რამდენიმე დეტალი „ბირჟა მაფიის“ საქმეზე

პუბლიკა

(გიორგი ქებურიას საქმის მაგალითზე)

თანამედროვე სამყაროში საჯარო დისკუსიის საგანს აღარ წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობა დემოკრატიული საზოგადოებისთვის. საქართველოც, როგორც სუვერენული რესპუბლიკა, კონსტიტუციასა და საერთაშორისო ხელშეკრულებებში დეკლარირებული ნებით საკთარ თავზე იღებს გამოხატვის თავისუფლების დაცვისა და უზრუნველყოფის ვალდებულებას. მიუხედავად ფორმალური გარანტიების არსებობისა, საქართველოს რეალპოლიტიკაში არცთუ იშვიათია შემთხვევა, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები ძალაუფლების შენარჩუნებისთვის, მისი დემონსტრირებისთვის თუ ვიწრო ინტერესების გატარებისთვის ღალატობენ ზოგად სახელმწიფოებრივ იდეალებსა და გაუმართლებლად ზღუდავენ პირთა ფუნდამენტურ უფლებებს.

სწორედ მსგავს შემთხვევას უნდა მივაწეროთ ცნობილი რეპერის, პროექტ „ბირჟა მაფიის“ წევრი გიორგი ქებურიას მიმართ განხორციელებული უკანონო სისხლისსამართლებრივი დევნა, რამაც ხელშესახები საფრთხის წინაშე დააყენა გამოხატვის თავისუფლება, სამართალდამცავი ორგანოები კი საზოგადოებრივი კრიტიკის ობიექტად აქცია. ამ საკითხს ეხმიანება,   თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით წერეთელის მიერ მიღებული  საინტერესო გადაწყვეტილება, რომელმაც საქართველოს გენერალურ პროკურატურას, უსაფუძვლო სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრისთვის, გიორგი ქებურიას სასარგებლოდ  36 815 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დააკისრა.

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ პროექტ “ბირჟა მაფიის” ერთ-ერთ ვიდეოკლიპში “TSL შავი ზედა”  შემოქმედებით კონტექსტში გაშარჟებული იყო პოლიციელის ფიგურა. მალევე, „ბირჟა მაფიის“ სპონსორმა მიიღო გადაწყვეტილება დაებლარათ კლიპის ის ნაწილი, რომელიც პოლიციის უნიფორმაში გამოწყობილ პირს ასახავდა, ხოლო სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა  “ბირჟა მაფიის” წევრები Young Mic (მიშკა მგალობლიშვილი)  და Kay G (გიორგი ქებურია) განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ცნობით, ერთ-ერთი დაკავებული ბრალს აღიარებდა.

მოსარჩელის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა 2017 წლის 15 დეკემბერს შეწყდა პროკურორის დადგენილების საფუძველზე, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მოსარჩელის ქმედებაში ბრალდების სახით წარდგენილი დანაშაულის ნიშნები არ არსებობდა.პროკურატურის ამ დადგენილებას წინ უსწრებდა იმდროინდელი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირების, მათ შორის, მინისტრების განცხადებები.

გიორგი ქებურიას განცხადებით მისი დაკავება უკავშირდებოდა მაღალჩინოსანთა ინტერესს, რომ მუსიკალურ კლიპში პოლიციელის გაშარჟებისთვის სამაგალითოდ დასჯილიყო:

„ნარკოტიკული საშუალება არ გვქონია, არც არავის ჩაუდია, თვალითაც არ გვინახავს, მისი გაფორმება მხოლოდ საბუთებში მოხდა, დანაშაული ვაღიარე იმიტომ, რომ ჩემზე იყო ფსიქოლოგიური ზეწოლა სამართალდამცავების მხრიდან….. ამ კლიპმა გამოიწვია პოლიციის გაღიზიანება, რადგან პოლიცია იყო გაშარჟებული და ისევ ჩვენ უნდა დავსჯილვიყავით სამაგალითოდ, რათა მსგავსი ქმედება აღარ განმეორებულიყო სხვისი მხრიდან.“

