არჩევნებს ვუახლოვდებით და მდგომარეობა უფრო და უფრო მძიმდება. სათქმელი ბევრია, თუმცა, იძულებული ვარ, სიტყვები კარგად შევარჩიო: ვაითუ, ნიჰილიზმი კიდევ უფრო გავაღვივო ვინმეში; ვაითუ, ვაფიქრებინო, უცხოეთში გაქცეული ჭკუას გვარიგებსო; ვაითუ, ხელისუფლების წისქვილზე წყლის დასხმა დამწამონ (“ახლა ოპოზიციისა და NGO სექტორის კრიტიკის დრო არ არის”) და სხვ. მთავარი კი მაინც ისაა, რომ დარწმუნებული უნდა ვიყო: რასაც ვწერ, რასაც ვამბობ, აუცილებლად სათქმელია, რადგან თუ რამეა ღვთაებრივი ჩემთვის, უპირველესად, სიტყვაა, მწამს მისი ძალისა და ვუფრთხილდები.
თუ არ მჯერა იმისა, რასაც ვამბობ, მირჩევნია, საერთოდ არ ვთქვა. მაგრამ, დუმილიც მაშინებს! იქნებ, ჩემი ძველი აკვიატების ბრალია, ბავშვობიდან რომ მგონია, ვიღაცების ხმა ვარ თითქოს, ხმა იმათი, ვისაც ჩემნაირი სათქმელი აქვთ, მაგრამ მიზეზთა გამო ჩუმად არიან. დღეს კი უფრო და უფრო იზრდება მდუმარეთა რიცხვი, მათ შორის, იმათ რიგებში, რომელთა ხმაც ყოველთვის ყველაზე მქუხარედ ისმოდა, ამიტომაც ვწერდი ამას წინათ: სტრატეგიული დუმილის კი არა, სტრატეგიული ხმაურის დროა – მეთქი!
ჩვეულებრივ, როგორც აქტივისტს, ქვეყანაში არსებულ ყველა უსამართლობაზე მჩვევია პროტესტის გამოთქმა, უკანასკნელ თვეებში კი ვგრძნობდი, ინერციით მიწევდა ამა თუ იმ ამბის გაპროტესტება, ასეთი კი მრავლად დაგროვდა: “რუსული კანონის” პროტესტისთვის დღემდე პატიმრობაში მყოფი ახალგაზრდები, სოფელ შუქრუთის მაღაროელები, საჯარო სამსახურებიდან პოლიტიკური ნიშნით განთავისუფლებული ადამიანები, გელათის წინააღმდეგ ანტიკულტურული და ანტისახელმწიფოებრივი მოპყრობა, კინოცენტრისა და ეროვნული მუზეუმის თანამშრომელთა დევნა, აქტივისტების ემიგრაციაში იძულებით წასვლა, “ევოლუშენში” დასაქმებულები, სია უსასრულოა… რასაკვირველია, თითოეულ მათგანს ვეცნობოდი და მქონდა თანაგანცდა, მაგრამ არ მწამდა იმისა, რის დაწერასაც ვცდილობდი. ეს ჩემთვის ღალატის ტოლფასია, სიტყვის ღალატის, საკუთარი თავის ღალატის. მივხვდი, რომ რაღაც რადიკალურად შეიცვალა და წერის კი არა, ცალსახა არჩევანის დრო დადგა… სწორედ ეს არჩევანი მგონია, ამჟამად, ერთადერთი გამოსავალი არსებული მდგომარეობიდან, და ამ არჩევანს ხელისუფლების შეცვლა ჰქვია. უნდა ვიფიქროთ, ვილაპარაკოთ, (განსაკუთრებით, შინ), ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ არჩევნებზე რაც შეიძლება ბევრი ადამიანი მივიდეს და არ დავთმოთ ჩვენი ხმა, ჩვენი არჩევანი, ამ ქვეყნის გადასარჩენად, – ყოველგვარი პათეტიკის გარეშე.
