ვინ მოსთვლის უკვე მერამდენედ ჩვენ მოწმენი ვხდებით სისტემური დანაშაულისა, როცა მსხვერპლი ახალგაზრდა ბავშვია. რამდენიც არ უნდა ვიძახოთ, მსგავსი აღარ უნდა განმეორდესო, გულის სიღრმეში ვიცით, რომ მაინც განმეორდება. მაინც მოუკლავენ მშობლებს შვილებს და მაინც მოგვიკლავენ ადამიანებს, რომლებიც გვიყვარს.
რელიგიური ეთიკის მიხედვით გინდა ერთი ადამიანი მოგიკლავს და გინდა მთელი სამყარო გაგინადგურებია, ეს ერთია. მაგრამ ჩვენ ძალიან შორსა ვართ რელიგიური ეთიკისგან და ზოგადად რელიგიისგან. მერე რა, რომ საქართველო ფორმალურად ნამეტანი რელიგიურ ქვეყანად ითვლება. ეს სინამდვილეში ფარსია. სინამდვილეში ჩვენი რელიგიურობა ზედაპირულია, თავთხელია და თვალთმაქცური. ჩვენ ღმერთისაგან შორსა ვართ. ღმერთისაგან შორს ყოფნა კი იმას იშნავს, რომ არ გაინტერესებს კერძო ადამიანების ბედი. სამაგიეროდ ახლოსა ვართ რუსეთთან და არა მარტო გეოგრაფიულად, არამედ ეთიკურად. პოლიტიკური რუსეთისათვის ადამიანის სიცოცხლეს ჩალის ფასი აქვს. მთავარია „დერჟავა“ და სისტემა იყოს კარგად და მის კეთილდღეობას არავინ შეუქმნას საფრთხე. ვისაც ბესლანის ტრაგედია ახსოვს, მიხვდება აქ რასაცა ვგულისხმობ.
ახლა კი გლოვის დროა. უნდა ყველამ ვიგლოვოთ ლუკა სირაძე და მის ოჯახთან და ახლობლებთან ერთად დავიტიროთ უდროოდ შეწყვეტილი სიცოცხლე. სიცოცხლე, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად ვერ დავიცავით.
ღმერთმა ნათელში ამყოფოს ლუკა სირაძის სული და ყველა იმ ახალგაზრდის სული, ვინც ძალადობრივი სისტემის მსხვერპლი გახდა.
ეს ძალადობრივი სისტემა უნდა მოიშალოს. მას ერთხელ და სამუდამოდ ბოლო უნდა მოეღოს. მინდა ყველას ვურჩიო, ნუ ეცდებიან ამ ძალადობრივი სისტემის გამოსარჩლებასა და დაცვას. გამომსარჩლებელი და დამცველი თავად გადაყვება ამ სისტემას. კმარა სისტემური ძალადობა!
ძალადობრივი სისტემა კლავს და არავის ზოგავს. არავინ უნდა ვიგრძოთ თავი დაცულად, სანამ ძალადობის სისტემას ვაცოცხლებთ. ხოლო სანამ ამ ქვეყანაში ეს არ მოხდება, ამ ცხოვრების დედაც, მამაც და კარგებიც!
მალხაზ სონღულაშვილი
თბილელი მიტროპოლიტი
საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია