როცა ყოველი დღე წიგნისაა – დათო ტურაშვილი

ჩემთვის ყოველი დღე წიგნის დღეა, მაგრამ 23 აპრილს თუ ისე აღვნიშნავთ, როგორც ეს ესპანეთში ხდება, ძალიან კარგი იქნება: ამ დღეს ყველანი ერთმანეთს ჩუქნიან წიგნებს და ერთ ყვავილსაც სიმბოლურად. კატალონიელები ამბობენ, რომ ეს მათი მოგონილია, მაგრამ არა აქვს მნიშვნელობა, ვინ მოიგონა, ჩვენთვის მთავარია, წელიწადში ერთი დღე მაინც ისე ვიცხოვროთ წიგნებთან ერთად, რომ მერე ყოველდღე მოგვინდეს კითხვა და სიყვარული.

წიგნი, რომელმაც კითხვა შემაყვარა

ჩემი პირველი და ნამდვილი წიგნი იყო ასტრიდ ლინდგრენის “მაწანწალა რასმუსი”, რომელიც მამაჩემმა წამიკითხა ჯერ კიდევ მაშინ, როცა ასოებსაც ვერ ვცნობდი, მაგრამ წიგნმა იმდენად დამატყვევა და ისე იმოქმედა ჩემზე, რომ გადავწყვიტე, კითხვა მესწავლა. ჩემი და, ხათუნა, უკვე დადიოდა სკოლაში და ამიტომაც სახლში გვქონდა ასოების ჩასაწყობი მუყაოს დაფა, რომელიც ჩუმად ჩავიგდე ხელში და იმ საღამოს დავიწყე მოგზაურობა ასოების ჯადოსნურ სამყაროში. ამ მოგზაურობას ახლაც ვაგრძელებ და კიდევ იმდენი კარგი წიგნი დამრჩა წასაკითხი, რომ მინდა, არ დავეთანხმო ფრენკ ზაპას, თუმცა არ გამომდის – “ცხოვრება ერთია და მოკლე და კარგი წიგნების სია კი უბრალოდ უსასრულო…”

წიგნი, რომლის ავტორობასაც სიამოვნებით დავიბრალებდი

იმ პირველი წიგნიდან მოყოლებული, რომელიც ზემოთ უკვე ვახსენე, ყველა იმ წიგნის ავტორობას დავიბრალებდი ალბათ, რომელიც მომწონებია და ასეთი, საბედნიეროდ, ბევრია, მაგრამ ყველა იმ სიკეთესაც დავიბრალებდი, რაც კი სამყაროში არსებობს და უფრო სწორად კი, თვითონ გავაკეთებდი ბევრ სიკეთეს, მართლა რომ შემეძლოს.

წიგნი, რომელსაც ვურჩევდი ყველას, ვისაც თანამედროვე ქართული ლიტერატურა ჯერ არ შეუყვარებია

თანამედროვე ქართული ლიტერატურის თავდავიწყებით შესაყვარებლად ძალიან ბევრი გამოგვადგება, მაგრამ რამდენიმე თანამედროვე ქართველ მწერალს (ვინც უცებ გამახსენდა), აქვე სიამოვნებით დავასახელებდი: ოთარ ჭილაძე, გურამ დოჩანაშვილი, რეზო ინანიშვილი, ზაირა არსენიშვილი, ჯემალ ქარჩხაძე, ნაირა გელაშვილი, რეზო ჭეიშვილი, აკა მორჩილაძე…

წიგნი, რომელმაც ბოლო დროს განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე

პოლ ვალერის “აზრები”, რომლის თარგმანიც ბაჩანა ბრეგვაძეს ეკუთვნის და რომელიც რამდენიმე წლის წინ “არტანუჯმა” გამოსცა. ყველაზე მეტად გამაოცა იმან, თუ როგორ შეძლო ამ დიდმა პოეტმა ასი წლის წინ დაწერილ ტექსტებში ევროპისა და სამყაროს სულიერი მდგომარეობის განჭვრეტა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი მწერლების წინასწარმეტყველებაში.

წიგნი, რომლის წაკითხვასაც ყველაზე ხშირად ვურჩევ სხვებს

რასაკვირველია, “ვეფხისტყაოსანი,”, რომელსაც სკოლებში, სამწუხაროდ, დღემდე ისე ასწავლიან, რომ მერე, სკოლის დამთავრების შემდეგ, ამ გენიალური წიგნისკენ გახედვაც აღარ უნდათ საზეპიროების შიშით. მე არ ვიცი რამდენად ცუდია ან კარგი დაზეპირება, მაგრამ მხოლოდ დაზეპირება იმის, რაც არ გესმის და არავინ გიხსნის, ძალიან ცუდია. არადა შოთა რუსთაველმა ჯერ კიდევ მეთორმეტე საუკუნეში ამოიცნო ყველაფერი, რასაც, მაგალითად, ხსენებული პოლ ვალერი მხოლოდ მეოცე საუკუნეში მიხვდა. შოთა რუსთაველი უსასრულო მოვლენაა და რატომ უნდა ვასრულებდეთ მას სკოლის დამთავრებასთან ერთად?

ბევრისთვის საყვარელი წიგნი, რომლითაც მე ვერ აღვფრთოვანდი

წიგნი სამყაროს ყველაზე ზღაპრული გამოგონებაა და იმდენად ჯადოსნური, რომ ნებისმიერი წიგნი ნებისმიერმა მკითხველმა შეიძლება სულ სხვაგვარად წაიკითხოს და არა ისე, როგორც სხვები კითხულობენ. ასე დამემართა ბავშვობაში, როცა ჩემი კლასელების უმრავლესობა აღფრთოვანდა ალექსანდრე დიუმას “სამი მუშკეტერის” გამო და მე კი ამ წიგნმა არც კი დამაინტერესა და საკმაოდ დაგვიანებით (კაი მუტრუკი რომ ვიყავი უკვე), მაშინ წავიკითხე. თუმცა ასეთი რამ, მერეც ბევრჯერ დამემართა და ახლაც მემართება ხოლმე და საყვარელ წიგნებს იმის მიხედვით კი არ ვირჩევ, სხვებს როგორ მოსწონთ, არამედ იმის მიხედვით, თუ ჩემი გულისა და გონების დაპყრობას რომელი ახერხებს.

იდეათეკა საქართველოს ბანკის გამორჩეული საგანმანათლებლო პროექტია, რომლის ფარგლებშიც საქართველოს რეგიონების ათეულობით სკოლაში მულტიფუნქციური სივრცეები ეწყობა და ასე იქმნება განათლების შესაძლებლობები მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება – მოსწავლეებისთვის. თანამედროვე ტექნოლოგიურ ინსტრუმენტებთან ერთად, იდეათეკა, პირველ რიგში, აღჭურვილია ლიტერატურული საკითხავის მრავალფეროვანი არჩევანით. წიგნები იდეათეკიდან კი ჩვენი ბლოგების სერიაა, სადაც ლიტერატურის ყველაზე დიდი ქომაგები ნებისმიერი ასაკის მკითხველს საყვარელი წიგნების შესახებ უყვებიან.