კორონას გამბიტი (დებიუტი)

ზურა ვარდიაშვილი

ალბათ ყველას გაგვიგონია გამოთქმა, რომ ჭადრაკი მეფური თამაშია. მაგრამ ამავდროულად მას განსაკუთრებული თვისება აქვს – მისი გაგება, მისით ტკბობა ყველას შეუძლია. აბსოლუტურად ყველას.

ბლოგპოსტების ეს სერია (დებიუტი, მიტელშპილი, ენდშპილი) ჭადრაკზე არ არის. უბრალოდ, სახალისო და ამავდროულად დამაფიქრებელი მცდელობაა, ჩვენი აწმყოს გათვალსაჩინოების, გასიგრძეგანების, ჩვენ წინ დაფაზე გადაშლისა. მოდით, წარმოვიდგინოთ რომ კორონავირუსთან ბრძოლა ჭადრაკის პარტიაა. ვნახოთ, როგორ ვეთამაშებით მას.

კორონას თეთრები ჰყავს, შესაბამისად ერთი სვლით წინ არის. ის რთული, დახურული კომბინაციებით თამაშობს. ერთბაშად არ გვიტევს, არ ჩქარობს, პოზიციებს იმაგრებს, მიტელშპილისთვის ეზადება. ფიგურებს ავითარებს.

დასაწყისისთვის დავფიქრდეთ იმაზე, ვინ რომელი ფიგურაა.

ჩვენი ფლანგი

პაიკები

სამედიცინო პერსონალი: ეპიდემიოლოგები, ინფექციონისტები, რეანიმატოლოგები, მედდები, სანიტრები… – დაუფასებლები, მაგრამ ბრძოლის წინა ხაზზე მყოფნი. შეტაკებას თავის თავზე პირველები იღებენ.  სიკვდილს თვალებში უყურებენ, თავგანწირვით იბრძვიან, ზოგჯერ ეცემიან, მარცხდებიან, მაგრამ ერთი დაცემული პაიკის ადგილს მის გვერდით მდგომი იკავებს, წინ მიიწევენ, უტევენ…

მხედრები

ეს ჩვენი მსხვილი ბიზნესსექტორია, ვთქვათ – საბანკო.  ცბიერები, მოქნილები, მოხერხებულები. მოულოდნელი სვლების ოსტატები, მომჩანგლავები.

თუნდაც ის კომბინაცია რად ღირს, საჭადრაკო მზაკვრობის ისტორიას რომ შემორჩება ოქროს ასოებით – მათ ხომ კეთილი ნახტომი გააკეთეს, ხალხს დაეხმარნენ, სესხები დააპაუზეს, მოსახლეობა ამოასუნთქეს. თუმცა რამდენიმე სვლის შემდეგ ყველა მიხვდა, რომ სინამდვილეში გამარჯვებული ისინი დარჩნენ. ისევ მათ მოიგეს, მათ იხეირეს.

კუები

ეს ჩვენი პოლიციაა.  აქეთ-იქით სირბილი შეუძლიათ. თუმცა დიდი სტრატეგოსობით და ჭკუა-გონებით არ გამოირჩევიან.

თუ სადმე დაუცველი ფიგურა ნახეს, მის დაჩაგვრას არ დაახანებენ. ასევე, მოგეხსენებათ კუებს შორსმსროლელ ფიგურებსაც ეძახიან. ხოლო – როგორ ისვრიან ჩვენი პოლიციელები ღვინით გასკდომის ჟამს, უკვე ვიცით.

კარგად იცავენ მეფეს, თუ როქის პოზიციის წინ ჩააყენებ.

ეტლები

ეს მთავრობაა. მძიმე ფიგურები, ისეთივე, როგორც ჩვენი მინისტრების პრადოები. მხედრებზე და კუებზე ძლიერები, თუმცა ვეტიკალებს და ჰორიზონტალებს ვერ ცდებიან, დიაგონალური ცეცხლისთვის კუებთან თანამშრომლობაა აუცილებელი.

მოქმედებისთვის ხაზების გახსნას საჭიროებენ, მაშინ არიან ძლიერი. თუ ჩაკეტავ, გინდა გყოლია, გინდა – არა. სიმძიმის მიუხედავად, მხედრებთან ცოტა ფრთხილობენ. ამ უკანასკნელთ მათთვის  ჩანგლის გაკეთება შეუძლიათ.

მეფე

ვფიქრობ, გვარის დასახელება საჭირო არ არის. ის, ვინც პარტიის დასაწყისში, ანუ დებიუტშივე გრძელი როქი გააკეთა – პაიკებს და ეტლს ამოეფარა, წინ ერთი კუც დაიყენა და მას შემდეგ არც არავის უნახავს, არც მისი ხმა გაუგონია.

მას აქეთ დებიუტი დასრულებულია. უკვე გაქანებული მიტელშპილია. მოწინაღმდგეები ერთმანეთის პოზიციებს უტევენ, ისმის პაიკთა გმირული ყიჟინა, პოზიციებს შორის დაშლიგონობენ კუები, აქეთ-იქით დახტიან მხედრები, დაგრუხუნობენ ეტლები, ისმის ყურთასმენის წამღები, ჰეროიკული ზათქი და ზრიალი…

ის კი… ის არ ჩანს, გაქვავებულა b8 უჯრაზე, სადაც მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც გრძელი როქის მერე c8 პოზიციიდან კიდევ ერთი უჯრით შეიწია.

ლაზიერი

და ბატონებო და ქალბატონებო, ლაზიერი – ძლევამოსილი, ათ პაიკად შეფასებული (ერთ მოჭადრაკეს სულ 8 პაიკი ჰყავს). შორსმსროლელიც და მძიმედ შეჯავშნილიც, ეტლის და კუს მრისხანე ჰიბრიდი, საჭიროების ან, უბრალოდ სურვილის შემთხვევაში პაიკების თუ სხვა ფიგურების უყოყმანოდ გამწირავი.

ვაი მას, ვინც წინ გადაეყრება, ვერტიკალი იქნება ეს, ჰორიზონტალი თუ დიაგონალი – მისი უდიდებულესობა და უწმინდესობა… ნუ, გვარი აქაც არ არის საჭირო.

…d4-d5 თქვა კორონამ და ცენტრი აიღო.

ჩვენი სვლაა.

გაგრძელება (მიტელშპილი) იქნება.