მახსოვს, ამ რამდენიმე წლის წინ, როცა ფეისბუკზე გამოჩნდა ერთგვარი საპროტესტო ჩარჩო – “Never back to USSR” – ბევრი იცინოდა, რაღა დროს საბჭოთა კავშირთან დაპირისპირება და პარალელებია, ეგ ხომ 30 წელზე მეტია, რაც აღარ არსებობსო. განსაკუთრებით აქტიურობდნენ მემარცხენეები, რომელთა უმრავლესობაც, ჩემდა სამწუხაროდ, მაინცდამაინც დიდი ადეკვატურობით არ გამოირჩევიან ხოლმე ჩვენში. მართალია, რაღა დროს საბჭოთა კავშირთან პარალელია, დღევანდელი რუსეთი ბევრად უარესია, ვიდრე ბოლო ხანების სსრკ. დღეს კიდევ უფრო ცხადად ჩანს, რომ რუსული იმპერიალიზმისა და ტოტალიტარიზმის მემკვიდრეობა იმდენად ღრმაა, იგი ვერ გაქრება მხოლოდ იმიტომ, რომ რომელიმე ჯგუფს მობეზრდა, ან აღარ უნდა ამაზე ლაპარაკი, რაგინდარა მიზეზით. მობეზრებას ვინ ჩივის, ნოსტალგიასაც კი წააწყდებით აქა-იქ…
ტოტალიტარული რეჟიმების მთავარი იარაღი რომ დეჰუმანიზაციაა, არახალია. სისტემის ბრძოლა ინდივიდის წინააღმდეგ ისეა გაჩაღებული, რომ ხშირად, ღია დაპირისპირებაში ყოფნა არც არის საჭირო: საკმარისია, განსხვავებული აზრი გქონდეს, უმალ გამოცხადდები “მტრად”, “უსამშობლოდ”, “აგენტად”, “ნაცისტად”. გეცნოთ, ალბათ, ფორმულები. გეცნოთ სწორედ იმიტომ, რომ ჩვეულებრივ, ტოტალიტარული რეჟიმების მემკვიდრეებისთვის, დემოკრატიის საფარქვეშ ავტორიტარიზმს რომ უყრიან საფუძველს, განსაკუთრებით, წინასაარჩევნო პერიოდში, დამახასიათებელია ამ ფორმულათა კვლავწარმოება, ერთი მხრივ, იმისთვის, რომ მტრის ხატის შექმნით გაღრმავდეს პოლარიზაცია მოსახლეობაში, მეორე მხრივ კი, წარუმატებელი ხელისუფლება ამგვარად ცდილობს, საზოგადოებას გადაატანინოს ყურადღება იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემებიდან, რომელთაც ვერ ან არ აგვარებს.
ამ რამდენიმე დღის წინ, ნატა ფერაძეს შევხვდი, აქტივისტ პარტიზანს, კიდევ ერთ იძულებით დევნილს საქართველოდან, მორიგ “ხალხის მტერს”. ჩემთვის თავზარდამცემი იყო მისი შეტყობინება, რომ იძულებულია, ქვეყანა დატოვოს… თან რა მიზეზით? — სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით! ნატასნაირი უკომპრომისო აქტივისტი, თავისი საქმის პროფესიონალი, ქვეყნისა და, განსაკუთრებით, თბილისისთვის მებრძოლი მოქალაქე, ბევრი არ ჰყავს ჩვენს ქვეყანას! ბოლო დროს, ხშირად მესმოდა: “ნატას ბაბლიც კი განუდგა”, “3-4 ადამიანს უყვარს” და მისთ. როცა მხოლოდ იმაზე ხარ ორიენტირებული, მასას თავი მოაწონო და მომწონებელთა ბუღალტერიითა ხარ დაკავებული, ნამდვილად ვერ მიხვდები, რას და რატომ აკეთებს ნატა ფერაძე — პარტიზანი მებაღე და ქვეყანაში ყველაზე ჩაგრული ჯგუფის გვერდში მდგომი. ესეც რეჟიმის მახასიათებელია: არც თუ იშვიათად, თავად ლიბერალური საზოგადოებაც კი წამოეგება ხოლმე ხელისუფლების სატყუარას და ავიწყდება, რომ მთავარია პრინციპი, ღირებულება და კონსტიტუციური უფლებები, რომელთა დასაცავადაც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, მაშინაც კი, უფრო სწორად, განსაკუთრებით მაშინ, როცა, შეიძლება, სულაც არ მოგვწონდეს ის, ვის უფლებასაც ლახავს სისტემა.
