო მნიშვნელოვანი, როგორ შეიძლება მისი გადმოტანა დღევანდელ რეალობაში და ა.შ. 

სტატიების კითხვისას მკითხველს მაინც რჩება დანაკლისის შეგრძნება. თითქოს რაღაც აკლია ერთიან სურათს და ეს მცირე წერილიც სწორედ ამ განწყობითაა ნაკარნახევი. შევეცდებით ცოტა გავცდეთ ვარდების რევოლუციის კულმინაციურ მომენტს, ყურადღება არ მივაქციოთ უამრავ ლოჯისტიკურ სამუშაოს, რამაც აქციების სიცოცხლისუნარიანობა განაპირობა და ცოტა უფრო შორიდან დავანახოთ მკითხველს, თუ რა გარემოებებმა განაპირობა საერთო ფონი, როგორ იძერწებოდა „ვარდების რევოლუცია“ და ვისაუბროთ დღეს მისი გამეორების შესაძლებლობაზე. ტექსტი, ძირითადად, ავტორის პირად შთაბეჭდილებებს, დაკვირვებებს ეყრდნობა და ნუ გვისაყვედურებთ აკადემიურობის ნაკლებობას.

თხრობა ცოტა შორიდან უნდა დავიწყოთ. საბჭოთა კავშირი დაიშალა, მაგრამ „საბჭოთა ადამიანი“ არსად წასულა. ამიტომ, უნდა გვახსოვდეს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი საბჭთა წარსულიდან: 

– საქართველოში, საბჭოთა კავშირის დროს, იყო ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი კომუნისტური პარტია; 

– საქართველოში, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს (КГБ) ჰყავდა 300 000-იანი აგენტურა (მოსახლეობის თითქმის 8%);

– საქართველო იყო, სხვა რესპუბლიკებთან შედარებით,  ერთ-ერთი ყველაზე უფრო კორუმპირებული სახელმწიფო;

– საქართველოს მოქალაქეები იყვნენ გავლენიანი კრიმინალური ავტორიტეტები ე.წ. „კანონიერი ქურდები“ და მათი რაოდენობითაც მოწინავე იყო ჩვენი საზოგადოება; 

– საქართველოში არ მომხდარა ლუსტრაცია. შევარდნაძის პერიოდში სახელმწიფო სამსახურებში დაინიშნენ ყოფილი საბჭოთა ჩინოვნიკები და უშიშროების სამსახურების თანამშრომლები. ამ ნაბიჯს ბევრი ამართლებდა და სისტემის სტაბილიზაციის ერთადერთ შესაძლებლობადაც ხედავდა იმ დროისთვის. დღეს აუცილებელია პროცესის ხელახლა გააზრება, რადგან 80-იანების ბოლოსთვის, 30 წლის საბჭოთა ჩინოვნიკი, „კომსომოლი“, „სუკ“-ის აგენტი და კრიმინალი შემდეგი 30 წელიც გააგრძელებს სისტემაში მუშაობას, შეინარჩუნებს ძველ სოციალურ კავშირებს და შეეცდება საკუთარი „გუნდის“ ინტერესების დაცვას. 

ზვიად გამსახურდიას მმართველობისგან ბევრი არაფერი გვახსოვს. მთავრობის ფორმირებიდან მალევე მოხდა ომი, ამბოხი და შეიარაღებულმა ფორმირებებმა დაამხეს არჩეული მთავრობა. სამოქალაქო ომმა პოლიტიკური კრიზისი შექმნა და ახლადშექმნილმა შევარდნაძის მთავრობამ მრავალპარტიული არჩევნებით სცადა ლეგიტიმაციის პრობლემის გადაჭრა, შესაძლებლობა მისცა საზოგადოების მრავალფეროვან ჯგუფებს შეექმნათ პოლიტიკური პარტიები, მონაწილეობა მიეღოთ არჩევნებში. ამ დროს დაიწყო სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებაც. არასამთავრობო ორგანიზაციებში მთავრობა საფრთხეს ვერ ხედავდა და ხელს არ უშლიდა ასეთი ორგანიზაციების შექმნასა და მათ დასავლურ ფონდებთან ურთიერთობას. ცოდნისა და გამოცდილების მხრივ 90-იანები იყო სწავლის პერიოდი. საბჭოთა კავშირის „რკინის ფარდის“ მიღმა სულ სხვა რეალობა არსებობდა და სწორედ 90-იანებში მოუწიათ ქართველ პოლიტიკოსებს, სამოქალაქო ლიდერებს – დემოკრატებს, იმის სწავლა, რასაც დასავლურ უნივერსიტეტებში ბაკალავრიატის საფეხურზე ასწავლიან.

შევარდნაძის მთავრობა თავს ვერ ართმევდა პირველადი ამოცანების შესრულებას და მოსახლეობას კვირაობით, ზოგ ადგილებში თვეობით არ მიეწოდებოდა დენი, გაზი, სასმელი წყალი. კორუმპირებული საგადასახადო ინსტიტუტები ძარცვავდნენ მეწარმეებს და ბიუჯეტს, კორუმპირებული სამართალდამცავი უწყებები არ და ვერ ასრულებდნენ კანონით მათზე დაკისრებულ მოვალეობებს და ა.შ. სახელმწიფოს ძირითადი ინსტიტუტები უფუნქციო იყო, ფინანსური რესურსები მწირი და შემორჩენილი, ამორტიზებული საბჭოთა ინფრასტრუქტურაც საბოლოოდ ნადგურდებოდა. კვლევების თანახმად 1989 და 1999 წლებს შორის საქართველოში არსებული საწარმოების აქტივობა საშუალოდ 90%-ით შემცირდა. სახელმწიფო ინსტიტუტების მოშლის პარალელურად გავლენები გაიძლიერა „კრიმინალურმა სისტემამ“, რომელიც თანაბრად ასრულებდა სასამართლოს, გადასახადის ამკრეფის და საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ფუნქციებს. „ქურდის უბანში ვცხოვრობ, ჩვენთან სიწყნარეა“ – ამ ფრაზის გაგება არავის გაუკვირდებოდა იმ დროში. ჩვეულებრივი მეწარმე, თვითდასაქმებული, მოვაჭრე მუშაობდა ჰიპერ-ინფლაციის პირობებში, უძლებდა კრიმინალურ და სახელმწიფო რეკეტს, ქუჩის დანაშაულს, ოჯახის რჩენის და გაღარიბებული სანათესაოს დახმარების ტვირთს. წარმოუდგენელია 2000-იანებში დაბადებულმა ახალგაზრდამ დღევანდელი გადმოსახედიდან გაიაზროს ეს არანორმალური რეალობა. სულაც არ ნიშნავს, რომ ვინმეს უნდა ვუსაყვედუროთ ამის გამო. უბრალოდ, წარმოუდგენელია და მორჩა. 

პოსტ-საბჭოთა სისტემისთვის დამახასიათებელი იყო შიდა „ინტრიგები“. შევარდნაძის გარშემო შემოკრებილი მრავალფეროვანი საზოგადოება მუდმივ ქიშპსა და კონკურენციის პირობებში ცდილობდა დაწინაურებას, კონკურენტების ჩამოშორებას. ეს დაპირისპირება კარგად გამოჩნდა 2001 წელს, როცა პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია პროტესტის ნიშნად გადადგა თანამდებობიდან. ამ ნაბიჯით მან შევარდნაძე არჩევანის წინაშე დააყენა, ან ის უნდა დარჩენილიყო გუნდის წევრად ან შსს მინისტრი კახა თარგამაძე. შევარდნაძემ გაწირა თარგამაძე და ეს ბრძოლა ჟვანიას გამარჯვებით დასრულდა. 

ამგვარი დაპირისპირება სახელმწიფო ვერტიკალის ყველა ფენაში იყო გამჯდარი და დემოკრატიული პროცესებისთვის სასარგებლო როლსაც თამაშობდა. ერთმანეთთან დაპირისპირებული ჩინოვნიკები მოწინააღმდეგეზე ცდილობდნენ „მაკომპრომიტირებელი“ მასალის გავრცელებას და მის ჩამოშორებას. მედია იღებდა აქტუალურ ინფორმაციას და საბოლოო ჯამში საზოგადოება იგებდა კორუფციის, დატაცების, დაფარული დანაშაულის ფაქტების შესახებ.

აქტიური არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისაც მნიშვნელოვანი იყო სამთავრობო გუნდის ამგვარი ფრაგმენტაცია, რადგან დემოკრატიული რეფორმების გატარებით ბევრი არ ინტერესდებოდა და შესაძლებელი ხდებოდა მოწინააღმდეგეებისგან მალულად საკანონმდებლო ინიციატივების კანონად ქცევა. ასე მოხდა ადმინისტრაციული კოდექსის შემთხვევაშიც. „ლეგენდის“ თანახმად, შსს მინისტრი თარგამაძე (საკუთარ თავს „რკინის კაცს“ ეძახდა) გაცეცხლდა ახლადმიღებული ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დანახვისას, რადგან პარლამენტმა მისთვის მნიშვნელოვანი კანონი მისგან ფარულად მიიღო. 