შემოქმედების თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლების ერთ-ერთი ფუნდამენტური კატეგორიაა, რომელიც უზრუნველყოფს ხელოვანის უფლებას გამოხატოს საკუთარი განცდები, შეხედულებები და დამოკიდებულებები ნებისმიერ საკითხზე. თავისუფალი კულტურული ცხოვრება და შემოქმედებითი არეალი ჯანსაღი დემოკრატიული საზოგადოების განვითარების აუცილებელი პირობაა. ხელოვანთა საქმიანობა არ შეიძლება განვიხილოთ, როგორც მხოლოდ საზოგადოების გართობის, სიამოვნებისა და ‘სულიერი საზრდოს“ მინიჭების საშუალება, ვინაიდან, თითოეული არტისტი საკუთარი შემოქმედებით მნიშვნელოვნად ზემოქმედებს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებზე, იმდენად რამდენადაც, ყოველი ნამუშევრით ხსნის  სოციალური დებატების არეალს, გამოხატავს საკუთარ პოზიციას და იმავეს საშუალებას აძლევს ყველა დაინტერსებულ პირს. 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გაკეთებული განმარტების თანახმად:

„გამოხატვის თავისუფლება იცავს არა მხოლოდ იმ ინფორმაციას ან იდეებს, რომელთაც იზიარებს საზოგადოება ან არ არის შეურაცხმყოფელი, ან მათ მიმართ ინდიფერენტული დამოკიდებულება აქვს, არამედ ისეთებსაც, რომლებიც შეურაცხყოფს, შოკისმომგვრელია და აწუხებს სახელმწიფოს ან საზოგადოების ნებისმიერ ჯგუფს.“  

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის დავით წერეთელის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საინტერესო მაგალითია აღმასრულებელი ხელისუფლების მართლსაწინააღმდეგო, რეპრესიულ  ქმედებებზე რეაგირების თვალსაზრისით..სასამართლოს  გადაწყვეტილებას განსაკუთრებულ დატვირთვას სძენს საქართველოს სასამართლო სისტემის გარშემო არსებული ზოგადი კონტექსტი, კერძოდ, ის ფაქტი,რომ  არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაცია ღიად უსვამს ხაზს საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის დაბალ ხარისხსსა და შიდა ავტორიტარიზმის არსებობას. 

სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს  პროკურატურას სრულად დაეკისრა  36 815 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, საიდანაც მორალური ზიანი შეადგენდა 10 000 ლარს. იგი განპირობებული იყო გიორგი ქებურიას წინააღმდეგ წარმოებული საქმის რეზონანსულობით, მათ შორის, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ გაკეთებული განცხადებებით, რომლებიც მის ქმედებებს ანტისახელმწიფოებრივად და ამორალურად აფასებდნენ. მატერიალური ზიანი შეადგენდა 26 815 ლარს, რომელიც თავის მხრივ მოიცავდა სისხლის სამართლებრივი დევნის ფარგლებში იურიდიული მომსახურებისათვის გადახდილ თანხას, უკანონო დევნით გამოწვეული ფსიქიკური აშლილობის გამო ფსიქოთერაპევტის კონსულტაციებში დახარჯულ თანხას და მთელ ამ პერიოდში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არასრულფასოვანი მონაწილეობის გამო ვერ ჩაბარებული საგნების დავალიანების დასაფარად გადახდილ თანხას.

კანონის უზენაესობის პრინციპი გულისხმობს, რომ ხელისუფლება ეფუძნება, იზღუდება და ხორციელდება სამართლის მეშვეობით, ნებისმიერი მაიძულებელი ქმედება, რომელსაც ექსტრასამართლებრივი განზომილება გააჩნია, წარმოადგენს კრიმინალს, ხოლო თუკი ასეთი რამ მოცემული შემთხვევის მსგავსად სახელმწიფო ინსტიტუტების წარმომადგენლების მხრიდან ხორციელდება, სახეზეა ავტორიტარული რეპრესია, რომლის ეფექტიც დემოკრატიული ღირებულებების შერყევაა. მოსამართლე დავით წერეთელის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მნიშვნელოვან სამართლებრივ პრეცედენტს ქმნის სასამართლოს მიერ აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ეფექტური კონტროლის განხორციელებისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის დაცვის მაღალი სტანდარტების გარანტირების პროცესში.