კორონას დროს საკითხავი ლიტერატურა

პაატა შამუგია

წაუკითხავ წიგნებს შურისძიება შეუძლიათ, მაგრამ წაკითხულებსაც იგივე ძალა აქვთ – თუ არასწორ დროს წავიკითხავთ, მაგალითად. ამიტომაც, ფრთხილად შევარჩიე შვიდიოდე წიგნი, რომელიც, ჩემი მოკლე ჭკუით, კორონასთან ბრძოლაში თუ არ დაგვეხმარება, განწყობას მაინც გაგვიმყარებს. კორონავირუსის დროს კარანტინი ორ კვირას გრძელდება. შესაბამისად, მსუყე, მრავალგვერდიანი საკითხავი მოვიმარაგე (ძირითადად, ათასგვერდიანი წიგნებია), რომელიც იზოლირებულ ადამიანებს გამოადგებათ. სხვა შემთხვევაში ამხელა წიგნებისთვის დრო იშვიათად არის, ამიტომ ეს შესანიშნავი მომენტი, მგონი, არავინ უნდა გაუშვას ხელიდან. მაშ, ასე:

1. პოლ ოსტერის „4321“

ოსტერს უკეთესებიც აქვს, მაგრამ აქ ალაგ-ალაგ ისეთი მომენტებია, ბარე ორ კარგ ეპოსს აიწონის. მაგალითად, ორი ფეხსაცმლის ისტორიაა – ეგ უცრემლოდ თუ წაიკითხე, შენი საშველი არ ყოფილა, არ ყოფილხარ ადამიანი და რა მნიშვნელობა აქვს, კორონა მოგკლავს თუ გულგრილობა?! მთელი ჰოლოკოსტი და გულაგები დაიტია ამ ერთმა პატარა ჩანართმა. საბოლოო ჯამში, ბევრი გრაფომანული მომენტია, სამაგიეროდ, 999 გვერდია და მთელ ორ კვირას ჩაგაკვლევინებს.

2. მო იენის „დიდი ძუძუ-მკერდი, განიერი გავა“

კორონა ჩინეთიდან გვესტუმრა, ამიტომ ხამს, დიდი ჩინური ლიტერატურაც გავიცნოთ. მო იენი ნობელის პრემიის ლაურეატი, ყველაზე დიდი, (ჯერ კიდევ) ცოცხალი ჩინელი მწერალია. ეს პიკანტური სახელწოდების რომანი 1000-გვერდიანია, მაგრამ იკითხება როგორც მილიონგვერდიანი. მიზეზი ტლანქი თარგმანია. მისი მთარგმნელი არის გურამ გოგიაშვილი, რომელმაც თავის დროზე რაბლე გენიალურად (სავარაუდოდ, კონგენიალურადაც) თარგმნა. ფრანგი გენიოსის პაროდიულ შინაარსს მოუხდა სტილიზებული ენა, მო იენთან კი შინაარსი და სტილი ვერ ძოვენ ერთად, მაგრამ არა უშავს – კარანტინის ტვირთს ამ თარგმანის სიმძიმე გადაგაძლევინებთ.

3. რაბლე ვთქვით და აქვე ვახსენოთ მისი „გარგანტუა და პანტაგრუელი“

ეს წმინდა წყლის შედევრი სწორედ მისწრებაა კორონას დროს. მოგეხსენებათ, კრიზისის დროს ადამიანური სიხარბე მთელი დაუზარებლობით იჩენს თავს. ახლაც ასე მოხდა: მთელ მსოფლიოში ტუალეტის ქაღალდის დეფიციტია, დაიტაცეს დახლებიდან. სხვა რომ არაფერი, რაბლე ამ მხრივაც შესანიშნავ გამოსავალს გვთავაზობს. პერსონაჟი გარგანტუა ტრაკის გამოხოცვის უნიკალურ სტრატეგიას შეიმუშავებს: „გამოსაწმენდად ბატისთანა, ტყუილია, ქვეყნიერებაზედ არა არის რა, ოღონდ გამოსმის ჟამსა ლაჯთა შუა თავით უნდა გეჭიროს, დახუჭულ თვალსა იმჟამად დია ეამება, რაკი, ჯერ ერთი, ბატისა გერმა ნაზი რამ არის და მეორეცა, თვითონ ბატია თბილი და უკანტანითა თუ კუჭ-ნაწლავითა სითბო პირდაპირ გულსა და ტვინში გარბის“.