ფრაგმენტაციაზე როდესაც ვლაპარაკობთ, აუცილებელია გვახსოვდეს, რომ მისი საფუძველი პიროვნული ამბიციები იყო. მთავრობის და პარლამენტის წევრები ამბიციური ახალგაზრდა ლიდერების იყვნენ, ვისაც სურდა პოლიტიკური ძალაუფლების საკუთარ ხელში კონსოლიდაცია, ჰქონდა საქართველოს განვითარების საკუთარი „პროექტი“. 

ამ ენერგიით დაიბადა „კმარა“ და „ვარდების რევოლუცია“. ის იყო გრძელვადიანი ხედვის ნაწილი და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ვერც წარმოიდგენდა რევოლუციის ასეთ სწრაფ წარმატებას, მეტ-ნაკლები მზაობა და შედეგების მართვის ხედვა არსებობდა. სხვა არაფერია წინასწარ გაცხადებული „კმარა, ანუ ათი ნაბიჯი თავისუფლებისკენ“. აქ ჩამოთვლილი რეფორმები მხოლოდ ერთი ნაწილი იყო ძალიან ბევრი და დამუშავების სტადიაზე მყოფი პროექტებისა, რომელიც მაშინდელ სამოქალაქო საზოგადოებაში ტრიალებდა.

ახლა ვნახოთ, დღეს რა ხდება, რა დღეშია ინსტიტუტები და რისი მოლოდინი შეიძლება გვქონდეს. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ გამარჯვებიდან 7 წლის შემდეგ დაიწყო სამოქალაქო საზოგადოებამ არაფორმალურ მმართველობასა და სახელმწიფოს მიტაცების პრობლემაზე ლაპარაკი. თუმცა, თავიდანვე ცხადი იყო, რომ საკუთარი სურვილით პრემიერმინისტრის თანამდებობიდან გადამდგარი ოლიგარქი ივანიშვილი სულაც არ აპირებდა ძალაუფლების დათმობას. ძალიან დიდი განსხვავებაა შევარდნაძის და ივანიშვილის მართვის სტილს შორის. შევარდნაძემ გარისკა და ამბიციური ახალგაზრდები დააწინაურა, საქართველოს „დასავლურობის“ მითი ასე შეინარჩუნა და სანაცვლოდ ფინანსურ დახმარებასაც იღებდა პარტნიორი სახელმწიფოებისგან. ამასთან ერთად, ახალგაზრდა კადრებით ინარჩუნებდა კავშირს ახალ თაობასთან, აგრძელებდა მემკვიდრეობითობას.

ივანიშვილის მთავრობამ გადაიბარა გათანამედროვებული სახელმწიფო ინსტიტუტები, ბიუჯეტი და კავშირები დასავლურ პარტნიორებთან, მასთან მოიყარა თავი შევარდნაძის სისტემის გადარჩენილმა ნაწილმაც. ამიტომ, ფუნდამენტურად ახალი სისტემის შენება მისთვის აღარც იყო აუცილებელი. მთავარ გამოწვევად იქცა ძალაუფლების კონცენტრაცია და ამისთვის ამბიციური ლიდერები ივანიშვილს არაფერში სჭირდებოდა. მთავრობის დაკომპლექტება მისი დაცვის წევრებით, პირადი მდივნებითა და ბუღალტრებით, მესამეხარისხოვანი საქმის მკეთებელი მოხელეების დაწინაურება უმაღლეს თანამდებობებზე მხოლოდ ერთ მიანიშნებდა – თანამდებობებზე ინიშნებოდნენ პოლიტიკური ამბიციის არმქონე, ადვილად სამართავი პირები. სწორედ ამიტომ, ძნელად წარმოსადგენია რაიმე სახის ისეთი შიდა განხეთქილება, რაც მთავრობის სტაბილურობას შეარყევს. დემოკრატიულ საზოგადოებას დღეს მთავრობაში მოკავშირე არ ეყოლება.

კერძო სექტორი დემოკრატიული ტრანსფორმაციის მხარდამჭერი ვერ გახდება. საქართველოში არსებული ფულადი მასის ერთი წილი ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხებია, რომელიც იფანტება და ყოფით საჭიროებებს ხმარდება. მოქმედი ბიზნესების უდიდესი ნაწილი მთავრობის ლოიალურია და ვერც ღიად და ვერც ფარულად ვერ გახდება სამოქალაქო ინიციატივების სპონსორი. ტოტალური მოსმენების და შანტაჟის, მოსყიდვის და ზეწოლის მექანიზმები უხვადაა ხელისუფლების არსენალში და ისიც მოურიდებლად იყენებს ამ მექანიზმებს.

