როცა გაიცნობ შენც შეგიყვარდება - საქართველოს ბანკი-საქართველოს დაცული ტერიტორიების მხარდამჭერი

ტექსტის ავტორი – გურამ თოიძე

ყოველ ღამე სიზმარში რომ ვხედავ და დროში მამოგზაურებს…

მონატრება…

ჩემი გული იმერეთს ეკუთვნის, 

ჩემი ცხოვრება იმ ლაბირინთივით გადაბმულ მღვიმეთა სისტემებს, ამოუხსნელ თავსატეხს რომ ჰგავს, კოლხურ ტყეებს და პრეისტორიულ ბილიკებს, სადაც დინოზავრების ნაბიჯებს მივუყვებოდი ხოლმე. 

ყოველ ღამე სიზმარში რომ ვხედავ, იმერეთის დაცულ ტერიტორიებს.

ექსპედიციებში ძალიან ხშირად დავდიოდი. 1984-ში კი, საქართველოში პირველ სპელეოლოგიურ ექსპედიციაში 5 კაციან გუნდს გავყევი და ზუსტად მაშინ მივაკვლიეთ პრომეთეს მღვიმეს.

გზად, ერთ-ერთ მცირე მღვიმეში შეძრომისას პატარა ნაპრალი ვიპოვეთ. შიგნიდან გრილი ჰაერი უბერევდა, ესეიგი სიცარიელე იყო.. შევძვერით და ასე აღმოვჩნდით პრომეთეს 17 დარბაზიდან ყველაზე დიდ და გასაოცარ დარბაზში.

საოცარი შეგრძნებაა, როდესაც ისეთ ახალ სისტემაში შეაბიჯებ, სადაც აქამდე არავის დაუდგამს ფეხი.

არასდროს დამავიწყდება მღვიმეში შესვლის მომენტი.. თავი შუაგულ კოსმოსში მეგონა. 

ამ უძველესი და ხელუხლებელი სივრცეების სიჩუმეში წვეთების ხმა საუკუნეების აღმრიცხველი საათის წიკწიკს წააგავს. ასე გრძელდება სტალაქტიტების და სტალაგმიტების ზრდა, რომლებიც მილიონობით წლის წინ წარმოიქმნენ. ერთ-ერთის მონატეხი პირველივე დღესვე წამოვიღეთ და ასაკის გასაზომად კვლევაზე გავაგზავნეთ. აღმოჩნდა რომ 50 000 წელს ითვლიდა. 

მღვიმეების ტემპერატურა წლის ნებისმიერ სეზონზე მუდმივია. ამის გამო კი, ხშირად დამვიწყებია გარე რეალობა, დრო და პერიოდი.

კარგადაც რომ დავფიქრდე ვერ მოვთვლი რამდენ ექსპედიციაში ვყოფილვარ, რამდენ ადგილას ჩავმძვრალვარ და რამდენ წყალში ჩამიყვინთავს. სიღრმეებში, სადაც წყლის გამო ხილვადობა ხშირად ისეთი ცუდი ყოფილა, რომ ნახევარმეტრზეც კი არ ჩანდა ხოლმე არაფერი. და ასე კედელკედელ მიუყვები, იმის იმედად რომ რაიმე ნაპრალს ან გასასვლელს მონახავ.

მაშინ მთელ დროს პრომეთეს მღვიმეში ვატარებდით, ყოველი კუთხე შევისწავლეთ, თავისი გაქვავებული ჩანჩქერებითა და დაკიდული ფარდებით. ისეთი გრანდიოზულია დამალობანაც კი გვითამაშია. 

უმეტეს მღვიმეში საიდანაც შედიხარ იქიდან გამოდიხარ, აქაურობის მთელი ხიბლი კი ისაა, რომ მეორე მხრიდან მღვიმის მდინარეს თავად გამოჰყავხარ ნავით.

ხოლო ამ სანაოსნო მონაკვეთის კვლევა როდესაც დაიწყო, აღმოჩნდა, რომ მღვიმის გამომდინარე წყალი იქვე მყოფი გაბზარული ტბის ბუნების ძეგლიდან მოედინებოდა. სულ რაღაც ასობით მეტრიღაა დარჩენილი რომ ეს ორი ადგილი ერთმანეთთან ერთი სანაოსნო გზით დაკავშირდეს.

საოცარო ტბაა.. როდესაც იხილავთ, თავად მიხვდებით თუ რატომ დაერქვა ეს სახელი.

