(მონოლოგი)
მახსენდება ზამთარი, ნაადრევად ჩაბნელებული ქუჩები, უფროსკლასელების მიერ წითელი ყელსახვევების სკოლის მესამე სართულიდან გადაფრიალება, „ნასაბჭოთაკავშირალი“ და „ახლად გათავისუფლებული“ ნაცრისფერი თბილისი, ილუზორული დამოუკიდებლობის ხიბლში გახვეული, სადაც ნავთის სუნით აქოთებულები, ლანდებივით მივაბიჯებდით ქუჩებში და „დამოუკიდებელ საქართველოს გაუმარჯ-ოოს!“ – ომახიანად გაისმოდა ჩვენი ბავშვური სიყვარულებიდან და ჩვენც, და ჩვენზე უფროსებსაც გვჯეროდა, რომ როგორც იქნა მოვასწარით და გავთავისუფლდით, როგორც იქნა მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, რომელსაც ხმის იოგების ჩახლეჩვამდე ვხაოდით და ჯერ არ ვიცოდით, რომ კიდევ დიდხანს, სათამაშო ავტომატების თაობას საბჭოთა კავშირის ნანგრევებქვეშ მოგვიხდებოდა ცხოვრება.
ჩემი გონება სკივრია, უამრავ მნიშვნელოვან და შედარებით არასაჭირო ამბავს ინახავს, როგორ დავახარისხო? ცხრა წლის, ლიტერატურით შეპყრობილი ბავშვისთვის, დიახ, არსებობდნენ ავტორიტეტები, სულ მჯეროდა, რომ ადამიანს, რომელიც „ქმნადობითვის“ არის დაბადებული, სიკეთის გარდა, არაფრისთვის რჩება ადგილი, მით უფრო საკუთარი კეთილდღეობის გამო სხვისი დაზიანებისთვის. იდეალიზმია? – რა თქმა უნდა, სასაცილოც. ძალიან მალე გაისმა საბედისწერო სიტყვათა შეთანხმება: წითელი ინტელიგენცია, და დაიწყო კიდეც ამ „ავტორიტეტების“ ნგრევა. ახლა ეს ყველაფერი ბევრად მარტივი და ბევრად სასაცილოა, მაგრამ მაშინ თვალებგაფართოებული შევყურებდი, როგორი თავგანწირვითა და სიჯიუტით ცდილობდნენ ადამიანები „კუთვნილი“ ძალაუფლების და მონოპოლიების შენარჩუნებას. ტელევიზორში „ვიღაცები“ გამოდიოდნენ, ძირითადად ყვიროდნენ და ჩხუბობდნენ. უმეტესობა სახეზე წითელი იყო. მას შემდეგ მძულს წითელი. იქნებ იმიტომ, რომ ჩემს ქვეცნობიერს ახსოვს, როგორ ყვაოდა წითელი ტყემალი ჩემი მეზობლის თბილისთან ახლოს მდებარე სოფელში, სადაც ერთხელ ხილის დასაკრეფად ჩავიპარეთ და დაგვიჭირეს?!
მეხსიერებას ვაიძულებ, იფიქროს. არსებობს ასეთი დიაგნოზი – თანამდებობის პირი. კოლექტივის პატარა მამა – მიხრა-მოხრით, ლექსიკით, აუცილებლად სათქმელი სადღეგრძელოებით, სამშობლოს აღმატებული სიყვარულით, ეკლესიების მშენებლობაში ფულის ჩადებით, სასიქადულო და გამოსაჩენი ოჯახით, ფოტოებით: ღარიბებთან, მშივრებთან, გასამრჯელოს მომლოდინეებთან. ასეთებს განსაკუთრებული ვნება შემოქმედი ადამიანების მიმართ აქვთ, ვისაც ნაწილობრივ, თანამდებობრივად თუ ფინანსურად დაიქვემდებარებენ. საბჭოთა იდეოლოგიამ მოახერხა განათლების სფეროს მარგინალიზაცია. თუ მანამდე მასწავლებლები, ლექტორები, ექიმები, მეცნიერები იყვნენ ის ადამიანები, რომლებსაც საზოგადოება უსმენდა – რაციონალური ხალხი, ნელ-ნელა მოხდა ამ ჯგუფის ჩანაცვლება ეგრეთ წოდებული, „ელიტით“, რომელიც მწერლების, რეჟისორების, მხატვრების და აწ უკვე მომღერლებისგან შედგება. სისტემამ თავისი საკუთარი „ელიტა“ შექმნა, რომელიც ქვეყნის სადავეებს დაიჭერდა, საკუთარი თავის უპირატესობას დაიჯერებდა, გუბერნატორებს დანიშნავდა და ამავე დროს, მარიონეტად დარჩებოდა. ხელოვნური სტაგნაცია – მართვისთვის და მორჩილებისთვის. ინტელიგენცია – საყვირი; სასარგებლო მოქალაქე; აპოლოგეტი.
