ის გოლი გახსოვთ? ხორვატიასთან – „საქართველოს ნაკრებმა გაიტანა – ერთით ნოლი, გოოოოოოოოლ!“.
ამ გოლშიც კალაძე და კობიაშვილი მონაწილეობდნენ. შეტევა სწორედ კალაძემ დაიწყო მარცხენა ფლანგიდან, კანკავას დაუგორა, კანკავამ საჯარიმოში დაკიდა გადაცემა, მარცვალაძემ მიიღო, მოატყუა ერთი, იქვე მონახა კობიაშვილი, დარტყმა და „გოოოლ, გოოოლ, გოოოლ! საქართველოს ნაკრებმა გაიტანა, ერთით ნოლი, ერთით ნოლი! გოოოლ! ხორვატებს გავუტანეთ!!! გოოოოლ!“. მერე, სავარაუდოდ, დიდხანს ასულიერებდნენ დავით მინაშვილს, კომენტატორს.
ამ გოლშიც-მეთქი… ჰოდა, ახლაც გაიტანეს კობიაშვილმა და კალაძემ. გაიტანეს ისე, რომ მინდორზეც არ იყვნენ.
ახლანდელი კომბინაცია ცოტა სხვაგვარი იყო: ცენტრში ბურთი კობიაშვილმა მიიღო, გრძელი პასი ჩააწოდა ზურა ყიფშიძეს, ყიფშიძემ ირაკლი კობახიძე მონახა, კობახიძეს ბურთი აებლანდა ფეხებში, ამიტომ საკუთარი კარისკენ დაკიდა მაღალი გადაცემა, სადაც ბურთს დაუხვდა კალაძე, გაფრინდა ბურთისკენ და დაფიქსირდა სასწაული, თავური ავტოგოლი! ერთით ნოლი, გოოოლ, საკუთარ კარში გავიტანეთ! გოოლლლლლ!
პირველად ვახსენებ კალაძეს და ავტოგოლს ერთად. ყოველთვის გადაჭარბებულად მივიჩნევდი იმ ბედნავსი თამაშის გახსენებას იტალიასთან. მაგრამ მაშინდელი წყვილი ავტოგოლი რას შეედრება იმას, რაც გუშინ ვიხილეთ?
ისტორიული მატჩი და შანსი, რომელსაც მთელი ქვეყანა ათწლეულებია ველით. ბოლომდე დაჭიმული ნერვები, აკანკალებული გულები, ათრთოლებული თითები, სასწაულის მოლოდინი…
მძვინვარე პანდემიის ფონზე სტადიონთან შეკრებილი გულშემატკივარი, რომელიც სტადიონზე არ შეუშვეს, უეფას რეკომენდაციის მიუხედავად, რომლის მიხედვითაც გაცილებით უსაფრთხოდ იქნებოდნენ ტრიბუნებზე, დისტანციის დაცვით, მსხდომები, ვიდრე ერთად შეჯგუფებულნი…
და ამ დროს სტადიონზე, ლოჟაში წამოჭიმული ძლიერნი ამა ქვვეყნისანი, ქალაქის მერი, გლდანის მაჟორიტარობის პირველ ტურში დამარცხებული კანდიდატი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ამათი შვილები, ძმაკაცები, „ოცნების ელიტა“…
თამაშის დასასრული. ისე, როგორც უნდა დასრულებულიყო. ლოგიკურად. რა თქმა უნდა, ჩვენს ნაკრებს არაფერი ესაქმება ევროპაზე.
და ჩვენ, ქვეყანას რა გვცხია ევროპის? ევროპული იყო ის, რაც კალაძემ, კობიაშვილმა, კობახიძემ იკადრეს? ევროპული იყო ამ ფონზე, აცრემლებულ გულშემატკივრებზე ნადირობა და 2000 ლარით დაჯარიმება? ევროპული იყო ქართველი გულშემატკივრისთვის ასე სულში ჩაფურთხება, მათზე მაღლა დადგომა, ხამობის ასეთი გამოვლინება? ევროპული იყო საკუთარი შვილისთვის იმ პრივილეგიის მინიჭება, რაზეც ათასობით ქართველი ბავშვი ოცნებობდა და აუკრძალეს?
ამ ბავშვების სახელით გეკითხები შენ, ამ ქალაქის მერო – რატომ გაწირე შენი შვილი ამ საძაგელი მაგალითისთვის? რატომ გარიე ბავშვი იმ საზიზღრობაში, რომელსაც პრივილეგირებული ნომენკლატურა ჰქვია? რატომ იდგნენ სტადიონთან აცრემლებული, გულშემატკივრები, რომლებსაც პოლიცია 2000 ლარით აჯარიმებდა?
ამ ბავშვების სახელით გეკითხებით, პარლამენტის ყოფილო თავმჯდომარევ, გლდანის პირველ ტურში დამარცხებულო მაჟორიტარო კანდიდატო, ცნობილო მსახიობო, საბჭოთა ინტელიგენციავ, და ამ ინტელიგენციის დაქალებო და ძმაკაცებო, გეკითხებით თქვენ – აცნობიერებთ კი, რა ქაქში ჩაგიცდათ ფეხი?
კი, ჩვენ ნამდვილად არაფერი გვესაქმება ევროპაზე. იქ ევროპული გუნდების ადგილია. იქ დიდი ფეხბურთის ადგილია. ფეხბურთი კი თანაწორობის, პატიოსანი თამაშის, მოწინააღმდეგისა და გულშემატკივრის პატივისცემის, ადამიანთა სიყვარულისა და დაფასების, მეგობრობის, ბრწყინვალების, სილამაზისა და ნიჭის ზეიმია. იმ ყველაფრის, რისი ანტიპოდსაც განასახიერებთ თქვენ, აი ამ სქრინზე გამოსახული ნომენკლატურა.
ამიტომაც წავაგეთ. და ვერასოდეს მოვიგებთ მანამ, ვიდრე ქვეყანა არ დაიმსახურებს ამას.
ჯერჯერობით კი რაც დავიმსახურეთ, არა სტადიონზე, არამედ ტრიბუნებზე ვიხილეთ – თქვენ!
შესწორება: თავდაპირველად ბლოგში ნახსენები იყო, რომ საფეხბურთო მატჩს სტადიონზე ესწრებოდა რეჟისორი რობერტ სტურუაც. თუმცა მოგვიანებით მან თქვა, რომ არ იმყოფებოდა სტადიონზე და გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სიმართლეს.