პოლიტიკური პარტიების მეტ-ნაკლები კონსოლიდაცია „ოცნების“ მმართველობის მხოლოდ ათი წლისთავზე გახდა შესაძლებელი. კონსოლიდაცია უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, თუმცა ეს კიდევ არ ნიშნავს ძირითად სამოქმედო სტარტეგიაზე შეთანხმებას. თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მიღწეული კოორდინაცია ჯერ ახალია და დროის გამოცდას უნდა გაუძლოს.

კამპანიის წარმოების ისტერიული სტილი მნიშვნელოვნად განასხვავებს დღევანდელ პროცესებს წარსული გამოცდილებისგან. სამოქალაქო საზოგადოება ვერ ახერხებს კონსოლიდაციას, მუდმივად არსებობს კრიზისის განცდით და გრძელვადიანი დაგეგმვისა და ფუნდამენტური რეფორმების პროექტს ვერ ქმნის. ასეთი პროექტის გარეშე შეუძლებელია საზოგადოების მობილიზაცია. ხედვის გარეშე ვერ განხორციელდება ფუნდამენტური ცვლილება და თუ რაიმე გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ სხვების და საკუთარი გამოცდილებიდან, პირველი გაკვეთილი სწორედ ესაა. ამასთანავე, იქმნება სამოქალაქო საზოგადოების ახალი ორგანიზაციები, რომელშიც უხვად იხარჯება მთავრობასთან დაკავშირებული ფული. ასეთი ორგანიზაციები ასუსტებენ სამოქალაქო ერთობას და წინააღმდეგობის მუხტს. 

აუცილებლად უნდა ვისაუბროთ მედიის ბუნებაზეც. თუ შევარდნაძის სამთავრობო მედიას უფრო თანამედროვე „რუსთავი 2“ უპირისპირდებოდა საინტერესო და აქტუალური მასალით, თავს უყრიდა ოპოზიციურად განწყობილ მაყურებელს, თანამედროვე მაუწყებლობა ფორმით, სტილით ერთგვაროვანია. მთავრობის მომხრე და მოწინააღმდეგე მაუწყებლები ერთნაირად მუშაობენ. ორივეს მკაფიოდ განსაზღვრული ხაზი, მეტ-ნაკლებად მსგავსი ხარისხი და შეიძლება ითქვას, „ელიტური“ ფორმატი აქვს. მთავრობის მიმართ ოპოზიციურად განწყობილ მედიაში ნაკლებად ნახავთ ახალ სახეებს, საზოგადოებისთვის უცნობ რესპოდენტებს. პარალელურად არსებობს არაერთი ონლაინ მედია საშუალება, სადაც მრავალფეროვანი მასალა იქმნება, თუმცა ინფორმაციის მოცულობა იმხელაა, რომ შეუძლებელიც კია დაინტერესებულმა მომხმარებელმა თვალი მიადევნოს აქტუალურ მსჯელობას.

არსებობს გამოსავალი? დიახ, არსებობს! ჯინ შარპის რეცეპტი ყოველთვის გულისხმობდა მრავალრიცხოვან პროტესტს. ჰარვარდის პროფესორის, ერიკა ჩენოვეტის კვლევამ აჩვენა, რომ თუ მოსახლეობის 3.5% ერთვება წინააღმდეგობის მოძრაობაში, პროტესტი აუცილებალდ გაიმარჯვებს. საქართველოსთვის ეს 100 000 ადამიანია. მასობრიობა, მრავალრიცხოვნობაა ეფექტური პასუხი არსებულ გამოწვევებზე. აუცილებელია დემოკრატიის ოაზისების შექმნა და შენარჩუნება. ძალების კონცენტრაცია, მომხრეების ორგანიზება და მეტი უშუალო კომუნიკაცია. აუცილებელია მცირე გამარჯვებები და ჯინ შარპის მიერ აღწერილი არაძალადობრივი ბრძოლის 198 მეთოდი სწორედ ამ მიზანს ემსახურება – მცირე გამარჯვებების მიღწევას და მომხრეების რაოდენობის ზრდას, მათ შორის, ოპონენტის ამომრჩევლის გადმობირების ან განეიტრალების ხარჯზე. 

„ვარდების რევოლუციის“ მოდელი დღეს იმუშავებს? არა! შეიძლება თუ არა დემოკრატიული ტრანსფორმაცია? კი! გზა არსებობს, მთავარია ამ გზაზე სიარულის სურვილი და სამი ოქრის წესის განუხრელად დაცვა: ერთიანობა, დაგეგმვა და დისციპლინა.