მერე იყო ომი: გარეთ და შინ. მახსოვს, როგორ ვიწექი ავტომატებსა და ხელყუმბარებზე, რომლებსაც ლეიბქვეშ ვმალავდით და მეშინოდა – არ აფეთქებულიყო. თავგანწირვა – კიკინინებიანი „საბჭოთა გოგონასთვის“, რომელიც რამდენიმე წლით ადრე მერაბ კოსტავას სახლის ეზოში ლექსებს გაუბედავად კითხულობდა – ეს იყო სამშობლო.
ვინ ვინ გარყვნა?!
საბჭოთა კავშირის მეორე ნახევრის იდეოლოგიამ, რომელმაც შემოქმედი ადამიანები სასათბურე პირობებში აცხოვრა და აიძულა ძლევამოსილების მანტიით შემოსილიყვნენ, თუ „დამოუკიდებელმა“ დღევანდელობამ, რომელმაც მათ ეს ილუზორული ძალაუფლება შეუნარჩუნა და ფინანსური კეთილდღეობის სანაცვლოდ, საყვირის გამოყენების აუცილებლობა გაახსენა?!
რომელი მარში დავუკრათ?
ხმამაღლა? არც ისე?
– ამხილე, ამხილე! – ისმის და ხვდები, როგორ გითვალთვალებენ ვიღაცის თვალები ყველგან: ქუჩაში, სადარბაზოებში, ღამის კლუბებსა თუ თუნდაც სახლში, როცა საყვარელი სერიალის საყურებლად მოკალათდები.
– თქვი, თქვი! ყველაფერი თქვი, არაფერი დამალო! ვინ როდის გაფინა საცვალი, რა ფხვნილით გარეცხა, ვინ ჰყავდა სტუმრად. თუ ყველაფერი ვერ დაინახე, მოიგონე! დუმილი დანაშაულია! დაწერე, „ჩაუშვი“, პრემიას გამოგიწერთ! თუ ვერ დაინახე, ისიც მოყევი! არ დაჩაგრეს? არ მოიპარეს? კარგად ვერ დაგინახავს!
ამხილე, ამხილე!
„მხილება უნდა იყოს კეთილსინდისიერი და ემსახურებოდეს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის პრევენციას, გამოვლენას ან აღკვეთას ან/და საჯარო ინტერესის დაცვას“, – ვკითხულობთ საჯარო სამსახურის ბიუროს საიტზე.
უცნაურია, „მხილებას“ მხოლოდ „ჩაშვების“ შემთხვევაში აქვს დაფასება. სხვა შემთხვევაში, თუ ძალადობას შეესწარი, თავად გახდი მსხვერპლი ან თუნდაც ძალადობის მსხვერპლის დახმარება სცადე, იქნებ სამსახურიდან უმიზეზოდ გათავისუფლებულს დაეხმარე ან კიდევ ბევრი რამ – უკვე პრობლემების სათავეა.
– გაიარე, ვითომ არ დაგინახავს, გაიარე! პირში წყალი ჩაიგუბე! მოკლეს? დადუმდი! ჩუმად იყავი! „ზევიდან“ დარეკეს! არ გამოვა ეს საქმე!
