ჩვენ არნახული პატრიოტული სულისკვეთებისა და სანახაობის მოყვარული ერი ვართ, ამიტომაც გვაქვს ამდენი თეატრი, გვყავს ამდენი პოლიტიკოსი, და საერთოდ, ქართულ კულტურაზე შეყვარებული ადამიანი. მსოფლიოს რომელი კუთხიდან აღარ ჩამოდიან ჩვენთან, ფეხით რომ მოიარონ მთელი საქართველო, სვანეთის კოშკებით აღფრთოვანდნენ, მათი სიძველით, ტროიკული, ბოდიში, სტოიკური ხასიათით, ასე ორგანულად რომ ერწყმის კავკასიონს. რა შვეიცარია, რის შვეიცარია! – აი, აქაა ბუნებისა და ისტორიის ნამდვილი ტენდერი, ბოდიში, ტანდემი! პრობლემებს რა გამოლევს და, ეს ძეგლებიც ინგრევა, მაგრამ 2012 წელსაც (ხომ გახსოვთ ეს წელი?) ასე იყო.
მართალია, 2020 წელსაც რაღაცები დაინგრა, მაგრამ იცით რა? ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ფული არა გვაქვს, თორემ გული – იცოცხლე, შეგვტკივა, განსაკუთრებით – ბანკების მმართველებსა და საფონდე ბირჟავიკებს, ბოდიში, ბირჟებს, შიგადაშიგ კი პარლამენტარებსაც შეაქვთ თავიანთი წილი პატრიოტიზმის ყულაბაში…
განა არ გვაწუხებს ის, რომ ტურისტული მარშრუტის მნიშვნელოვანი რგოლი შეიძლებოდა გამხდარიყო ბოლნისის, ბოდიში, საყდრისის ოქროს საბადოები. ხომ გვითხრეს, უძველესი და უნიკალურია, დედამიწაზე ამის მსგავსი არაფერი გვინახიაო. მაგრამ ქველმოქმედებასაც სახსრები უნდა, მოსახლეობაზე და ხალხზე ზრუნვის გამო გადავდგით ასეთი ნაბიჯები – ამ საცოდავ, ღარიბ ქვეყანაში ოქრო უფრო მეტად ფასობს, ვიდრე ტურიზმი და გადამთიელთა ინტერესებისათვის ზრუნვა.
ახლა, ისე არ გამიგოთ, რომ ტურისტები არ გვინდა, მაგათი ედგა სული ხალხს, ცოტა შვებას ნახულობდა ეს კორონა რომ არა. მაგრამ ჩვენ კორონა შეგვაშინებს? აგერ, 2021 წლის დასაწყისში განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტის, მემკვიდრეობისა და უზრუნველყოფის მინისტრის თქმით, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც პანდემიის დროს 2 ახალი მუზეუმი გაიხსნა – ვანში და საყდრისში, ბოდიში, ბოლნისში. „ერთადერთი” – როგორც იტყვიან, key word-ია, ბატონებო!
ახლა ორიოდე სიტყვით გელათზე. რა აღარ დაიწერა, ასეთი თუ ისეთი სათაურით. მაგალითად, 2020 წლის ივლისში რადიო თავისუფლების საიტზე განთავსებულ სტატიას ერქვა: „გელათის დაზიანებული ფრაგმენტი“ რეაბილიტაციის თანმდევი პროცესია”, – პასუხისმგებელი პირები არ დაისჯებიან”.
მაგრამ იცით თუ არა, რომ იუნესკოს საიტზე გელათი რომ მოძებნოთ, 125 შედეგს ნახავთ, დიახ, ას ოცდახუთს! აბა, დღეს კი არ წარმოქმნილა ამდენი პრობლემა! თვით ვიკიპედიაში წაიკითხავთ, რომ 2010 წელს იუნესკომ ბაგრატის ტაძარი საფრთხის ქვეშ მყოფ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შეიტანა, საიდანაც 2017 წელს გამოიტანა კიდეც. წყალი რომ ჩამოდის, ეგეც შეკეთდება, მარტო ლაპარაკი კი არაა საჭირო. შეცდომა იმას მოსდის, ვინც საქმეს აკეთებს. აი, ნახეთ: ქალბატონმა თეამ როგორ ენერგიულად დაიწყო.