ჩემთვის დიდი იმედი იყო მისი ყოფნა საქართველოში და არც კი წარმომედგინა, რომ დადგებოდა ეს დღე. “ბელარუსი!” – ეს იყო ჩემი პირველი გაფიქრება და კიდევ უფრო ცხადი გახდა, რომ ქვეყანაში ავტორიტარიზმი დამყარდა.
შევხვდით ერთმანეთს შუაგულ ევროპაში, ეს ორი “უღმერთო” და “უსამშობლო”, შინ დაბრუნებულმა კი გავიაზრე, რომ ეს იყო ერთ-ერთი უცხადესი თვალსაჩინოება იმისა, თუ რანაირად შეიძლება, დააჯერო ხალხს მტრობა ადამიანისა, რომელიც უცხოეთში გადახიზნულიც კი მხოლოდ სამშობლოზე ლაპარაკობს, უკან დაბრუნებაზე, იქ დარჩენილ ჩაგრულ ადამიანებზე, საყვარელ ცხოველებსა და მცენარეებზე…
ვუსმენდი და მახსენდებოდა მისი “თავისუფლების დღიურები” “რადიო თავისუფლებასთან”, 2013 წლის აგვისტოთი რომ თარიღდება:
“განათლებით მხატვარ–რესტავრატორი ვარ და ბოტანიკოსობა, თუ მებაღეობა (თუ პარტიზანობა, თუ რაც ჰქვია) ბოლო 10 წელია დავიწყე. წამოვედი მუზეუმიდან და უკან გახედვაც აღარ მინდა. ახლა ვაკეთებ იმას, რაც მინდა და მიყვარს.
საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ვმუშაობდი. კაკაბაძის, ფიროსმანის, კანდინსკის რესტავრაციას ვაკეთებდი. ჰოლანდიაში, ჰააგაში, ვმუშაობდი მე-17 საუკუნის ფერწერის რესტავრაციაზე და არც ისე ცუდად გამომდიოდა, მაგრამ ვიტანჯებოდი დახურულ სივრცეში მონოტონური სამუშაოსგან. და, საერთოდ, შემზიზღდა მუზეუმები. რესტავრაციის მერე ნახატი პირვანდელობას თითქმის სულ კარგავს და მუზეუმში რაც კიდია, ნახატის ცხედარს მაგონებს. ჩემი აზრით, ნახატებს მხოლოდ კონსერვაცია უნდა უტარდებოდეს მაგრამ ეს სულ სხვა თემაა.
მხოლოდ ის უნდა აკეთო, რაც მართლა გიყვარს. ახლა სიამოვნებით ვიხარჯები და მიყვარს თითოეული ჩემი დარგული ხე და ყველა ადამიანი, ვინც ამაში მონაწილეობს”.
რაღა უნდა დავამატო?! ასეთი ქალია!
საბოლოოდ, გაურკვევლობასა და უიმედობაში მყოფები, ჩვენებრ სახელგავარდნილ “უღმერთო” და “უსამშობლო” ნინია კაკაბაძესთან ერთად, გამარჯვების რწმენით ვაგულიანებდით ერთმანეთს, იმედით, რომ ისევ შევხვდებით ევროპაში, ოღონდ ევროპულ, სახელოვნად გამარჯვებულ საქართველოში.
არ შეიძლება, არ გავიხსენოთ სიტყვები მარო მაყაშვილისა, რომელიც, დღევანდელ დღეს, 25 აგვისტოს დაბადებულა:
“მანამ ადამიანში ნაპერწკალი ღვივის, იგი ხარობს და ტანჯობს. როცა იგი ჩაქრება, ყველაფერი ისპობა და ქრება. ესე რომ, რაც გინდა, გონიერი და ნიჭიერი ადამიანი იყოს, თუ ჩაქრა ნაპერწკალი, ისიც ქრება. ადამიანის ფსიხოლოგია სულ მასზედ არის დამყარებული, ამ ერთ ბეწო ნაპერწკალზე… დღეს მივხვდი, რა არის მიზანი ცხოვრებისა — სამშობლოსთვის მუშაობა”.
წლევანდელ აგვისტოს 1924 წლის აჯანყების 100 წლისთავია, ბერლინიდან დრეზდენისკენ მიმავალი ვალიკო ჯუღელის დღიურს მივუბრუნდი, რომელიც ასე იწყება:
“მინდა რომ ეს სადღიურო წიგნაკი ჩვენზე ბედნიერი იყოს: რომ იგი იყოს უკანასკნელი უცხოეთისთვის”.