ეს მენტალობა კიდევ დიდხანს იქნება საკვები „ანონიმკების“ ქვეყნისთვის, სადაც „წითელი ინტელიგენციის“ გადმონაშთები კვლავ უზარმაზარი რეპუტაციითა და გავლენებით სარგებლობენ.
თავად შევეჯახე ამას, თავადვე მოვხვდი „გავლენებისა და ძალაუფლების“ იმ ლაბირინთში, „ანგარიშგასაწევი“ ადამიანების სადიდებლად რომ გამოიგონებენ ხოლმე და ამ ყველაფერმა, ფაქტზე კი არა, იმ ზოგად ფონზე დამაფიქრა, დღევანდელობაშიც ასეთი აქტუალური რომაა. და გამახსენდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნათქვამი სიტყვები: „მეტი მუშაობაა საჭირო ინტელიგენციასთან… საქართველოში არ არსებობს პარტიული მუშაობა ინტელიგენციასთან მუშაობის გარეშე“, – ედუარდ შევარდნაძე 1989 წელი. 12 აპრილი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ტაში!
ასეც შეიძლებოდა: – გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! და მათ, ვისაც უფლება აქვთ ქვეყნის სახელით ილაპარაკონ! ქვეყანა ინტელიგენციაა! ინტელიგენცია – ქვეყანა! ვაშა! ვაშა! ვაშა! (ხანგრძლივი ტაში.)
ის ცხოვრებისეული სიკეთე, საბჭოთა კავშირი „თავის ინტელიგენციას“ რომ სთავაზობდა – ძნელი დასათმობი გახდა. ამ ყველაფერში ერთი დიდი სევდაცაა: მარიონეტის სევდა, თავი რომ თავისუფალი ჰგონია და ამ „თავისუფლების“ სანაცვლოდ, „ძლიერნი ამა სოფლისანი“ ქალაქიდან – ქალაქში, ფორმაციიდან – ფორმაციაში, პოლიტიკიდან – ძალაუფლებაში დააკონწიალობენ. დღესაც შეხვდებით მათ: ფორმაციებზე ომახიანად მიკედლებულებს, „დამსახურებული“ ორდენებით, „პაგონებით“, ცხოვრებებით. კიდევ რამდენიმე თაობაა საჭირო სისხლის გამოსაცვლელად, რომ საბჭოთა კავშირი, როგორც სახელმწიფოებრივი ფორმაცია კი არა, როგორც იდეოლოგია, მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენ დაბადებიდანვე მივიღეთ და ქვეცნობიერად გადავეცით ჩვენი შვილების ცხოვრებებს, ბაღში მუხლებზეხელებდაწყობილ ფოტოებსა თუ სამსახურებრივ წარმატებებში რომ კრთება, – როგორღაც დასრულდეს. მე – საბჭოეთს გამოქცეულმა და იმავდროულად, მისმა უმცროსმა ქალიშვილმა ეს ნაწილობრივ შევძელი! მიუხედავად იმისა, რომ დღემდე ზურგით ნაცრისფერი და ნატყვიარი ქალაქის ლანდს დავათრევ და პერიოდულად თავს მახსენებს: „პედრო, დონალდო, დონალდო, პედრო, პედრო“, შოკოლადის კვერცხი, ჩეკებზე ნაყიდი კაბა, ხელიდან ხელში გადასული კასეტები, რომლებსაც მერე „მანიკურით“ ვაწებებდით და კიდევ ბევრი ბავშვური რამ, რაც იმ დროსა და ამბავში გადარჩა.
„ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომლებიც გარედან კი ასუფთავებთ სასმისსა თუ ჯამს, მაგრამ შიგნით სავსეა მტაცებლობით და უსამართლობით. 26-ო ბრმა ფარისეველო, ჯერ შიგნიდან გაასუფთავე სასმისი და ჯამი, რომ გარედანაც სუფთა იყოს“, – (მათეს სახარება „მწიგნობართა და ფარისეველთა მხილება).
ფარდა.