ბეთჰოვენს აქვს სოლ–მაჟორულ ტონალობაში დაწერილი და დახვეწილი ირონიით გამორჩეული საფორტეპიანო რონდო, სახელწოდებით „მრისხანება დაკარგული გროშების გამო“ (Die Wut über den verlorenen Groschen). ბოდვათა ის ნაკადი, რასაც ოლიგარქმა ივანიშვილმა „იმედის“ ეთერში თავი მოუყარა მაგდა ანიკაშვილთან ინტერვიუში, რაღაცნაირად ჰგავდა იმ პიანისტთა „მრისხანებას“, რომლებიც ბეთჰოვენის ამ ეფექტურ საფორტეპიანო ოპუსს (op.N129) გასაგები ხუმრობითა და ირონიით ასრულებენ საკონცერტო ესტრადაზე.
მაგრამ ბეთჰოვენის შემსრულებლებისაგან განსხვავებით, მილიარდერს არც სახუმაროდ ჰქონდა საქმე და მით უმეტეს, არც ირონიას „მიჭიდებია“ (სიტყვა „მიაბრალამ“ მომცა შთაგონება ამ ინტერვიუში). დაახლოებით საათისა და ოცი წუთის განმავლობაში მისი მრავალფეროვანი ბოდვებიდან თუ პარადოქსული წყობის სინტაქსიდან, გლობალური ომის პარტიის მისამართით მთავარი, ზოგჯერ მავედრებელი და ამავე დროს, მრისხანე მესიჯი ჟონავდა – დამიბრუნეთ ჩემი „გროშები“! (ანუ დამიბრუნეთ ჩემი 700 მილიონი, რომელიც „კრედიტ სუისმა“ შეიწირა).
მთელი მისი ცრუარტისტული მონდომება, წინასწარი განწყობით მომზადებული ფრაზები თუ გამოკვეთილი მიზანი, სწორედ დაკარგული ფულის გამო მრისხანებასა და წუწუნს მოიცავდა: „სულ მქონდა იმის კომპლექსი და გამაჩნია დღესაც, რომ ქვეყნის საზიანოდ მე პირადი ინტერესების გულისთვის რამე არ გავაკეთო და ბოდიშს ვუხდიდი, არ იფიქროთ რომ თავხედი, ამაყი ვარ, კარგად ვუმარტავდი, რომ ეს იქნება კონტრპროდუქტიული, ამას არ ექნება არავითარი ფასი და ამიტომ ტყუილად ნუ დავიღლებით, ამიტომაც ვამბობ უარს შეხვედრებზე – აი ეს იყო მიზეზი. როდესაც ფინანსებს ასე უხეშად გიჩერებენ“.
ხშირი ტონალური ვარდნა მაჟორიდან მინორში და პირიქით, წუხილ–წუწუნი დაკარგული ფულის გამო, მთავარ თემად გასდევდა მთლიანად ინტერვიუს. შესაბამისად, მაგდა ანიკაშვილის სახეზეც ოლიგარქის მაჟორული თუ მინორული განწყობები შესამჩნევი გრადაციით აირეკლებოდა. შიგადაშიგ გამოკრთებოდა შიშისა თუ წყენის მსგავსი, რომ ამერიკამ და გლობალური ომის პარტიამ ოლიგარქი მაინც გაწირა. არადა, 2012 წელს თავად მიანიჭა ლეგიტიმაცია.
ვიდრე იმ საინტერესო, დამაინტრიგებელ დეტალზე გადავალთ, სადაც ოლიგარქი განიცდის, რომ დასავლეთში „მამაკაცების ტუალეტებში უკვე ჰიგიენურ სალფეტკებს დებენ, ხოლო მამაკაცის რძე იგივეა, რაც დედაკაცის“, მოკლედ გეტყვით, რომ მისი დანარჩენი პოლიტიკური იმპროვიზაციებიც ასევე მოსაწყენი და დაუჯერებელი გლობალური ბოდვებით იყო გაჯერებული…
მაგალითად, როგორ „ამოწურა ოპოზიციამ თავი და ძალიან საბრალოები და საცოდავები არიან“; რომ „ლიბერალებს სინამდვილეში ფსევდოლიბერალები და ფაშისტური ლიბერალები ეწოდებათ“; რომ ორველი და ჰაქსლი „საშიში“ მწერლები არიან; რომ „საქართველოში უკეთესი დემოკრატიაა, ვიდრე ევროპაში, ხან პირველები ვართ და ხან სამეულში შევდივართ“; რომ „გეები ბარსელონაში საშინელ რამეებს სჩადიან ქუჩაში და ამას ბავშვები უყურებენ“; რომ იმავე ევროპაში ბავშვებს მშობლების დაუკითხავად სქესს გადაუკეთებენ. მოკლედ, ევროპა ლამის იმ შეჭირვებულ დღეშია, როგორც რუსთავის ცნობილ ვიდეოში – „არც კიბე, არც წყალი!“.
გროშების დაცვის მიღმა, ოლიგარქის „მრისხანების“ სცენებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია შუაშისტური პარტიების და კონკრეტულად, მამუკა ხაზარაძისა და განსაკუთრებით, გიორგი გახარიას წყევლა–შეჩვენება. მთელი ინტერვიუს განმავლობაში მან რამდენჯერმე ახსენა ერთიც და მეორეც, ხოლო გახარიას „გარეწარი“ უწოდა, რის ფონზე ნაცები და ნეონაცები (მელია–გვარამია–ჯაფარიძე–ხოშტარია) ლამის მხოლოდ ლირიკულ ხულიგნებად წარმოაჩინა.
ამგვარი გავეშება ხაზარაძისა და გახარიას მიმართ ალბათ, იმით აიხსნება, რომ მის მიერ წლების განმავლობაში ნაშენები ნაც–ქოცური და მკვეთრად აქრომატული დრამატურგია თავად ოპოზიციის განლაგებამ და მრავალფეროვნებამ დაანგრია. რაც მხოლოდ მისასალმებელია. სამაგიეროდ, პოლიტიკურ ხვეწნა–მუდარას ჰგავდა მისი მოწოდება, რომ ახლა არაა რიტორიკულ დონეზე სხვაობების ძებნის დრო და საჭიროა ყველამ 41-ის გაძლიერებაზე ვიზრუნოთ, „სამშობლო რომ საერთოდ არ დავკარგოთ“. მოკლედ, ამ ერთხელაც აგვირჩიეთ და 2028 წელს ქოცებს უკეთესით ჩავანაცვლებთო – „გარწმუნებთ, მე არაფერი მომიტყუებია და იმაზე მეტი გავაკეთეთ ამ წლებში, რასაც ველოდით სხვათა შორის. მე თვითონ ძალიან ამაყი ვარ, საოცარი შედეგები გვაქვს!.. დამიჯერეთ, მომდევნო არჩევნები კარგსა და უფრო კარგს შორის გვექნება“.
დაბოლოს, ისევ ევროპის მამაკაცთა საპირფარეშოებში დადებული „სალფეტკების“ და მამაკაცთა ლაქტაციის შესახებ. არ გამოვრიცხავ, როცა სამყარო ამ ბოდვებს მხიარულად იოლად მოინელებს, შესაძლოა ჩვენს ოლიგარქს შემორიგებულმა ამერიკამ და ჰოლივუდმა სცენარის დაწერაც შესთავაზოს რძეგამდინარ კაცებზე, ხოლო შებერებულმა არნოლდ შვარცნეგერმა ორსული მამაკაცის შემდეგ, მეწველიც კარგად ითამაშოს.