ზემოთ ჩამოთვლილი და სხვა არაერთი პრობლემის საპასუხოდ, მინის კოლბაში შემალული ვირთხა, რომელსაც სურს, თავის ხატად და მსგავსად, ანუ სულგაყიდულ მონებად და საცდელ ვირთხებად აქციოს მთელი ქვეყანა, ამომრჩეველს ჰპირდება ოპოზიციისა და ჰომოსექსუალების აკრძალვას. ამას კი, როგორც არ უნდა შეფუთონ, (ვნახეთ უკვე ეგ კინო რუსეთში, თუ როგორ “დაიცვეს ოჯახები და ბავშვები”), სინამდვილეში, ფაშიზმი ჰქვია და იმდენად საგანგაშოა, სალაპარაკოდაც არ ღირს, ანკი რა უნდა თქვა?! სიძულვილი, დევნა და ფაშიზმი, რომელსაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საამებელი დუმილით ეგებება. სწორედ ამათზეა ნათქვამი გრიგოლ ღვთისმეტყველის სიტყვები: “დუმილით გაიცემა ღმერთი!”
უამრავი ადამიანი მწერს, რომ თუ ისევ ეს მთავრობა დარჩება ხელისუფლებაში, ქვეყანას დატოვებენ. რომ ხალხს ბარგი ჩალაგებული აქვს და არჩევნების შედეგებს ელის. ცხადია, მე არ შემიძლია, ვინმეს მოვუწოდო, დარჩეს ან წავიდეს ქვეყნიდან, მით უმეტეს, მაშინ, როცა თავად უსაფრთხო ქვეყანაში ვცხოვრობ, მანდ კი არაერთმა ადამიანმა უსამართლოდ დაკარგა სამსახური, ბევრის მდგომარეობა სრულიად გაურკვეველია, ანკი სამსახურს ვინ ჩივის, უამრავი ადამიანის ფიზიკური უსაფრთხოება დგას კითხვის ნიშნის ქვეშ, “რუსული კანონისა” და ე.წ. “ანტიგეი კანონის” დამსახურებით. მაგრამ, შემიძლია, დაბეჯითებით ვთქვა ერთი: უცხო ქვეყანაში მომენტალურად წასვლა და თავის დამკვიდრება არც ისეთი იოლია, როგორც ეს ბევრს წარმოუდგენია. ასეც რომ არ იყოს, სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ ახლა, ქვეყნის შიგნით თუ მის გარეთ, უნდა გესმოდეთ, რომ ეს არჩევნები ეგზისტენციალური მნიშვნელობისაა. რაც დრო გავა, მეტად დარწმუნდებით ამაში. თუკი ხალხი არ დაეჭვდება საკუთარ შესაძლებლობაში, თუკი მაქსიმალურად ვიაქტიურებთ არჩევნებზე, ხელისუფლების შეცვლა შესაძლებელი იქნება. ამ მთავრობის პროპაგანდის მთავარი მავნებლობა სწორედ ის მგონია, რომ ნიჰილიზმთან ერთად, ეჭვი გაუღვივა ხალხს, ეჭვი იმისა, რომ ძალაუფლება მხოლოდ ხელისუფლების ხელშია. ნუ დაგვავიწყდება ჩვენი ახალი და უახლესი ისტორია, ნურც პირველი რესპუბლიკის მიღწევები და გამოცდილება, ნურც შემდგომი დამოუკიდებლობის მოპოვება, ნურც ჯენზის მოულოდნელი და შთამბეჭდავი როლი სამოქალაქო ცხოვრებაში, რომელიც ამ არჩევნებზეც უნდა გამოჩნდეს, და რაც მთავარია, ნუ დაგვავიწყდება: “წინამძღოლები მოკვდავნი არიან, რესპუბლიკა უკვდავია!” (Principes Mortales, Res Publica aeterna!”).
ნუ დაგვავიწყდება ხმა გამარჯვებული ფეხბურთელებისა, რომლებიც შეგვახსენებენ ხოლმე: “მე ვარ საქართველო!”
დღეს, როცა, ფაქტობრივად, ყველა ინსტიტუცია მიიტაცა, გაანადგურა ან დაასუსტა ხელისუფლებამ, ეს სიტყვები და ქართული ფეხბურთი გვაჩვენებს ყველაზე ცხადად, თუ როგორ უხდება საქართველოს ევროპულობა და გამარჯვება – თანასწორთა შორის!
ნურც დიდ პოეტს დავივიწყებთ, ყოველ ჯერზე რომ გვამხნევებს:
“გაჯავრდი და
განაწყენდი,
ხმამყივარი შეიქენი,
სხვისი არავისი არის,
საქართველო არის შენი!”
საქართველო არის შენი, ყველგან, სადაც არ უნდა იყო!
წადი არჩევნებზე! მხოლოდ შენს არჩევანს შეუძლია სამშობლოს, ანუ შენივე მომავლის გადარჩენა!