ფოტო: გიორგი ნაკაშიძე

ზოგადად, როდესაც ბნელ მღვიმეში და წყალში ყვინთვის დიდხნიანი ექსპედიციიდან ბრუნდები სურნელებსა და ფერებს იმდენად მძაფრად აღიქვამ, რომ გარემო სამყაროს შესწავლის სურვილიც გიჩნდება, თუმცა მე, ყოველი გამოსვლისას, ერთი სული მქონდა რომ უკან დავბრუნებულიყავი.

სწორედ ამ ექსპედიციის დროს ვიგრძენი, რომ მთელი ცხოვრება აქ დავრჩებოდი.. და ასე გავხდი იმერეთის დაცული ტერიტორიების რეინჯერი და სპელეოლოგი.

მთაზე სეირნობისას ხშირად გაიგებთ მთის უნიკალური რუხი ფუტკრის ბზუილს.. 

სათაფლიაც ხომ ამიტომ ეწოდა…

როგორი ტკბილი სახელია – ერთხელ რომ გაუსინჯავ გემოს და მუდამ გემახსოვრება.

მეცნიერების ვარაუდით ეს ტერიტორია ზღვის სანაპირო ზოლს წარმოადგენდა, შესაბამისად როდესაც დინოზავრები წყლის მოქცევის დროს გადაადგილდებოდნენ, რბილ ზედაპირზე დატოვებული ნაკვალევი დალექილა, უკუქცევის დროს კი, კირქვის შრეებზე გამკვრივებულა და ასე შენარჩუნებულა.

ეს ერთადერთი ადგილია მსოფლიოში, სადაც ერთადაა აღბეჭდილი ბალახისმჭამელი და მტაცებელი დინოზავრების ნაკვალევი.

სათაფლიას მღვიმე მდინარე ოღასკურას ბუნებრივ კალაპოტს წარმოადგენს. ეს პატარა მდინარე თურმე 30 მილიონი წლის განმავლობაში იკვლევდა გზას და ასე აფართოებდა დერეფნებს. 

იმერეთის მღვიმეების მთავარი ხიბლი ისაა, რომ არც ერთი ჰგავს ერთმანეთს. თითოეული ნაღვენთი ფორმა უნიკალურია. ბუნება თავად ძერწავდა ამ ფორმებს, შედეგად კი ულამაზესი მიწისქვეშა სამყაროები შეიქმნა. ეს კი, იმერეთის დაცულ ტერიტორიებს ნამდვილად გამოარჩევს მთელი საქართველოს ბუნებისაგან.

იმედია თავი არ შეგაწყინეთ.. ისეთი მრავალფეროვანია იმერეთის დაცული ტერიტორიები, საათობით შემიძლია გაუჩერებლად ლაპარაკი.. 

მღვიმეებში მობინადრე სიბნელეს შეგუებულ ორგანიზმებზე, მტკნარი წყლის მოლუსკებზე, ბრმა კიბორჩხალებზე, ობობებსა და ჩვენი ეკოსისტემისთვის მნიშვნელოვან რუხი ღამურების ათასწლოვან პოპულაციებზე.. 

მუხურას 70 მეტრის სიმაღლის ჩანჩქერზე…

ფოტო: გივი მაღრაძე

წყალწითელას ხეობაზე, რომელსაც ლეგენდის თანახმად სახელი ხრესილის ომის დროს, მტრის სისხლისგან წითლად შეღებილი წყლის გამო ეწოდა და რომლის სიღმრეშიც მრავალი მინერალური წყარო მდინარეს სამკურნალო თვისებებით ამდიდრებს..

ერთი ჩემი საყვარელი ადგილიც მინდა გავიხსენო.. სათაფლიას მღვიმის გამოსასვლელთან.. ადგილი სადაც წელიწადის 365-ვე დღეს განსხვავებული ფერები და შეგრძნებები გეუფლება.. ეს ის უიშვიათესი წერტილია, სადაც ადამიანის და ბუნების ურთიერთობამ დაუვიწყარი ხეივანი შექმნა.

ყველაზე მეტად ის შეგრძნება მენატრება.. აი ძილის წინ უკვე გათენებას რომ ველოდებოდი, ერთი სული, რომ მქონდა მალე გამეღვიძა, ავმდგარიყავი და ისევ დაცულ ტერიტორიებზე წავსულიყავი. დღესაც ასე ვარ, ამდენი წლის შემდეგაც.. სიყვარულს არაფერი აკლდება.. ზუსტად ვიცი, როცა გაიცნობ შენც შეგიყვარდება.