„…დადგინდა, რომ ახალი ტექნოლოგიით დამზადებული კრამიტი, რომელიც (…) გადახურვებისთვის იყო გამოყენებული, დაბალი ხარისხისაა, რამაც ინტერიერში წყლის ჩაჟონვა და კედლის მხატვრობის დაზიანება გამოიწვია”.
მოკლედ, გამყრელიძის, ბოდიში, წულუკიანის დასკვნა გამოტანილია და ახლა დამნაშავებსაც დააჯარიმებენ ანდა დასჯიან.
რაც შეეხება მცხეთას, ახლახან დაიბეჭდა სტატია „ქალაქი – მუზეუმი. რა ბედი ელის მცხეთას?” სადაც ვკითხულობთ: „ბოლო თვეების განმავლობაში მცხეთის გენერალური გეგმის ირგვლივ მსჯელობა გააქტიურდა, რაც ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას განცხადებებმა გამოიწვია, ქალაქში დაწესებული მორატორიუმის მოხსნის შესახებ”.
ბატონი გახარია, მოგეხსენებათ, ბიზნესომბუდსმენიც იყო, ეკონომიკის მინისტრიც, შსს მინისტრიცა და პრემიერ-მინისტრიც, და ალბათ იცის, რატომ სურს, გაუქმდეს მორატორიუმი, რომელიც ზღუდავს ახალ მშენებლობებს. მცხეთაც, გეცოდინებათ, იუნესკოს მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული ძეგლების სიაშია. და ბოლო-ბოლო, იუნეკო დაიცავს მას, თუკი ყოფილებს აღარ ეპიტნავებათ.
ახლა კიდევ – რიონის ხეობის მცველები თუ გუშაგებიო, ნამოხვანის ჰესი არ გვინდაო, მიწა-წყალს ჰყიდითო, ესაო, ისაო, რას აღარ მოისმენ… ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველო ენერგოდამოუკიდებელი და საერთოდ, დამოუკიდებელი იყოს მთელი ცივილიზებული სამყაროსაგან, ბოდიში, ცივილიზებული სამყაროს მსგავსად. და თუკი მომავალ არჩევნებში „ნაციონალური ოცნება” გაიმარჯვებს … (პაუზა)…
დიახ, უნიკალურია სვანური კოშკები თუ ბაგრატის ტაძარი, საყდრისის ოქროს საბადო თუ მცხეთა – ქალაქი მუზეუმი, საერთოდ – ჩვენი ქვეყანა და მიწა-წყალი, რადგან უნიკალურია თავად ქართული სული! სწორედ ამის სალუსტრაციოდ, ბოდიში, საილუსტრაციოდ, ყოველ შობა-ახალწელს დედაქალაქში ანგელოზთა დასი ეშვება, რომ თბილისის ქუჩები ვერცხლისფერსა და ოქროსფერ ციმციმში გამოახვიოს.
P.S. ამ ბოლო დროს ერთი ანდაზა ამეკვიატა: კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო. ბოლოს ავიღე და დავგუგლე. აღმოჩნდა, რომ ინგლისურშიც და რუსულშიც ძალიან მსგავსი ანდაზა არსებობს: Man proposes, God disposes. Человек предполагает, а Бог располагает. როცა მრავალი თქვენგანივით სევდიანად ვათვარიელებ ქართულ საიტებზე ნიუსების სათაურებს, გამუდმებით ჩამესმის ბოხი, ხრინწიანი ხმა, რომელიც ამ ბლოგის სტილისტიკით რაღაცეებს მიმტკიცებს. თავი მომაბეზრა უკვე, როგორც მოულოდნელად გამომხტარმა სარეკლამო რგოლმა, რომლის დახურვასაც ცდილობ, აბეზარი ფანჯარა კი არა და არ იხურება.