ყოფიერების დოკუმენტაციის გარდა, ჩვენი საქმე ყოფიერების რე-დიზაინია. მწერალი ქაოსის დიზაინერია, მითური დემიურგი, რომელმაც კოსმოსი უნდა შექმნას. გადაუდებელი საფრთხეების კორესპონდენტი, ციური სხეულების სისაზარლის მაუწყებელი, კერძო დეტექტივი, რომელიც სიცოცხლის დანაშაულებს იკვლევს.სიცოცხლე კი ბევრ დანაშაულს სჩადის.
იყო მწერალი ნიშნავს გამუდმებით შიფრო რეპერტუარები სიზმრებისა, გადაიქცე რადიოდ, რომელიც გამუდმებით ეძებს ჩართულ ტალღებს და შემდეგ ტრანსლირებს მათ რადიოხარვეზებით, საკუთარი არსებით გრძნობდე რეალობის შემზარავ სახეს და გემატრიით ან გლოსოლალიით ეთამაშო ენას, სიტყვებს, სიუჟეტებს, სიზმრებს, რომ ეს შემზარაობა აღწერო ან როგორმე დააბალანსო მაინც. იყო მწერალი ნიშნავს მსახურობდე უკვე დაანონსებული აპოკალიფსის დეპარტამენტში, ნიშნავს მეცხრე ციდან ყვინთავდე ფსკერზე, იმ სიღრმემდე როცა იმის იქით არაფერია. ვიცი ეს სიტყვები მოძველებულივით ჟღერს, როგორც რამე მანიფესტო ან მწუხრის ლოცვა, მაგრამ როგორც ერთი ავტორი ამბობდა სწორედ რომ ლოცვაა ხელოვნების დასაწყისი.
“ყველაფერი დაიწყო ტომის პირველი ამბის მთხრობელით” – წერს იტალო კალვინო და ხშირად უძველეს პროფესიად სხვას მოიხსენიებენ, მაგრამ ავიწყდებათ რომ ამბის თხრობა ერთ-ერთი ყველაზე ძველი პროფესიაა, დაბადებული ქალობრიობასთან ერთად. ალბათ ევოლუციის ბარიკადებზე მყოფთ ნამდვილად გვჭირდება ჩვენი დოზა ნარატივი, ჩვენი წილი ზღაპარი თუ სინამდვილე, თორემ აქამდე ლიტერატურა, ამბის თხრობა უკვე დიდი ხნის გადაშენებული იქნებოდა.
მწერლობა მარტოსული პროფესიაა, ალბათ ყველაზე მარტოსული არსებულთაგან. აბსოლუტურად მარტო ხარ ცარიელ ფურცელთან და ვერავინ განუგეშებს საოცრების უბეში და სძინავთ ბნელ ხვეულებში გამოუცნობ ქიმერებს. სწორედ ამ ქიმერებს ეძებ, როცა უცნაური სიტყვათშეხამებები და ფერადი ან ბნელი მეტაფორები გამოგყავს თითქოს არსაიდან, საკუთარი ქვეცნობიერის სარდაფიდან ან არქეტიპული სიუჟეტების საბადოდან. კალვინო იმასაც წერდა რომ მწერალი მანქანაა, ბიოლოგიური დანადგარი მეტაფორების საწარმოებლად და ესეც სიმართლეა, როგორ შეიძლება არ იყო მანქანა, როცა ღმერთი და მუზები უკვე დიდი ხანია მოკვდნენ, (ზოგის აზრით ავტორიც), შენ კი დაუღალავი ალგორითმივით ჟონგლიორობ სიტყვალოცვებით ერთადერთი მზის თუ ვარსკვლავიანი ცის ქვეშ.
ყველა მწერალს თავისი შეხედულება აქვს მწერლობაზე, არავინ იცის ვინ რატომ წერს: ბესტსელერი რომანი გამოუშვას? დატოვოს რაღაცა, რაც დარჩება – ჩვენ რომ არ ვიქნებით? ეთამაშოს მკითხველს? სოციალური კომენტარი გააკეთოს მიმდინარე მოვლენებზე?
არავინ იცის, მაგრამ ყველას აერთიანებს ურთიერთობა სიტყვებთან, სიტყვები კი არ არიან ადვილად მოსახელთებელი თევზები, ამიტომაცაა რომ სრულ სიჩუმეში ან კაფის ყაყანში მჯდარი მარტოსული მწერალი თითქოს მაგიურ სეანსს ატარებს, რომ ყველასთვის ნაცნობი სიტყვებისაგან ისეთი კომბინაციები შექმნას, რომელიც აქამდე არ ყოფილა.
რატომ ვსაუბრობ ლიტერატურაზე? რა არის მასში დამალული და რის მანიფესტაციას ახდენენ ორგანიზებული სიტყვები ჩვენთვის, მკითხველებისთვის? გამოწვრთნილი, დაგეშილი სიტყვები როგორც შავი ძაღლები, ჰეკატეს ცხოველები. ლიტერატურა უბრალოდ ამბის თხრობაა თუ ევოლუციურ ბარიკადებზე გამოსულებს, გადარჩენის მოუდში მყოფებს – საფრთხეებზე გვატყობინებს, როგორც ეს ერთ ავტორს მიაჩნდა ან იქნებ ჭრილობის შესახორცებელ მალამოებს გვაძლევს?
ალბათ ორივე და არცერთი მათგანი.
ლიტერატურა ერთი უძველესი ისტორიაა, დაბადებული ქალობრიობასთან ერთად, რომელსაც ჩვენ უკვე საუკუნეებია ვყვებით სხვადასხვა ენით და დეკორაციებით, არქეტიპული პროგრამირება, რომლის კოდი ბოლომდე არ გვესმის, მაგრამ რომელიც მაინც მუშაობს, ეს ტრანსგრესიული ნარატივია, რომელიც გამოხატავს ჩვენი სახეობის არსს, ხოლო მწერალი ამ ნარატივით შეპყრობილი სუპერსტარი განდეგილია, სამყაროს პირდაპირ ეთერში.