მოკლედ, თუ ჩვენთანაც ამოიწურება ტუალეტის ქაღალდის მარაგი, უკვე ვიცით, რასაც ვაკეთებთ – მე უკვე სამი ბატი ვიყიდე და შვილებივით ვუვლი.

4. ბორის აკუნინის „მწერალი და თვითმკვლელობა“

ეს უნიკალური, დიდი მოცულობის ნაშრომი სიკვდილზე ყველანაირ ინფორმაციას შეიცავს. მათ შორის, იმასაც, რომ თურმე „დედამიწაზე ყოველდღიურად 1200 ადამიანი იკლავს თავს“, რაც კორონათი გარდაცვლილთა რიცხვს ერთი-ორად აღემატება. მართალია, ეს დიდი ვერაფერი შეღავათია, მაგრამ მაინც უნდა ვიცოდეთ, რომ გადარევის საფუძველი არ გვაქვს. ყოველ შემთხვევაში, თქვენ არ გაქვთ, მე უფრო მაქვს, რადგან ამავე წიგნიდან ვიგებთ, რომ „შემოქმედებითი პროფესიის ადამიანები, ე.წ. სუიციდური რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან“. როგორც ჩანს, კორონას თუ გადავურჩი, საკუთარ პროფესიას მაინც ვერსად დავემალები.

თუ ორკვირიანი კარანტინის მერეც ვერ გამოჯანმრთელდით, ამ წიგნის წაკითხვით მაინც მოიგებთ – რაკიღა სიკვდილთან საკმაოდ სპეციფიკური, მე ვიტყოდი, ფამილარული დამოკიდებულება გექნებათ. ეს კი არაა პატარა საქმე.

5. თომას მანის „ჯადოსნური მთა“

სიკვდილის თვალებში შემყურე ადამიანების ფსიქოლოგია ასე სიღრმისეულად, ალბათ, არც არავის უკვლევია. აქ არის ერთი საინტერესო მომენტი: ჰანს კასტორპს როცა გაამგზავრებენ ტუბერკულოზით დაავადებულთა სანატორიუმში, იქ აღმოაჩენს ისეთ უცნაურ რამეს, როგორიცაა, ე.წ. ნეგატიური კარიერა. სანატორიუმში უცნაური ცხოვრების წესია: ავადმყოფებში მკაცრი იერარქიაა. კერძოდ კი, რაც უფრო ავადმყოფი ხარ, მით მეტ პატივისცემას იმსახურებ, ხოლო თუ გაგიმართლა და, ღვთის წყალობით, მთლად განუკურნებელი სენი დაგემართა, განუზომელ პატივში ხვდები. რამდენი ადამიანი იღვწის იმისთვის, რომ დიდების 15 წუთი მოიპოვოს. კორონას წყალობით კი, შესაძლოა, სულაც დიდების 2-კვირიანი სივრცე გაჩნდეს. შევხედოთ დადებითად. თანაც, არ დაგვავიწყდეს, რომ კორონაზე უარყოფითი პასუხი ნამდვილად დადებით რამეს ნიშნავს.

6. თომას ვულფის „შინ ვეღარასოდეს დაბრუნდები“

„ვარდის სახელზე“ როცა ჰკითხეს, უმბერტო ეკომ უპასუხა: სათაური იმისათვის არსებობს, რომ მკითხველს თავგზა აურიოსო. მშვენიერი განმარტებაა, მაგრამ ვულფის შემთხვევაში, სათაური მთლიანი რომანის შეჯამებაა. ამ „მსუქანი“ რომანის მორალი სწორედ ისაა, რომ ადამიანი შინ ვეღარასოდეს დაბრუნდება, რადგან შინ არ არსებობს, ადამიანი ყველგან უცხოა, ყველგან კარანტინშია, ყველგან იზოლირებული და მარტოა. ორკვირიანი განმარტოება რა მოსატანია, თანაც, დიდ ლიტერატურას ჩავუღრმავდებით და ეგ კარგი საქმეა.

7. ჟოზე სარამაგუს „სიკვდილი ისვენებს“

ეს სქელტანიანი რომანი არაა და არც მაინცდამაინც ოპტიმისტურია, სამაგიეროდ, ძალზე იმედის მომცემი სათაური აქვს. ჰოდა, ამ იმედიან ნოტზე გავასრულოთ.

ჯანს გისურვებთ!